საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის, ხოლო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს ოქროს მონეტები გადასცა.
ნათია თურნავას თქმით, ევრო 2024-სადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტები სიმბოლურად ყოველთვის დაკავშირებული იქნება საქართველოს ნაკრებისა და ქართველი ფეხბურთელების წარმატებასთან.
„ეროვნულ ბანკს, სხვა ბევრი წამყვანი ცენტრალური ბანკის მსგავსად, საკოლექციო მიზნებისთვის მონეტების გამოშვების ექსკლუზიური უფლება აქვს. ტრადიციულად, მონეტები საქართველოსთვის მნიშვნელოვან თემატიკას ეძღვნება. ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო და გამორჩეული ისტორიული ფაქტი უდავოდ, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების წარმატება იყო. აქედან გამომდინარე, ერთსულოვნად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალი საკოლექციო მონეტის თემა ევრო 2024-ზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატებული ასპარეზობა ყოფილიყო. მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა პირადად გადაგვეცა ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებისთვის მონეტები და კიდევ ერთხელ მადლობა გადაგვეხადა ბრწყინვალე თამაშისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვების გადაწყვეტილება სებ-ის საბჭომ მიმდინარე წლის მარტში, ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობის გათვალისწინებით უპრეცედენტოდ მოკლე დროში მიიღო.
მონეტებისთვის დიზაინის ესკიზები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით მომზადდა (დიზაინის ავტორი ბაჩო ლაგვილავაა).
მონეტის ავერსზე გამოსახულია მთავარი სიმბოლო-ლოგო (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახით) და ამ ლოგოს დიზაინიდან ამოღებული მხედრის გამოსახულება (ცხენზე ამხედრებული გმირის პროტოტიპად აღებულია თეთრი გიორგი), რომელიც ებრძვის გველეშაპს, როგორც შიშის სიმბოლოს. მთავარი სიმბოლოს ერთ-ერთი ძირითადი ინტერპრეტაციაც საკუთარ სისუსტეებზე გამარჯვება და ამით ნებისმიერი მეტოქის დამარცხებაა. მონეტაზე დატანილია ბრენდის სლოგანი „მე ვარ საქართველო“, რომელიც ახმოვანებს მის იდეოლოგიას როგორც ბრენდის, ისე ფეხბურთელისა და გულშემატკივრის მხრიდან.
მონეტის რევერსზე გამოსახულია ფეხბურთელის მაისურის დიზაინი (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახით), რომელიც შეიქმნა ნაკრების ახალი ბრენდის ჩამოყალიბებასთან ერთად და ირეკლავს ბრენდის ფილოსოფიას და ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალურ ტრენდებს. მონეტა ასევე შეიცავს მოვლენის აღმნიშვნელ წარწერებს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ნომინალს და გამოშვების წელს.
მონეტების რეალიზაციის შესახებ დეტალები ახლო მომავალში გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს სპორტულ თემატიკაზე აქამდე სხვა მონეტებიც აქვს გამოშვებული. მათ შორის, რაგბიში, კალათბურთში, ფეხბურთსა და ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენების წარმატებული ასპარეზობის აღსანიშნად.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება