ფასების კლების ტენდენცია აქციის ფარგლებს ვერ გასცდა. რითეილ სექტორიც და დისტრიბუციაც საუბრობს იმაზე, რომ რიგი დასახელების პროდუქტები იაფდება, თუმცა რა გაიაფდა და რა პროცენტული მაჩვენებლით, არც ერთი მხარე არ აკონკრეტებს.
რითეილ ასოციაციის აღმასრულებელ თავმჯდომარე სოფიო ქაშაკაშვილი Business Insider Georgia -თან ამბობს, რომ ყველას არ ეხება, მაგრამ დისტრიბუცია პასიურობს.
„შევთანხმდით, რომ ორმხრივი დათმობა გაკეთდეს, თუმცა დისტრიბუცია ჯერჯერობით არ აქტიურობს. შემხვედრი ნაბიჯები არ იდგმება, თუმცა ჩვენი მხრიდან დაიწყო ფასდაკლებები და აქციები. ცოტა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ერთი შეხვედრით ვერ მოგვარდება, მაგრამ ტენდენცია დაწყებულია. სხვადასხვა პროდუქტზე, სხვადასხვა ქსელში განსხვავებული ფასები მოქმედებს, შესაბამისად, რთულია იმის თქმა, რამდენი პროცენტით გაიაფდა სურსათი. დისტრიბუციის მხრიდან აქტიურად არ მომხდარა ფასდათმობის გაკეთება, სექტორი პასიურობს. თუმცა ველოდებით, რომ სიტუაცია შეიცვლება. მუშა პროცესია, რომელიც ერთ შეხვედრაში ვერ მოგვარდება და დროთა განმავლობაში გაგრძელდება“, - ამბობს სოფიო ქაშაკაშვილი.
დისტრიბუცია ასე არ ფიქრობს. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აღნიშნავს, მოლაპარაკება შესაძლებელი იყო, თუ რითეილ სექტორის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა, რაც კონკრეტულ მოცემულობაში არ ჩანს.
ივა ჭყონიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სურსათი გაიაფდეს აქციის გარეშეც, მაგრამ შეთანხმება ჯერჯერობით მიუღწეველია.
„სადისტრიბუციო კომპანიებმა შეხვედრაზე გამოთქვეს მზაობა, რომ რითეულის მხრიდან თუკი ადგილი ექნება ფასების კლებას, ადეკვატურ ზომას მიმართავენ. საუბარია პირველადი მოხმარების პროდუქციაზე. როდესაც საუბრობენ, რომ დისტრიბუციის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯი არ იდგმება, მაშინ გვითხრან, კონკრეტულად რომელი დასახელების პროდუქტებს აიაფებენ, რა ბრენდებს და რაზეც ვერ შეთანხმდნენ. ამ ეტაპზე ფასები არის სტაბილურად, რაც შესაძლებელია იაფდება. დასახელებებს ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ კომპანიებს ფასი მეტ-ნაკლებად სტაბილურად უჭირავთ. შეხვედრისას დისტრიბუციის მხრიდან ითქვა კიდეც, რომ დავუწევთ ფასებს, მაგრამ აღარ მოგვთხოვონ მაღალი ქეშბექები, ბონუსები და სხვა გადასახადები, პროდუქტი ნაკლებ ფასში გავყიდოთ აქციების გარეშეც. მოლაპარაკება იყო შესაძლებელი, თუ რითეილის მხრიდან ნაბიჯი გადაიდგმებოდა. მაგალითად, ქეშბექი თუ აქვს 20 %, 10%-ს დასჯერდებოდნენ, მაგრამ არ თმობენ. არგუმენტი, რომ დისტრიბუცია არ აკლებს ფასს, არასწორი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“, - აცხადებს ივა ჭყონია Business Insider Georgia -თან.
საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში სურსათის ფასების კლების ტენდენცია აქციების სახით ფიქსირდება. აღნიშნული განცხადება ლევან დავითაშვილმა 13 მარტს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების ამოცანა ბიზნესის შეზღუდვა და რაიმე ტიპის ვალდებულებების დაკისრება არ არის. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლიანი, კონკურენტული და ეფექტიანი გარემო შეიქმნას", - განაცხადა დავითაშვილმა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი