ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის დემოკრატიული ქსელის მუშაობის ფარგლებში, ნიკოლოზ ხატიაშვილი უკრაინაში იმყოფებოდა.
ვიზიტისას, დემოკრატიული ქსელის წარმომადგენლებმა და უკრაინელმა ექსპერტებმა გამართეს ერთობლივი დისკუსია უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებთან და რეგიონის მომავალ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა უკრაინაში ომის დასრულების შესაძლო სცენარებზე და ახალი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების საჭიროებაზე, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ იცავს საერთაშორისო უსაფრთხოების ქოლგა.
ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ ხატიაშვილი და ქსელის წევრები ოფიცერთა სახლს, მეომრის სახლს ესტუმრნენ და პატივი მიაგეს ლიჩაკოვის სასაფლაოზე მდებარე იმ უკრაინელი გმირი ჯარისკაცების საფლავებს, რომლებიც რუსეთთან ომში დაიღუპნენ.
„მქონდა შესაძლებლობა, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად ჩავსულიყავით უკრაინაში. გავმართეთ ძალიან საინტერესო შეხვედრები ექსპერტებთან, სამხედროებთან და აქტივისტებთან, რომლებიც მნიშვნელოვანი როლს თამაშობენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. მათ პირადად გაგვაცნეს უკრაინაში არსებული ვითარება, როგორც ფრონტის ხაზზე, ასევე, პოლიტიკურ განზომილებაში და გაგვიზიარეს თავისი ხედვები ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
უკრაინელებმა დიდი მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიმართ, როგორც ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების, ასევე, საქართველოში უკრაინელი ლტოლვილების დახმარების და საერთაშორისო ფორმატებში დიპლომატიური და პოლიტიკური მხარდაჭერის გამო.
ვფიქრობ, რომ დასავლეთის მხარდაჭერის გაგრძელებისა და სამხედრო შეიარაღების მიწოდების გაზრდის შემთხვევაში, უკრაინა შეძლებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის პროცესში მეტი ხელშესახები შედეგებისა და წარმატების მიღწევას.
ამ კონტექსტში ხაზგასასმელია, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი, ერთ-ერთი დამატებითი ბერკეტი იქნება უკრაინისთვის საერთაშორისო ასპარეზზეც“ - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი