ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანიის ვიცე-კანცლერს, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრს რობერტ ჰაბეკს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. გერმანიაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB BERLIN 2023 - ის ოფიციალურ გახსნაში, სადაც საქართველო წარმოდგენილია გამოფენის ოფიციალური მასპინძლის სტატუსით.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობები, ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და მათი შემდგომი განვითარების გზები დასახეს. აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი და ქვეყნის მსხვილი ინვესტორია.
ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მოხარულია საქართველოსთვის ოფიციალური მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით ITB BERLIN 2023 - ზე და აღნიშნა, რომ ეს აქტივობა დაეხმარება საქართველოსა და მის ტურისტულ სექტორს შემდგომ განვითარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე უკეთ პოზიციონირებაში. ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველო განიხილავს გერმანიას, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარს, საკუთარი ტურისტული პოტენციალის პოპულარიზებაში.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სექტორებში, რომლებიც მიმართულია ევროკავშირში საქართველოს მეტი ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა შავი ზღვის ენერგოკაბელის პროექტსა და საქართველოზე გამავალი შუა სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობის ზრდის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლევან იზორიამ.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი