20 ოქტომბერს იაშვილის საავადმყოფომ შეაჩერა სტაციონარული პაციენტების მიღება და
რეაბილიტაციის დასკვნით ფაზაში გადასვლა დააანონსა. რა პროცესი მიმდინარეობს
ახლა იაშვილის კედლებს მიღმა და როდის დასრულდება სარემონტო სამუშაოები - ამ
თემაზე კლინიკის დირექტორის, თამუნა ვახტანგაძისა და სამედიცინო დირექტორის,
ივანე ჩხაიძის ინტერვიუს გთავაზობთ.
თამუნა ვახტანგაძე, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორი
„2019 წელს საკმაოდ მასშტაბური, სამწლიანი პროექტის - იაშვილის რეაბილიტაციის
შესახებ დავაანონსეთ. საუბარია რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრის
რეაბილიტაციაზე, რომელიც გარკვეულ დროს საჭიროებდა. შესაბამისად, სარემონტო
სამუშაოები დავიწყეთ ეტაპობრივად. 2019 წელსვე განვაახლეთ გადაუდებელი
მედიცინის განყოფილება, რომელიც აღიჭურვა უახლესი აპარატურით. 2020 წელს
პანდემიის გამო ნაბიჯები ვერ გადავდგით, მაგრამ პროექტის განხორციელება
განვაგრძეთ 2021 წელს, სრულიად შევცვალეთ და ახალ კონცეფციას მოვარგეთ
ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილება, რომელიც ერთ სივრცეში 17
სამედიცინო სერვისს აერთიანებს. 2022 წელს პროექტი დასკვნით ფაზაში გადავიდა და
დაიწყო სტაციონარული ნაწილის განახლება-გარემონტება, რომლის დასრულების
შემდეგ, პატარა პაციენტებს სრულად განახლებულ პედიატრიულ ჰოსპიტალში
მოვემსახურებით.
რაც შეეხება ამბულატორიულ მიმართულებას, ამ პერიოდში ამბულატორიული
პაციენტების მიღება არა 10:00-დან 18:00 საათამდე, არამედ 24/7-ზე მიმდინარეობს.“
ივანე ჩხაიძე, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი
„იაშვილის საავადმყოფო ერთადერთი პედიატრიული, მრავალპროფილიანი
რეფერალური კლინიკაა ქვეყანაში, რომელიც მრავალ უნიკალურ სამედიცინო სერვისთან
ერთად უზრუნველყოფს 24-საათიან სამედიცინო მომსახურებას პრაქტიკულად ყველა
მიმართულებით. მათ შორისაა მე-4 დონის ტრავმატოლოგია, მესამე დონის
ნევროლოგია, ნეიროქირურგია, ნეონატოლოგია, ქირურგია (მე-4 და მე-5 კატეგორიის
ქირურგიული ჩარევებით), ასევე - ტოქსიკოლიგია, ონკოლოგია, ონკოჰემატოლოგია,
თორაკოქირურგია, ენდოსკოპიური უროლოგია, ხელოვნური თირკმელი და სხვა.
სამედიცინო სისტემის რეფორმის დასაწყისიდანვე, იაშვილის პედიატრიული
სტაციონარული სერვისი ქვეყნის ძირითადი ბაზა გახლდათ და საქართველოს
სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხაში იყო შეყვანილი. დღეისათვის ჩვენი
საავადმყოფო 280 საწოლზეა გაშლილი, რაც ქვეყნის პედიატრიული მრავალპროფილური
საწოლ-ფონდის 40%-ზე მეტია.
საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ახალი/გამკაცრებული სანებართვო პირობებია
ამოქმედებული. ამ თვალსაზრისით, ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მოთხოვნები და
ჩვენი სურვილი, რომ განგვეახლებინა საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა, დაემთხვა
ერთმანეთს და ვფიქრობ, ეს ქვეყნისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია. თუმცა
მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისი: აქცენტი გაკეთდება პაციენტზე
ორიენტირებულ, მის კმაყოფილებასა და კომფორტზე დაფუძნებულ სამედიცინო
მომსახურებაზე. ამის ერთ-ერთი მაგალითია 24-საათიანი ამბულატორია, პაციენტისთვის
გამოყოფილი სათამაშო სივრცეები. ამავე მიზანს ემსახურება განახლებული და
სახეშეცვლილი პალატები, ახალი, სპეციალიზებული ავეჯი და ფუნქციური საწოლები
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პაციენტებისთვის, რომელთა მედპერსონალი
გადამზადებულია. გვინდა დავამატოთ ისიც, რომ 2023 წლის დასაწყისიდანვე
დავგეგმეთ მთელი სამედიცინო პერსონალის ტრენირება კომუნიკაციის საკითხებში.
ტრენინგებს საზღვარგარეთიდან მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ.
დარწმუნებული ვართ, 2023 წლიდან ქვეყანა მიიღებს რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო
პედიატრიულ სტაციონარს როგორც ინფრასტრუქტურის, ისე პაციენტთა მომსახურების
ხარისხის მიხედვით“.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება