ტექინსპექტირების რეგლამენტიდან პირობების ნაწილის ამოღებით მძღოლებს დაახლოებით 100 ლარზე მეტი დაეზოგებათ. ამის შესახებ Business Insider Georgia -თან საუბარში „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარემ ვაჟა იორდანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ვალდებულების შედეგად ავტომფლობელებს დამატებით ხარჯები დაეკისრებოდათ. „მთავრობამ ტექინსპექტირების პირობების ნაწილის გამკაცრებაზე უარი თქვა და სწორადაც მოიქცა. როგორც იცით, მსუბუქ ავტომობილებში ცეცხლმაქრის, მინი-აფთიაქის და საავარიო სამკუთხედის ქონის ვალდებულება, რომელიც 2025 წლამდე იყო გადავადებული, რეგლამენტიდან საერთოდ ამოიღეს. სავარაუდოდ, საჭიროდ არ ჩათვალეს, რომ ამ ნივთების მანქანაში ქონა უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტია, რაც საბოლოოდ მძღოლებს ხარჯს მნიშვნელოვნად შეუმცირებს.
კერძოდ, ცეცხლმაქრი დაახლოებით 50 ლარი ღირს. სააფთიაქო ყუთი, უსაფრთხოების სამკუთხედი 50-60 ლარი ჯდება. მთლიანობაში, საგრძნობი შეღავათია, ამით მძღოლები 100 ლარზე მეტს დაზოგავენ", - ამბობს იორდანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და 3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექინსპექტირება 100 ლარი, განმეორებითი ინსპექტირება 30 ლარი ღირს; დანარჩენ შემთხვევებზე პირველადი ინსპექტირების საფასური 60 ლარია, განმეორებითის 20 ლარი.
M1 კატეგორიის ელექტრომობილებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასური განისაზღვრა 48 ლარით, ხოლო განმეორებითი ინსპექტირების საფასური 15 ლარით.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი