ა(ა)იპ „ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრმა“ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით დაასრულა სამუშაოები პროექტზე “სამედიცინო ლაბორატორიული სერვისების ხარისხის გაუმჯობესება”, რომლის მიზანია ლაბორატორიული სერვისების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის გარე კონტროლის შედეგებზე და განხორციელებულ კვლევებზე დაყრდნობით მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავება.
პროექტის დეტალებზე და მის შედეგებზე Business Insider Georgia-სთან „ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრის“ ჯანდაცვის პროექტების ხელმძღვანელმა სოფიო ლებანიძემ ისაუბრა.
- როდის დაიწყო აღნიშნული პროექტის განხორციელება ქვეყანაში და რა იყო მისი მთავარი არსი და დანიშნულება?
- პროექტი „ლაბორატორიული სერვისების ხარისხის გაუმჯობესება“ უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და დაფინანსებულია აშშ-ს განვითარების სააგენტოს სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის ფარგლებში. ჩვენი პროექტის მიზანი და ამოცანა იყო, პირველ რიგში შეგვეფასებინა ლაბორატორიული მედიცინის ხარისხი და შეფასების გარდა შეგვესწავლა საერთაშორისო პრაქტიკა, საერთაშორისო გამოცდილება და ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვემუშავებინა ჯანდაცვის სამინისტროსთვის პოლიტიკის რეკომენდაციები. პროექტი ასევე მიზნად ისახავს პოლიტიკის რეკომენდაციების ადვოკატირებას და კიდევ სხვა ღონისძიებებს, რომელიც ლაბორატორიული მედიცინის ხარისხის შეფასების და გაუმჯობესების მიზანს ემსახურება.
- მთლიანობაში რამდენი ლაბორატორია შემოწმდა და რა შედეგები დაიდო? პროექტი განხორციელდა მხოლოდ კერძო ლაბორატორიებში, თუ სახელმწიფო ლაბორატორიებიც დაფარეთ?
- სანამ თქვენს კითხვას ვუპასუხებ მინდა პატარა შესავალი გავაკეთო კვლევით კომპონენტებთან და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით, ამ პროექტის ფარგლებში ჩართული იყო ის კერძო სამედიცინო ლაბორატორიები, რომელთაც გამოთქვეს სურვილი თანამშრომლობის, როგორც დედაქალაქში ასევე სხვადასხვა რეგიონებში. კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პროექტის საწყის ეტაპზევე ჩვენ ინფორმაცია გავუზიარეთ ჯანდაცვის სამინისტროს და პოზიტიური თანამშრომლობაც ჩამოგვიყალიბდა. კერძოდ, პროექტის მიზნები, ამოცანები, მოსალოდნელი შედეგების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო იყო ინფორმირებული და პროექტის მსვლელობისას ჩვენ გვქონდა მჭიდრო კოორდინაცია. რაც შეეხება კვლევაში მონაწილე დაწესებულებების დეტალებს, ხარისხის გარე კონტროლის კვლევა განხორციელდა საკვალიფიკაციო ტესტირების მეთოდით. ტესტირებების პროცესში სულ 46 დაწესებულება მონაწილეობდა, საიდანაც 21 დაწესებულება მდებარეობს თბილისში, ხოლო 25 რეგიონში. სულ ჯამში 1033 პარამეტრზე ჩატარდა კვლევა და ამ კვლევის შედეგებიც ჩვენ დამატებით შეგვიძლია, რომ გავაანალიზოთ. უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა კვლევას თავისი შეზღუდვები გააჩნია და ამის გავრცობა მთლიან სექტორზე იქნება არასწორი თუ სპეციფიკური განმარტებები არ იქნება გაზიარებული. მეორეს მხრივ, კვლევამ აჩვენა ის შედეგი, რა შედეგზე დაყრდნობითაც ჩვენ შეგვილია მწყობრი რეკომენდაციების გაზიარება ჯანდაცვის სამინისტროსთვის. ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანია თავად მონაწილე დაწესებულებების დამოკიდებულება, რომ მათთვის გარე ხარისხის კონტროლი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და დადებითად აფასებენ ამ სისტემის მნიშვნელობას და საჭიროებას ხარისხის უზრუნველყოფის მიზნებისათვის.
- დანახვა პრობლემების რას აძლევს სექტორს და ჩამოყალიბებული რეკომენდაციების შემდეგ რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას თავად ლაბორატორიამ ხარისხის ამაღლების კონტექსტში?
- პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის, რომ გარე ხარისხის კონტროლი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ლაბორატორიული მომსახურების ხარისხი იყოს მაღალი. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ შეუძლებელია ნებისმიერი ლაბორატორია ოპერირებდეს ისე, რომ არასდროს რაიმე სახის ცდომილება არ ჰქონდეს. ანუ აქ საუბარია იმაზე, რომ ლაბორატორიული მომსახურების გარე ხარისხის კონტროლი ეს არის მწყობრი სისტემა იმისთვის, რომ ხარვეზები თუ არსებობს ეს ხარვეზები გამოვავლინოთ და ხარვეზის აღმოფხვრის მეთოდები დავნერგოთ, იმისათვის, რომ ლაბორატორიაში ხარისხი იყოს მწყობრი და ეფექტური. შესაძლებელია, რომ კონკრეტულ ქეისზე ლაბორატორიას ჰქონდეს ერთჯერადი ცდომილება ან ხარვეზი, რეალურად გარე ხარისხის კონტროლი ეხმარება ლაბორატორიულ დაწესებულებას ხარვეზების დანახვაში, აღმოფხვრაში და პროცესების გაუმჯობესებაში. ლაბორატორიული მედიცინა ოპერირებს ჯანდაცვის ბაზარზე კონკურენტულ პირობებში, შესაბამისად მათი ბიზნეს ინტერესია ხარისხის სტანდარტების და გარანტიების არსებობა.
ბევრი ლაბორატორია ოპერირებს ჯანდაცვის ბაზარზე და არსებობს ცალკე მდგომი ლაბორატორიები, არსებობს ამბულატორიებში ინტეგრირებული ლაბორატორიები, ასევე ვიცით, რომ არსებობს ჰოსპიტალურ სექტორი ინტეგრირებული ლაბორატორიები. რა თქმა უნდა პაციენტები ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ ლაბორატორიებს და რა თქმა უნდა გვესაჭიროება ინფორმაცია და გარკვეული გარანტიები როგორც პაციენტს ხარისხთან მიმართებით. ხარისხიანი ლაბორატორიული მედიცინა ასევე სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია, რადგან დიაგნოზის დასმის და სწორი მკურნალობის აუცილებელი საფუძველია.
- როდესაც პაციენტებს გვესაჭიროება ლაბორატორიული კვლევა, ჩვენ ხომ არ ვიცით, რომელი ლაბორატორია რა ხარისხის კვლევას დამიდებს. ასეთ შემთხვევაში რა უნდა გაკეთდეს, რომ ჩემი, როგორც პაციენტის უფლებები იყოს დაცული და მივიღოთ ხარისხიანი ლაბორატორიული კვლევა და არ გვჭირდებოდეს ერთი ლაბორატორიისგან მიღებული შედეგების მერე ლაბორატორიაში გადამოწმება და ზედმეტად ფულის ხარჯვა?
- ჩვენი პროექტის მთავარი მიზანი გარდა რეკომენდაციებისა და მტკიცებულებისა, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა მნიშვნელოვანი აქტივობა იყო ასევე პაციენტების უფლებებს დაცვის კუთხით ცნობიერების ამაღლება. ჩვენ სხვადასხვა აქტივობებს ვახორციელებთ იმისთვის, რომ პაციენტმა იცოდეს როგორ იყოს მისი უფლება დაცული და როგორ მიიღოს ინფორმაცია ხარისხთან მიმართებით. აუცილებელია ცნობიერების ამაღლება საზოგადოების, რომ მათ ლაბორატორიული სერვისები ისე მიიღონ რომ იყონ ინფორმირებულები ხარისხთან მიმართებით. ამისათვის არსებობს საერთაშორისო აკრედიტაციები, მაგრამ ლაბორატორიული მომსახურების სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხის გარე კონტროლი, რასაც ჩვენ საკვალიფიკაციო ტესტირებას ვეძახით და ამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა გააჩნდეს ლაბორატორიას.
- თქვენ ბრძანეთ, რომ ლაბორატორიებში ხარისხის კონტროლი ჩატარდა როგორც თბილისში ისე რეგიონებში, სად უკეთესი ვითარებაა?
- თბილისში და რეგიონებში მართლაც განსხვავებული სურათია, აბსოლუტურად სხვადასხვა შედეგებია. მაგალითად თბილისში კვლევაში მონაწილე ლაბორატორიების 50%-ი იყო ის დაწესებულებები, რომლებმაც ზუსტი პასუხები განსაზღვრეს, მაგრამ მეორე 50%-ს ჰქონდა გარკვეული ცდომილება. რაც შეეხება რეგიონებს, მაჩვენებლები განსხვავებულია, 65%-ს ჰქონდა გარკვეული ცდომილება და 35%-ს გააჩნდა აბსოლუტური შესაბამისობის მაჩვენებელი. კვლევის შედეგად დადგინდა ისიც, რომ გარდა სიზუსტისა ლაბორატორიული მომსახურების ხარისხი დამოკიდებულია ასევე სამედიცინო დაწესებულების ტიპზე.
კვლევის შედეგად დადგინდა ის, რომ სტაციონარებში ინტეგრირებული ლაბორატორიებში ხარისხობრივი შედეგები უფრო უკეთესი იყო, ვიდრე, მაგალითად, ამბულატორიული ტიპის დაწესებულებებში. თბილისში სტაციონარის შემთხვევაში 69%-ში იყო სწორი, დადებითი შედეგი, მაგრამ ამბულატორიის შემთხვევაში ეს იყო 31%-ი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისში მომსახურების ხარისხის თვალსაზრისით უფრო უკეთესი შედეგებია, ვიდრე რეგიონებში. და ასევე სტაციონარული ტიპის დაწესებულებებში ინტეგრირებულ ლაბორატორიებში უფრო კარგი შედეგები გვაქვს, ვიდრე ამბულატორიული ტიპის დაწესებულებებში ინტეგრირებულ ლაბორატორიებში.
- პროექტის შედეგები მზად გაქვთ და მალე წარუდგენთ ჯანდაცვის სამინისტროს, რა მოლოდინი გაქვთ მოხდება მისი გათვალისწინება და ასახვა შემდგომი პოლიტიკის დაგეგმარებისას, თუ თაროზე შემოიდება როგორც ერთ-ერთი რიგითი დოკუმენტი.
- მინდა ხაზგასმით აღვნიშნო თუ რა სამუშაო პროცესი გვქონდა იმისათვის, რომ პოლიტიკის განმსაზღვრელს ჰქონდეს მტკიცებულებაზე დაფუძნებული და შეჯერებული რეკომენდაციების პაკეტი. ყველა რეკომენდაცია, რომელიც ფორმირდა გააჩნია თავისი მტკიცებულებები, რაც მოვიპოვეთ სხვადასხვა კვლევების საფუძველზე. მეორე ნაწილი არის თუ რამდენად არის შეჯერებული ეს რეკომენდაციები და აქაც მინდა გითხრათ, რომ დიდი სამუშაო გავწიეთ იმისთვის, რომ ყველა მონაწილე მხარე ჩართული ყოფილიყო ამ პროცესში და ვყოფილიყავით ერთგვაროვნები და ერთსულოვნები იმ რეკომენდაციებში, რომელიც ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ. რეალურად, რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ჩამოყალიბდა 10 მწყობრ რეკომენდაციად, რომლის პირველი სამუშაო ვერსია სამინისტროსთვის უკვე ცნობილია, არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ყველა მონაწილე მხარესთან შეჯერებული.
სამინისტროსთვის ეს 10 კომპონენტი ცნობილია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მესამე მრგვალ მაგიდაზე იყვნენ სამინისტროს წარმომადგენლები და მათ ეს ინფორმაცია გააჩნიათ და სამუშაო პროცესშიც ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები. კვლევის მიმდინარეობის შესახებ სამინისტროს სათანადო ინფორმაცია გააჩნია. რაც ყველაზე მთავარია, სამინისტროსთვის წარსადგენი რეკომენდაციები არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული და მონაწილე მხარეებთან შეჯერებული, ასევე დამუშავებული რეკომენდაციები აღსრულებადია, ზოგი საშუალოვადიან პერსპექტივაში ხოლო ზოგიერთი უახლოვეს პერიოდში, რაც დამოკიდებულია პოლიტიკის განმსაზღვრელზე.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა