პორტუგალიის მთავრობამ Golden Visa Portugal -ის პროგრამა დახურა, რომლის მეშვეობითაც უცხოელებს, ინვესტიციის სანაცვლოდ ბინადრობის ნებართვის მიღება შეეძლოთ.
ამის შესახებ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოსტამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, იტყობინება Publico.
მისი თქმით, მთავრობა მოქმედ „ოქროს ვიზებს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაახანგრძლივებს, თუ ინვესტიცია, ინვესტორი ან მისი შთამომავლობა ქვეყანაში საცხოვრებლად მუდმივად დარჩება ან ქონება გრძელვადიანი იჯარითაა გაცემული.
2012 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის იანვრამდე პორტუგალიამ 11 628 ოქროს ვიზა გასცა, საიდანაც 10 668 ვიზა საერთო ჯამში ექვს მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების შესაძენის შემთხვევაში გაიცა.
პროგრამის ფარგლებში ბინადრობის ნებართვის უმეტესობა მიიღეს ჩინეთის (5258), ბრაზილიისა (1178) და შეერთებული შტატების (558) მოქალაქეებმა.
პორტუგალიის ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ოქროს ვიზების გაცემაა 2022 წლის 26 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი დღის შემდეგ შეწყვიტა. მაშინ პორტუგალიის „ოქროს ვიზა“ რუსეთის 431 მოქალაქემ მიიღო, მათ შორის შვიდმა 2022 წლის დასაწყისში.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი