USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სენატორებთან საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობის შედეგად სხვადასხვა სფეროში მიღწეული პროგრესი განიხილა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სენატორებთან საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობის შედეგად სხვადასხვა სფეროში მიღწეული პროგრესი განიხილა

2023-02-20 22:06:16

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს ჯინ შაჰინსა და რიჩარდ დურბინს შეხვდა. 

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ამ პარტნიორობის შედეგად სხვადასხვა სფეროში მიღწეული პროგრესი. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი და ერთგული მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ და აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის რეგიონისა და მსოფლიოსთვის კრიტიკულ დროს სენატორების ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალია საზოგადოებისთვის.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ აძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა და მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავდაცვის შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. შეხვედრაზე იმსჯელეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე.  

საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს. აღინიშნა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების დიდი ნაწილი სრულად არის შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწილი კი, დასკვნისათვის ვენეციის კომისიაშია გაგზავნილი. ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო ვითარებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იგი მიესალმება სამხრეთ კავკასიის მოლაპარაკებებში უფროს მრჩევლად ლუის ბონოს დანიშვნას. მთავრობის მეთაურმა სენატორებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების ვითარება და გამოწვევები. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები