ელექტროენერგიის წარმოებაში საქართველოს შედეგი 2022 წელს ყველაზე შთამბეჭდავია ბოლო 30 წლის განმავლობაში. თუმცა მოხმარებაში ჩამორჩენა 3 მილიარდ კვტ/სთ-ს შეადგენს.
მთლიანობაში, როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე Business Insider Georgia- თან განმარტავს, ქვეყნის ენერგეტიკის სექტორი 2022 წელს ძალიან კარგ შედეგზე გავიდა და ისტორიული რეკორდი მოხსნა.
„2022 წელს საქართველომ ყველაზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა ბოლო 30 წლის განმავლობაში - ყველაზე მეტი გავყიდეთ, ყველაზე ნაკლები ვიყიდეთ.
1990 წელი პიკი იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკისთვის და მრეწველობისთვის, რადგან დარგმა ყველაზე მაღალ დონეს მაშინ მიაღწია. ენერგეტიკამ გამოიმუშავა 14 მილიარდ კვტ/სთ და და მოიხმარა 18 მილიარდ კვტ/სთ-ზე მეტი, დანარჩენი რუსეთიდან შემოვიდა.
2022 წელს გამოვიმუშავეთ 14 მილიარდზე მეტი ანუ იმაზე მეტი, რაც გვქონდა 1990 წელს, მაგრამ მოხმარება გაცილებით ნაკლებია.
შარშან 15 მილიარდზე ცოტა მეტი მოვიხმარეთ. 90-იან წლებში ეს მაჩვენებელი 18 მილიარდ კვტ/სთ-ს აღწევდა. გამოდის, რომ მოხმარებაში ჩამოვრჩებით 90-იანი წლების ნიშნულს, მაგრამ წარმოებაში ცოტათი ვაჭარბებთ კიდეც, რაც სექტორისთვის დიდი მიღწევაა", - ამბობს გია არაბიძე Business Insider Georgia- თან.
მიუხედავად ამისა, ჰესების მშენებლობა კვლავ რჩება დაბრკოლებად სექტორისთვის.
ამ მხრივ, როგორც ენერგეტიკოსი აღნიშნავს, სახელმწიფომ ოპტიმალური გზა მონახა და თვითონ ითავებს მსხვილი პროექტების განხორციელებას, რაც სწორი მიდგომაა.
„2022 წელსაც და 90-იანი წლების შემდგომი პერიოდიდან ჰესები ქვეყნის პრობლემად რჩება. ჰესები ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია და გადამწყვეტია მისი მშენებლობა.
სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ვერც ხუდონჰესის, ვერც ანაკლიის პორტის აშენება და სახელმწიფომ ეს პროექტები საკუთარ თავზე აიღო. წილობრივად შევა და ააშენებს. იქნებ, ასე მაინც განხორციელდეს დიდი ენერგეტიკული პროექტები საქართველოში", - აცხადებს გია არაბიძე.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 14,247 მლნ. კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წლიური გამომუშავების რეკორდული მაჩვენებელია.
როგორც ISET-PI-ს მიერ მომზადებულ „ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში“ არის აღნიშნული, 2022 წლის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 13%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წელს სრული წარმოება 12,645 მლნ. კილოვატსაათი იყო).
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი