თბილისის სააპელაციო სასამართლომ კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ „კავკასუს ონლაინის“ წილის კომისიის თანხმობის გარეშე შემძენის, ნასიბ ჰასანოვის სარჩელი არ დააკმაყოფილა და კომუნიკაციების კომისიის პოზიცია დაადასტურა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
სააპელაციო სასამართლომ კომუნიკაციების კომისიის განცხადებები პატივისა და ღირსების შემლახავად არ ცნო და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა.
საქმე ეხება 2019 და 2020 წლებში „კავკასუს ონლაინის“ წილების უკანონო გასხვისებას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ავტორიზებული პირი ვალდებულია წილების გასხვისების შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიისგან წინასწარი თანხმობა მიიღოს, რომლის გვერდის ავლითაც, ნასიბ ჰასანოვმა ჯერ კომპანიის არაპირდაპირი 49%-იანი წილი არაკანონიერად შეისყიდა.
მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ 49%-იანი წილის გასხვისებისთვის არაერთი ფინანსური ჯარიმა დააკისრა, ნასიბ ჰასანოვმა 2020 წლის აგვისტოში „კავკასუს ონლაინის“ 51%-იანი წილიც კვლავ კომუნიკაციების კომისიის გვერდის ავლით არაკანონიერად შეიძინა.
საქართველოს კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით, საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით, ComCom-ის მხრიდან გაკეთდა რამდენიმე საჯარო განცხადება, რის შემდეგაც ნასიბ ჰასანოვი კომუნიკაციების კომისიას პატივისა და ღირსების შელახვას ედავებოდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომუნიკაციების კომისიის განცხადებები კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას ისახავდა მიზნად, რათა „კავკასუს ონლაინთან“ დაკავშირებით საზოგადოებისთვის თავის არგუმენტირებული ხედვა გაეზიარებინა.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა