ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, პოსტს აქვეყნებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ:
,,საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები ტრადიციულად ძალიან დატვირთულია. ამ დროს იმართება შეხვედრები ყველა ჩვენს პარტნიორთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან. განვიხილავთ მიმდინარე პროექტებს და ხდება შეჯერება სამომავლო გეგმებზე. არც ერთი შეხვედრა დახურული არ არის და ყველა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ იდება ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე. ბუნებრივია, გამონაკლისი არც მიმდინარე წელია.
საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და პარტნიორი ქვეყნებიდან. ცალსახად დადებითად შეფასდა ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და მიღწეული შედეგები, რომელიც აღიარებულია უკლებლივ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ. საქართველო ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია მსოფლიოში, ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, საბიუჯეტო დეფიციტის მკვეთრი შემცირებით, მთავრობის ვალის დონის (მშპ-თან) შემცირების მაშტაბით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებით და ბოლო თვეებში ინფლაციის დონის შემცირებით.
რამოდენიმე ტელეკომპანიის მიერ, როგორც ჩანს შეგნებულად, ხორციელდება მცდარი ინფორმაციის გავრცელება ზემოთ აღნიშნულ შეხვედრებთან დაკავშირებით. აღნიშნული სიუჟეტები აგებულია სრულად ყალბ ინფორმაციაზე და არანაირი შეხება არ აქვს რეალობასთან.
როგორც არაერთხელ მითქვამს, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, საქართველოს მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით არასდროს არ ყოფილა კითხვის ნიშნები. ამ მხრივ, ღონისძიებები, რომელიც საქართველომ გაატარა, არანაირ კითხვის ნიშნებს არ ტოვებს და მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს ყველა შეხვედრაზე. თანამშრომლობის ისეთი მაღალი ხარისხი, რომელიც დღეს არის პარტნიორ ორგანიზაციებთან, არასდროს არ ყოფილა აქამდე. ფინანსთა სამინისტრო ორმხრივ შეხვედრებს აშშ-ის პარტნიორ ორგანიზაციებთან ახორციელებს რეგულარულად, მათ შორის სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო/წლიური შეხვედრების ფორმატში და გამონაკლისი არც მიმდინარე წელია.
ყალბი ინფორმაცია დღეს ალბათ არავის უკვირს. თუმცა, მიმდინარე კვირის ფინანსთა სამინისტროს 30-ზე მეტი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი “შეირჩა” სიყალბის გასავრცელებლად! ამჯერად, ნამდვილად გააოცეთ ყველა სიყალბის მაშტაბით!"
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი