ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გამოეხმაურა სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზს, რომელიც ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხება.
„რაც შეეხება სავალუტო ფონდის ანგარიშს, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რისკი არ განხორციელდება და ეჭვქვეშ არ დადგება ის შრომა რომელიც ამ ორგანიზაციასთან ერთად გავწიეთ.
სავალუტო ფონდთან რომ ჩვენთვის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ეს მათ პრესრელიზშიც კარგად ჩანს. პრესრელიზი საკმაოდ კარგად ასახავს რეალობას, რომელიც ქვეყანაში რეფორმების გატარების კუთხით არის. ის მიღწევები რაც სავალუტო ფონდს აქვს აღნიშნული და ეს ყველაფერი არის ერთობლივი დიდი შრომის შედეგი, რაც 2022 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში მიდიოდა“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
13-17 თებერვალს თბილისში ვიზიტით სსფ-ს მისია ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა.
მისიის მიზანი ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების და რეფორმების პროგრესის შეფასება იყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით 9 თებერვალს დაამტკიცა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი