„Ⴑაქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარებაა. ციფრული ტექნოლოგიები იძლევა შესაძლებლობას, გავზარდოთ პროდუქტიულობა, შევამციროთ ფასები და უზრუნველვყოთ უკეთესი ხარისხის მომსახურება. თანამედროვე ტექნოლოგიებს როგორიცაა 5G, ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი, cloud ტექნოლოგიები და სხვა, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ გლობალურ ეკონომიკაში. მოწინავე ტექნოლოგიების მიღმა ეკონომიკის არც ერთი სექტორი არ რჩება. ამდენად, მთავრობებს, ბიზნესს და საზოგადოებას ეკონომიკის ახალ პრინციპებთან და მის პოლიტიკის გამოწვევებთან სწრაფად ადაპტაცია მოუწევთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებულ მინისტერიალში მონაწილეობს.
მინისტერიალი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტარდება და მასში OECD-ს წევრი და არაწევრი ქვეყნების მინისტრები და მინისტრის მოადგილეები, აგრეთვე საერთაშორისო და ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო მინისტერიალის ერთ-ერთ სესიაში, რომელიც გაციფრულების შესაძლებლობებს შეეხება.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ცოდნაზე დაფუძნებული და ინოვაციებზე ორიენტირებული ეკონომიკის განვითარების მიზნით წარმატებული რეფორმები გაატარა.
მათ შორის, დაამტკიცა ფართოზოლოვანი ქსელის განვითარების ეროვნული სტრატეგია, დაიწყო პროექტის Log-In Georgia - ის განხორციელება, რომლის ძირითადი კომპონენტებია ფართოზოლოვანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდა და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.
გენადი არველაძის განცხადებით, საქართველოს, მისი გეოგრაფიული მდებარეობისა და ლიბერალური ბიზნეს კლიმატის გათვალისწინებით, დიდი პოტენციალი აქვს გახდეს ციფრული რეგიონული ჰაბი, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის ციფრულ ტრანსფორმაციასა და ICT შესაძლებლობების განვითარებას.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი