როდესაც ვსაუბრობთ ექსპორტის ზრდაზე ეს ავტომატურად ნიშნავს მეტი დღგ-ს შექმნას, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. რუბრიკის მთავარი თემა კი დღეს საგარეო ვაჭრობა და ექსპორტ/იმპორტი იყო.
„Business Insider Georgia-ში ჩვენ გავაკეთებთ საგარეო ვაჭრობის ანალიტიკას. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ექსპორტის ზრდის მაჩვენებელს, რაც განსაკუთრებული ფაქტორია რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარე.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ექსპორტის ზრდაზე - ეს ავტომატურად ნიშნავს მეტი დღგ-ს შექმნას, ანუ მეწარმეები იღებენ მეტ შემოსავალს. რაც კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია და ბოლო პერიოდში საკითხი მეტად აქტუალური იყო და ეხებოდა ლარის კურსის თემას.
ექსპორტის ზრდა ავტომატურად ნიშნავს მეტი უცხოური ვალუტის შემოდინებას. მეტი უცხოური ვალუტის შემოსვლა კი ავტომატურად ნიშნავს ლარის დამატებით გამყარების ტენდენციას. ჩვენ ვნახეთ ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა, ვუყურებთ ექსპორტიდან შემოსავლების ზრდას, საბოლოო ჯამში ეს არის ფუნდამენტური ფაქტორები, სადაც ხაზს ვუსვამთ, რომ პანიკას კი არ უნდა დავაკვირდეთ არამედ იმ ფუნდამენტურ ფაქტორებს, რომელიც გვაქვს.
საინტერესოა იმპორტის კუთხით რომელ ქვეყნებზეა საქართველო დამოკიდებული. ხშირად არის ხოლმე გარკვეული ტიპის სპეკულაცია საქართველოს რუსეთთან დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.
საქართველოს იმპორტის 26,5% დამოკიდებულია ევროკავშირის ქვეყნებზე. ანუ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი იმპორტის ნაწილში არის ევროკავშირი. რაც შეეხება დსთ-ს წევრების წილს 20,7%-ია. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მეზობელი სავაჭრო პარტნიორები - აზერბაიჯანი და სომხეთი დსთ-ს წევრი სახელმწიფოებია. აზერბაიჯანის ნაწილში კი ნავთობპროდუქტების როლი მნიშვნელოვანია.
ექსპორტის ნაწილში ვითარება ოდნავ განსხვავებულია, ქვეყნის ექსპორტის მხოლოდ 9,1%-ი მოდის ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე.
ხაზი მინდა გაუსვათ დსთ-ს ქვეყნების მაჩვენებელს, სადაც საკმაოდ მაღალი მონაცემი - 66.6%-ი ფიქსირდება. თუმცა, აქ მინდა ერთ რამეზე გავამახვილოთ ყურადღება, როცა ჩვენ დსთ-ს ქვეყნებში საქართველოს ექსპორტზე ვსაუბრობთ აქ გასათვალისწინებელია, რომ საქართველო დსთ-ს წევრი ქვეყნების დიდი ნაწილში ახდენს ავტომობილების რეექსპორტს, ანუ საქართველოში შემოდის ავტომობილები, რომელსაც ჩვენ შემდგომ ვყიდით დსთ-ს ქვეყნებში.
ხშირად არის საუბარი იმაზე, თუ რამდენად კარგია, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანას აქვს სატრანზიტო როლი, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანა სავაჭრო ჰაბია, შეუძლებელია, რომ კარგი არ იყოს და არ გვიხაროდეს. რა თქმა უნდა ადგილობრივი ექსპორტი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ადგილობრივი ექსპორტი გულისხმობს რეექსპორტის გამოკლებას, მაგალითად ავტომობილების.
რა არის ის პროდუქტები, რასაც ჩვენ საზღვარგარეთ ვყიდით და ვყიდულობთ:
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 246.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 16.7 პროცენტი შეადგინა.
მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 631.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.5 პროცენტი). საქართველო ნავთობი და ნავთობპროდუქტების იმპორტის კუთხით ფაქტობრივად 100%-ითაა დამოკიდებულია იმპორტზე, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ინფლაციაზე, ვინაიდან ჩვენ მას ვერ ვაკონტროლებთ.
2024 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 933.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.8 პროცენტს შეადგენს.
თუ ერთი წუთით გამოვრიცხავთ მსუბუქი ავტომობილებს ნაწილს ვნახავთ, რომ ექსპორტის ნაწილში ლიდერობენ ყურძნის ნატურალური ღვინოები 156.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.5 პროცენტი) და ფეროშენადნობები 143.0 მლნ. აშშ დოლარით (5.0 პროცენტი).
კარგია, როდესაც ღვინოები არის საქართველოს მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი, მაგრამ ის, რომ ქვეყანას ჰქონდეს მეტი შემოსავალი, ქმნიდეს მეტ დღგ-ს გარდა ე.წ. ტრადიციული ექსპორტისა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ შეძლოს პროდუქციის გამრავალფეროვნება.
სწორედ ამიტომ გვჭირდება მეტი ადგილობრივი კომპანია, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე გავა, მეტ პოზიციონირებას მოახდენს, მეტ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას და იმავდროულად ქვეყნის ცნობადობას გაზრდის“, - აღნიშნა რუბრიკის ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება