აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თემატური მომხსენებლის ანგარიში მოისმინა თემაზე - „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა სოფლის მეურნეობაში.“
„ანგარიში მომზადდა იმ ძირეული პრობლემებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, კვლავაც რჩება სექტორში. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა და ამ მიმართულების გაძლიერება სოფლის მეურნეობაში - ეს საკითხი გამოიკვეთა იმ გამოწვევებიდან, რაც გვაქვს სოფლის მეურნეობის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. დღეს ამ სფეროში არის ცოდნის და ექსპერტიზის ნაკლებობა, ტექნოლოგიების გამოყენების დაბალი დონე, რელევანტური მონაცემების ნაკლებობა. აქედან გამომდინარე, შევისწავლეთ სოფლის მეურნეობის სექტორის მდგომარეობა სპეციფიკურად ტექნოლოგიების გამოყენების და სახელმწიფო პოლიტიკა სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიების ხელშეწყობის კუთხით“, - განაცხადა თემატურმა მომხსენებელმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა ანგარიშის წარდგენისას.
ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ ბევრი მიღწევის პარალელურად, რაც სექტორშია და ამ მიმართულებით ბოლო 10 წელი რადიკალური კუთხით გარდამტეხი იყო, მაინც რჩება გამოწვევები, თუნდაც ის, რომ გამოიკვეთა ცოდნის და ექსპერტიზის ნაკლებობა.
მომხსენებლის თქმით, ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ დეფიციტურია სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა დარგის სპეციალისტი და, შესაბამისად, ფერმერების და აგრო სუბიექტებისთვის კვალიფიციური საკონსულტაციო სერვისების მიწოდება ვერ ხერხდება.
ეს კი წარმოების დონეზე, პროდუქციის ხარისხზე და მაღალ თვითღირებულებაზე აისახება. ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს ისიც, რომ დარგი განიცდის ტექნოლოგიების სიმცირეს. იმ ძირითად მიგნებებს შორის, რომელიც მომხსენებელმა დაასახელა, არის დაბალი მოსავლიანობა, ტექნოლოგიების დანერგვის მთავარ ბარიერს წარმოადგენს ფერმერთა ცნობიერების დაბალი დონე, პროფესიონალი დარგობრივი სპეციალისტების დეფიციტი, ტექნოლოგიების ნაკლებობა, ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის საკითხი, ექსტენციის ცენტრებში თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის არარსებობა. მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფაა.
„თუ არა ტექნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები, გაგვიჭირდება, ახალგაზრდების დაინტერესება. ამიტომ ტექნოლოგიების და ინოვაციების კომპონენტის გაჩენა სწორედ ახალგაზრდების დასაქმებასაც გულისხმობს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი