USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნაბიჯ-ნაბიჯ ვხსნით ჩვენს ენერგობაზარს, რაც სწორი სტრატეგიაა - მაია მელიქიძე

ნაბიჯ-ნაბიჯ ვხსნით ჩვენს ენერგობაზარს, რაც სწორი სტრატეგიაა - მაია მელიქიძე

2024-06-04 11:00:00

ნაბიჯ-ნაბიჯ ვხსნით ჩვენს ენერგობაზარს, რაც სწორი სტრატეგიაა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ 1-ელ ივლისს ენერგეტიკული ბირჟის ეტაპობრივად გახსნის საკითხის შეფასებისას განუცხადა.

„აქამდე ყოველთვის იყო საუბარი ენერგეტიკული ბირჟის სრულ გახსნაზე, თუმცა ვერ მოხდა ხედვის ჩამოყალიბება დაბალანსებასთან დაკავშირებით. ანუ უბალანსობის ბაზარზე ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი და ვისი ვალდებულება იქნებოდა ამ ბაზარზე გამოწვეული ხარჯის გადახდა, ეს საკითხი რჩებოდა ღია. განიხილებოდა რამდენიმე ვერსია, ერთი მოდელი შემუშავებული იყო სახელმწიფო ელექტროსისტემის მხრიდან, მეორე სემეკისგან, მესამე კი იყო ესკოს მოდელი. სამივე მხარე რამდენიმე თვის განმავლობაში მსჯელობდა და ბოლოს ჩამოყალიბდნენ, რომ 2024 წლის 1-ელ ივლისს, მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრები ამოქმედდება შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში. ანუ ენერგეტიკულ ბირჟაზე გამოვა ის, ვისაც სურვილი ექნება. ეს სურვილი გაჩნდება მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე და კონკურენტული ფასის შესაბამისად“, - ამბობს მაია მელიქიძე.

მისი ინფორმაციით, დაბალანსების ვალდებულების, საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრები უკვე 2025 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

„ნაბიჯ-ნაბიჯ ვხსნით ჩვენს ენერგობაზარს, რაც სწორი სტრატეგიაა. ცივილურ სამყაროს 10 წელი დასჭირდა თავისუფალი ენერგობირჟის შესაქმნელად. ჩვენი მხრიდან თეორიულად სრულად არის შესწავლილი საკითხი. ბუნებრივია, ამას რისკები ახლავს, ამ რისკების ჰეჯირებაზეა დღეს საუბარი, მაგრამ აუცილებლად უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯი, რომ ეს ბაზარი ამ ფორმით გავხსნათ. პირდაპირ გეტყვით, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პირველ ივლისს ენერგეტიკული ბირჟა ეტაპობრივად გაიხსნება და შეცდომების დაშვების შემთხვევაში ვითარება იქნება დაბალანსებული და რისკები ჰეჯირებული. შემდეგ ჩვენ ენერგოსექტორის წარმომადგენლები დავაკვირდებით 6-8 თვის განმავლობაში რისკებს, თუმცა ყველანაირი შემთხვევა გვაქვს განხილული, რაც არსებობს როგორც განვითარებულ, ისე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში.  ყველა სპეც-ტესტი თეორიულად გავლილია“, - ამბობს მაია მელიქიძე.

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორის შეფასებით, ენერგეტიკული ბირჟის გახსნა კერძო სექტორისთვის საკმაოდ საინტერესო შესაძლებლობაა.

„ისინი ნახავენ თუ როგორ ხდება ფასის ფორმირება ბაზაზე და ბუნებრივია, აუცილებლად იქნება დაინტერესება ინვესტორების მხრიდან, რადგან ბაზარზე არსებული თამაშის წესები ძალიან გამჭვირვალეა, ობიექტური, კონკურენტუნარიანი და მთელ ამ პროცესს მონიტორინგს გაუწევს  ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ფარგლებში არსებული ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი“, - ამბობს მაია მელიქიძე.

ენერგეტიკული ბირჟის გახსნამდე პირველი შეხვედრა  კერძო სექტორთან 5 ივნისს შედგება, სადაც ბაზრის მოთამაშეები პირველად მოისმენენ ენერგეტიკული ბირჟის ამ ფორმით გახსნაზე ინფორმაციას.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები