USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს შუა დერეფანი ტვირთმფლობელების ძირითადი სამიზნე - მოსაზრება

რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს შუა დერეფანი ტვირთმფლობელების ძირითადი სამიზნე - მოსაზრება

2023-02-19 16:00:23

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილმა Business Insider Georgia-სთან შეაფასა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ტვირთების გადამზიდავი კომპანიები ინტერესი ტრანსკასპიურ დერეფანთან მიმართებით კიდევ უფრო გაიზარდოს.

 

 

გიორგი ჯახუტაშვილის შეფასებით, ამ შემთხვევაში პირველ რიგის ამოცანაა, რომ ტვირთმფლობელებს ფინანსური მოტივაცია გაუჩნდეთ.

„ტვირთმფლობელები უნდა დაინტერესდნენ და გამოიყენონ ეს დერეფანი და თუ მომავალში „ჩრდილოეთის დერეფანი“ კვლავ კონკურენტუნარიანი გახდება, ტრანსკასპიურმა დერეფანმა შეძლოს ტვირთნაკადის შენარჩუნება, რაც მისი სიცოცხლისუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია“, - ამბობს ჯახუტაშვილი.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შუა დერეფანში გადაზიდვების ტარიფის უნივერსალიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

„ეს პირველ რიგში გაამარტივებს ტვირთმფლობელებისთვის გადაზიდვის კალკულაციას და ეს არ იქნება ბუნდოვანი წარმონაქმნი. ამასთან, ამ საკითხის გადაჭრის შემდეგ ბაზარი მონოპოლიებისგან გათავისუფლდება და უფრო გახსნილი გახდება. ტრანსკასპიური დერეფანი რამდენიმე ქვეყნის საზღვარს ფარავს, იცვლება ტრანსპორტის ფორმა და გეოგრაფია. რუსეთის „ჩრდილოეთის დერეფანი“ ბევრად მარტივი იყო, რადგან იქ არის  ერთი ქვეყანა - ერთი ინფრასტრუქტურა.

შუა დერეფნის შემთხვევაში არის ბევრი ქვეყანა და ინფრასტრუქტურა და ამას ემატება ბევრი სატარიფო პოლიტიკა და შიგნით კიდევ მეტი „პოლიტიკა“. შესაბამისად მიდის მუშაობა ინფრასტრუქტურის დაახლოებაზე, სტანდარტიზაციაზე, გამტარუნარიანობის ზრდაზე. თუმცა, თუ ამას ზევიდან არ დაედო სტანდარტული პროცედურები, უნივერსალური ტარიფები და არ გამარტივდა მომსახურება, მაშინ ამ დერეფნის გამოყენება პირველ რიგში ტვირთმფლობელებისთვის გართულდება“, - აღნიშნავს ჯახუტაშვილი.

ბოლო მონაცემით, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ეკონომიკის მინისტრმა გაავრცელა, 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა - 30%ით,  ყაზახეთიდან საქართველოში სარკინიგზო ტვირთნაკადები კი 6-ჯერ გაიზარდა.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი,  იგივე „შუა დერეფანი"  საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთს შემდგომ ევროპის ქვეყნებს უკავშირდება.

დერეფნის ნაწილია „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს.

მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები