USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ის პროგნოზით, წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალი იქნება

სებ-ის პროგნოზით, წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალი იქნება

2023-03-29 12:26:37

სებ-ის პროგნოზით, წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალი იქნება. ამის შესახებ სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს განაკვეთი 11%-ზე შეინარჩუნა.

„მიუხედავად დასტაბილურების გარკვეული ნიშნებისა, ინფლაცია ჯერ კიდევ გლობალურ გამოწვევად რჩება. საქართველოში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი კვლავ მაღალია, თუმცა შემცირებას განაგრძობს. თებერვალში მთლიანი ინფლაცია 8.1 პროცენტამდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 6.6 პროცენტამდე შემცირდა.

ინფლაციის კლებას, ძირითადად, საგარეო ფაქტორები განაპირობებს. კერძოდ, ბოლო პერიოდში, ნავთობის საერთაშორისო ფასი მცირდება. საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულებაც პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. ასევე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანახმად, სურსათის საერთაშორისო ფასების ინდექსი კლებას განაგრძობს. გამყარებული გაცვლითი კურსის ფონზე აღნიშნული ტენდენციები საქართველოს ბაზარსაც ეტაპობრივად გადმოეცემა და იმპორტულ ინფლაციას ამცირებს. მიუხედავად გარკვეული შემცირებისა, საბაზო, ისევე როგორც ადგილობრივი ინფლაცია, კვლავ მაღალია.

მთლიანი ინფლაციის შემცირებას კი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და ფისკალური კონსოლიდაცია უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ამოქმედებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტებისა და გლობალურად ფინანსური პირობების გამკაცრების შედეგად, საკრედიტო აქტივობის ზრდა შენელდა. ეს, თავის მხრივ, ერთობლივი მოთხოვნის დასტაბილურებასა და, შესაბამისად, ინფლაციის დაღმავალი ტრენდის შენარჩუნებას დამატებით უწყობს ხელს.

ზემოაღნიშნულის ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციური მოლოდინებიც იკლებს. არსებული პროგნოზით, მათ შორის საბაზო ეფექტისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო, წლიური ინფლაცია მნიშვნელოვან შემცირებას გააგრძელებს და სავარაუდოა, რომ წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ დონეზე დაბალი იქნება, რაც გრძელვადიანი მოლოდინების მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

მიუხედავად, ზემოთ აღნიშნული პოზიტიური ფაქტორებისა, არსებული მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია. ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკებიდან საყურადღებოა შრომის ბაზრიდან მომდინარე შესაძლო წნეხი. კერძოდ, ბოლო პერიოდში სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდა ჩამორჩება ხელფასების ზრდის ტემპს.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში ხელფასები წლიურად 21.2 პროცენტით გაიზარდა მაშინ, როდესაც პროდუქტიულობამ მხოლოდ 6.8 პროცენტით მოიმატა. ეს ტენდენცია აისახება ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების ფასებზე, რომელთა ზრდის ტემპი კვლავ მაღალია და 13.8 პროცენტს შეადგენს,"- ნათქვამია სებ-ის გადაწყვეტილებაში.

იმავე თემაზე: 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები