საქართველოს პრეზიდენტმა, სამწუხაროდ, მიიღო გამაოგნებელი გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი საქართველოს ნაკრების წევრები ღირსების ორდენით შერჩევით დააჯილდოვა, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
აბაშიშვილის თქმით, ჯერ კიდევ არის შანსი ამ სრულად გაურკვეველი გადაწყვეტილების ცვლილების.
„საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა საქართველოს დაყოფა და მან ერთმანეთისგან გამიჯნა საქართველოს ნაკრების წევრები.
საინტერესო რა არის იცით, ქალბატონო პრეზიდენტო? ვინი სანიოლს ნათამაშები აქვს უმაღლეს დონეზე, საფრანგეთის ნაკრებში, ის ლეგენდაა. ვინი სანიოლს ნათამაშები აქვს ისეთ ცნობილ კლუბში როგორც მიუნხენის ბაიერნია, იქაც ლეგენდაა. მას სამწვრთნელო კარიერაც აქვს. უფრო მეტიც, ის საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი იყო, მან ზუსტად იცის, რომ მხოლოდ ფეხბურთელებით ფონს გასვლა შეუძლებელია, თუ გუნდი ერთიანობაში არ მუშაობს, თუ ფეხბურთის ფედერაცია არ მუშაობს, თუ მთელი ნაკრები არ მუშაობს, როგორც ერთი შემადგენლობ... ეს უნდა გავიაზროთ.
საქართველოში მანამდეც ყოფილან ნიჭიერი ფეხბურთელები. იმ 90-იანებიდან, როდესაც საქართველოს ყველაზე დიდი ეკონომიკური ვარდნა ჰქონდა, იწყება საქართველოს ნაკრების ძალიან წარმატებული თაობა, ყველა დონეზე ტიტულოვანი წარმატებული ფეხბურთელი კახი კალაძე, ძმები არველაძეები, უნიჭიერესი ქინქლაძე, კობიაშვილი გერმანიის ფეხბურთის ლეგენდა, გერმანიაში ქართული ფეხბურთის გამტანი, იაშვილი, რომელიც თქვენ არ დააჯილდოვეთ სხვათა შორის.
კობიაშვილი, რომელმაც ჰეთთრიკი შეასრულა ჩემპიონატთა ლიგაზე, იცით ეს ფაქტები? ეს ლეგენდა ფეხბურთელები იმ პერიოდშიც თამაშობდნენ, მაგრამ რაღაცა გვაკლდა. რატომ ვერ გავიდნენ მაშინ ეს ფეხბურთელები დიდი ჩემპიონატებზე? იმიტომ, რომ აკლდათ რაღაცა და ეს რაღაცა იყო ორგანიზებულობა, ეს რაღაცა იყო ფეხბურთის ფედერაციის კიდევ უფრო ზუსტი საქმიანობა.
და როდესაც ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტში ეს ფეხბურთელები მოვიდნენ, მათ ზუსტად იცოდნენ რა დააკლდათ მათ და მათ ეს გადმოიტანეს მომავალ თაობაზე.
დიახ, იაშვილმა, მუჯირმა, კობიაშვილმა და სხვებმა, ის რაც მათ აკლდათ გადმოიტანეს ფეხბურთის ფედერაციაში. მათ ზუსტად იცოდნენ ის, რაც ფეხბურთელებს სჭირდებოდათ და ამიტომაც მივაღწიეთ იმას, რასაც მივაღწიეთ.
იცით თუ არა რომ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2021 წლიდან არის ის გამორჩეული ორგანიზაცია, რომელმაც პირველად შეძლო და უარი თქვა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებაზე.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შეძლო საკუთარი ფინანსების მობილიზება და საკუთარი ფინანსებით მართვა ფეხბურთის ფედერაციის. ის სახელმწიფოსგან ფულს ამ კუთხით არ იღებს. ეს ის ფეხბურთის ფედერაციაა, რომელმაც შეძლო და ევროპის ჩემპიონატი რუმინეთთან ერთად ჩაატარა.
სხვათა შორის სხვადასხვა ანალიტიკურ გამოცემებში აღნიშნულია, რომ ეს იყო პრეცედენტი კერძო და სახელმწიფო თანამშრომლობის, რაც სწორედ ამ ფეხბურთის ფედერაციის პირობებში მოხერხდა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ გაქვს შანსი აი ამ სრულად გაურკვეველი გადაწყვეტილების ცვლილების.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო მიღებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურში, სადაც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობენ. მე მათთან მომწია თანამშრომლობა 5 წლის განმავლობაში. ეს არ იქნებოდა მათი გადაწყვეტილება, ისინი ამას არ გირჩევდნენ. ეს იყო გარედან გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან სამწუხაროა.
საქართველოს ნაკრების დაყოფა არ შეიძლება. საქართველოს ნაკრები ზუსტად ასახავს საქართველოს გერბზე გამოსახულ სიტყვებს „ძალა ერთობაშია“. საქართველოს ნაკრებში შესაძლოა, განსხვავებული შეხედულებების ადამიანები არიან, უფრო მეტსაც გეტყვით, განსხვავებული რელიგიის ადამიანები არიან. არ ვიცი გინახავთ თუ არა კადრები, როგორ ლოცულობს მუსლიმი ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელი, მაშინ როდესაც პენალტის დარტყმისა და პენალტების სერიის დრო მოვიდა საბერძნეთის ნაკრებთან.
მაგრამ მიუხედავად რელიგიური განსხვავებისა, მიუხედავად აზრობრივი განსხვავებისა საქართველოს ნაკრებისთვის „ძალა ერთობაშია“. მისი დაყოფა არ შეიძლება.
ისინი, ვის დაჯილდოებაზეც თქვენ უარი თქვით გვჩუქნიდნენ სიხარულს. არ მაქვს მისი ნებართვა, მაგრამ მაინც ვიტყვი. ვიტყვი ალექსანდრე იაშვილზე, ფეხბურთელზე რომელიც ფეხბურთის თამაშის დროს გვახარებდა. რუსეთის ნაკრებთან მოსკოვში გოლი სწორედ ალექსანდრე იაშვილს აქვს გატანილი, ეს არის პირველი ოფიციალური გოლი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რუსეთის ნაკრების კარში.
ალექსანდრე იაშვილს აქვს კიდევ 2-3 გოლი გატანილი ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში სწორედ რუსეთის ნაკრების კარში. მაგრამ ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენ სხვა ქვეყანას ემსახურებოდით და ჩვენ საქართველოში უშუქობის პერიოდში, ამ გოლებით და სიხარულით ვცოცხლობდით.
და დღეს თუ ხედავთ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები წარმატებულები არიან საკუთარ კლუბებში ეს ერთ-ერთ შემთხვევაში ალექსანდრე იაშვილის დამსახურებაცაა, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა რომ საკუთარ კლუბებში საქართველოს ფეხბურთელებს ჰქონოდათ დრო მეტი ტრამპლინისთვის.
როდესაც ხედავ იაშკას, თუ როგორ ემოციურად უყურებს ფეხბურთს ტრიბუნებიდან, სულ მგონია, რომ ის ჩავა და ითამაშებს. იმიტომ, რომ მას ასეთი გული აქვს. ჩამოვიდა გერმანიიდან და აქ თბილისის დინამოში დაასრულა კარიერა. მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო, რომ კარიერა, რომელიმე მაღალანაზღაურებად კლუბში დაესრულებინა.
რუსეთის ომთან დაკავშირებით თქვენი სადაო შეხედულება, რომელიც ეხებოდა იმას, რომ თურმე საქართველომ დაიწყო 2008 წლის აგვისტოში ომი. სხვათა შორის ჩვენთვის ოკუპაცია არა 2022 წელს, უკრაინის ოკუპაციის დროს დაიწყო, არამედ 90-იანებში, როდესაც ცხინვალის და აფხაზეთის ოკუპაცია მოხდა.
2008 წელს კი, როდესაც თქვენ სრულად განსხვავებული შეხედულება გქონდათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გეზელკირხელ შალკეს შემადგენლობაში უარი თქვა „გაზპრომის“ წარწერით ჩემპიონატთა ლიგაში მონაწილეობაზე. დიახ ეს განსხვავებისთვის“, - ამ სიტყვებით მიმართა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება