USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიზნესსექტორისთვის 40-საათიან სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებული რეგულაციის გადავადება არ იგეგმება - ბექა ფერაძე

ბიზნესსექტორისთვის 40-საათიან სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებული რეგულაციის გადავადება არ იგეგმება - ბექა ფერაძე

2023-02-16 13:56:27

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი, ბექა ფერაძე აცხადებს, რომ ბიზნესსექტორისთვის 40-საათიან სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებული რეგულაცია არ გადავადდება. 

როგორც ბექა ფერაძემ მედიას განუცხადა, 40 საათზე მეტხანს მუშაობის შემთხვევაში, თანამშრომლებს გაზრდილი ოდენობით ზეგანაკვეთური ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ.

მისივე თქმით, ზეგანაკვეთური ანაზღაურების განსაზღვრა ცალკეული ორგანიზაციის საკადრო პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

„ერთი მხრივ, დამსაქმებლის ინტერესი, შესაძლოა, მეტი სამუშაო საათი იყოს, მაგრამ დასაქმებულის ინტერესი ნორმირებული სამუშაო დროით სარგებლობაა. ასწლეულზე მეტია, რაც განვითარებული სამყარო ამაზე შეთანხმდა“, - აღნიშნა ფერაძემ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ბიზნესთან შრომის ინსპექციას ორი წლის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა.

„ნებისმიერ ბიზნესს მოლოდინი უნდა ჰქონოდა, რომ 40-საათიანი სამუშაო დროის ნორმა დაწესდებოდა. რეგულაციის გადავადება არ იგეგმება.

ჩვენ ბიზნესს ადაპტირების საშუალებას ვაძლევთ. სპეციფიკური სამსახურებისთვის, ჩვენ არ ვკრძალავთ, რომ თანამშრომელმა 40 საათზე მეტხანს იმუშაოს.

თუ კონკრეტულ სექტორში სამუშაო 40 საათზე მეტია, თანამშრომელს გაზრდილი ოდენობით ზეგანაკვეთური ანაზღაურება უნდა ჰქონდეს.

დანარჩენი, კონკრეტული ორგანიზაციების გადასაწყვეტი საკადრო პოლიტიკაა, თუ რამდენად ჰყოფნის მას რესურსი. 40 საათზე მეტხანს მუშაობის შემთხვევაში, ანაზღაურების ოდენობა უნდა გაიზარდოს. ჩვენ გვესმის დასაქმებულთა ეკონომიკური ინტერესიც. მათ, შეიძლება, მეტი მუშაობით მეტის გამომუშავება სურდეთ. ჩვენ ამას ვეთანხმებით, თუმცა ეს მხარეთა შორის შეთანხმებით უნდა ხდებოდეს”, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ  მთავრობა ამცირებს იმ სპეციფიკური დარგების სიას, რომელთაც შეეძლოთ კვირაში 48-საათიანი სამუშაო გრაფიკით ემუშავათ. ცვლილება ეხება მშენებლობის, ტექსტილის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოების, ქაღალდის მრეწველობის, სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესების მფლობელებს და ისინი 40-საათიან რეჟიმზე უნდა გადაეწყონ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები