USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინფლაცია ფიტავს ადამიანების რეალურ შემოსავალს - ივაილო იზვორსკი

ინფლაცია ფიტავს ადამიანების რეალურ შემოსავალს - ივაილო იზვორსკი

2023-04-06 16:46:12

მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკური აქტივობა დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული შედეგების, მაღალი ინფლაციის შენარჩუნებისა და მკაცრი ფინანსური პირობების გამო.

2023 წელს, სავარაუდოდ, ადგილი ექნება რეგიონული გამოშვების ზრდას 1.4%-ით, რაც არსებითად უკეთესია ადრე მოსალოდნელ 0.1%-თან შედარებით. აღნიშნული დადებითი, თუმცა საკმაოდ შესუსტებული ეკონომიკური აქტივობა 2023 წელს ასახავს რუსეთის ეკონომიკის პროგნოზირებულზე ნაკლებ ვარდნას და უკრაინის პროგნოზის გაუმჯობესებას.

რეგიონული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2024-25 წლებში, სავარაუდოდ, საშუალოდ 2.7%-მდე მოიმატებს, ინფლაციის კლების, ადგილობრივი მოთხოვნის აღდგენისა და საგარეო მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად. ფასების მკვეთრი ზრდის გამო (კერძოდ, სურსათსა და ენერგორესურსებზე) 2022 წლის ბოლოს წლიურმა საშუალო ინფლაციამ 15.9%-ს მიაღწია ევროპისა და ცენტრალური აზიის ფორმირებადი ბაზრების და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში (EMDEs), რაც რეკორდული ნიშნულია უკანასკნელი 20 წელზე მეტი ხნის მანძილზე მსოფლიოს ყველა განვითარებად რეგიონში. ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი აღნიშნულ ქვეყნებში 4%-ზე ნაკლები იყო, სანამ 2021 წლიდან მატებას დაიწყებდა.

სამომავლო პერსპექტივა მეტად გაურკვეველია. ეკონომიკური ზრდა 2023 წელს შეიძლება გაცილებით სუსტი იყოს თუ ადგილი ექნება უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ომის შემდგომ ესკალაციას, სურსათისა და ენერგორესურსების ფასების ზრდას, გლობალურად ან რეგიონში საპროცენტო განაკვეთების მატების დაჩქარებას, ან კაპიტალის ნაკადების მიმართულების მოულოდნელ ცვლილებას. საბანკო სფეროში მიმდინარე მოვლენებმა ზოგიერთ განვითარებულ ქვეყნაში შეიძლება გავლენა იქონიოს ეკონომიკურ ზრდაზე.

პროგნოზის მიხედვით, უკრაინის ეკონომიკა წელს სავარაუდოდ 0.5%-ით გაიზრდება 2022 წლის 29.2%-იანი ვარდნის შემდეგ, რომელიც რუსეთის აგრესიას მოჰყვა. მიუხედავად ქვეყნისთვის ომით მიყენებული უდიდესი ეკონომიკური ზარალისა, უკრაინის შავი ზღვის პორტების ხელახალი გახსნა და მარცვლეულით ვაჭრობის აღდგენა, ისევე როგორც დონორების მხრიდან არსებითი მხარდაჭერა, ხელს უწყობს წლევანდელ ეკონომიკურ საქმიანობას. მსოფლიო ბანკის ბოლოდროინდელი გამოთვლების თანახმად, უკრაინის რეკონსტრუქციისა და აღდგენის ღირებულება 411 მლრდ. აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც უკრაინის ომამდელ, 2021 წლის ეკონომიკის მოცულობას ორჯერ აღემატება.

თურქეთში 2023 წლის 6 თებერვალს ადგილი ჰქონდა ორ დამანგრეველ მიწისძვრას, რომლებმაც ქვეყანას 34.2 მლრდ. აშშ დოლარის პირდაპირი ზიანი მიაყენა და რაც ქვეყნის 2021 წლის მშპ-ის 4%-ია მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად. ფაქტიური ხარჯები აღდგენისა და რეკონსტრუქციის სრული სპექტრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შეიძლება პირდაპირ ზარალზე ორჯერ მეტი იყოს. უკანასკნელი მიწისძვრების ზემოქმედების გათვალისწინებით, 2023 წლისთვის პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3.2%-ია, რომელიც 2024-25 წლებში საშუალოდ 4.2%-მდე მოიმატებს შინამეურნეობებისთვის მთავრობის მიერ გაწეული დახმარების და რეკონსტრუქციის პროცესში განხორციელებული ინვესტიციების გათვალისწინებით. შენელებული ეკონომიკური ზრდისა და მაღალი ინფლაციის ფონზე ანგარიშში სპეციალური თავი ეთმობა ფასების ზრდით გამოწვეულ კრიზისს, რომელიც რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტებზე მაღალი ინფლაციის ზემოქმედებას იკვლევს.

„ინფლაცია ფიტავს ადამიანების რეალურ შემოსავალს, მაღალი ინფლაცია კი გაცილებით უფრო მეტ გავლენას ახდენს უღარიბეს ფენაზე, ვიდრე მოსახლეობის უმდიდრეს ნაწილზე.

მოწყვლადი ჯგუფების უკეთ დასაცავად, და ეკონომიკური ზრდის წასახალისებლად, ხელშემწყობი პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ინფლაციის განსახვავებულ ზემოქმედებას შემოსავლების სხვადასხვა დონეებზე და გაცილებით უფრო ზუსტი ინდიკატორების გამოყენებას უღარიბეს მოსახლეობაზე მაღალი ფასებით გამოწვეული ფაქტიური დანახარჯების გავლენის შესაფასებლად,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ივაილო იზვორსკიმ.

რეგიონის ქვეყნების მთავრობებმა ინფლაციას სოციალური დახმარებით და სუბსიდიებით უპასუხეს.

უკანასკნელი მოიცავდა მორატორიუმს ენერგორესურსების ფასის ზრდაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფების შემცირებას და ოჯახებისა და საწარმოებისთვის ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ფასზე ზედა ზღვარის დაწესებას.

ამასთან, ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი მიუთითებს საარსებო დანახარჯების კრიზისის უთანასწორო ტვირთზე. მასში აღნიშნულია, რომ ინფლაცია მოსახლეობის უღარიბესი 10 პროცენტისთვის 2 პროცენტული ერთეულით უფრო მაღალია, ვიდრე უმდიდრესი 10 პროცენტისთვის.

ამ განსხვავებამ 5 პროცენტულ ერთეულს გადააჭარბა რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორისაა მოლდოვა, მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია.

ანგარიშის თანახმად, პოლიტიკა, რომელიც არ ითვალისწინებს შინამეურნეობების წინაშე არსებული ინფლაციის განსხვავებულ მაჩვენებლებს, სავარაუდოდ, არასაკმარისად ეხმარება მოწყვლად ჯგუფებს და შესაძლოა არაადეკვატური და ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს.

ანგარიშის რეკომენდაციაა სამომხმარებლო ფასის სტანდარტული ინდექსის (CPI) მიღმა მოხდეს ინფლაციის შესაფასებლად უღარიბესი მოსახლეობის საარსებო ფაქტიური დანახარჯების უფრო ზუსტი გამოთვლა. ეს აუცილებელია ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევისთვის უკეთესი პოლიტიკის შესამუშავებლად.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები