საქართველოს მთავრობამ საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით სარჩელები უკან გამოიტანა.
ინფორმაციას თავად საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
მათი განმარტებით, მთავრობამ სარჩელების უკან გაწვევის საკითხზე სასამართლოს 11 იანვარს მიმართა.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, საქართველოს მთავრობამ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტი უმოქმედობაში დაადანაშაულა და მისი ქმედების კონსტიტუციურობის გასარკვევად საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები 2022 წლის 10 ივნისს შეიტანა. სარჩელის მიხედვით, 2022 წლის მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად შესთავაზა დავით ბაქრაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი წარმომადგენლის, ხოლო კახა იმნაძე კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობებზე.
ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს მიმართა წარდგინებით, კახა იმნაძის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი წარმომადგენლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა ხსენებული წარდგინებების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ არსებულ ვითარებაში მიზანშეწონილად არ მიაჩნდა შესაბამის თანამდებობებზე მითითებული კანდიდატურების დანიშვნა.
საქართველოს მთავრობის პოზიციით, საქართველოს პრეზიდენტი წარდგინებების უარყოფითა და უმოქმედობით, რაც გამოიხატა წარდგენილი კანდიდატების არდანიშვნაში, პირდაპირ შეიჭრა საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში, განახორციელოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება