„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ინტენსიურად მუშაობს „ბიომრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტზე. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც, ერთი მხრივ, მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვას, მეორე მხრივ, არ შეაფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კანონპროექტის განხილვის მიზნით გამართულ შეხვედრაზე.
„ბიომრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო 2021-2024“-ს ფარგლებში შემუშავდა.
როგორც ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, კანონპროექტი სრულად ასახავს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ევროდირექტივების შესაბამის მოთხოვნებს და მნიშვნელოვან სტანდარტებს.
„პროექტი, რომელიც არის მიმართული ბიომრავალფეროვნების კარგვის შეჩერებაზე და ჰაერის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებაზე ითვალისწინებს სამინისტროს და სხვადასხვა სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მიიღოს კანონი, რომელიც თანხვედრაში იქნება საერთაშორისო ვალდებულებებთან და უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც განპირობებულია კლიმატისა და გლობალური ცვლილებებით“, - განაცხადა საქართველოში შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელმა ხათუნა ზალდასტანიშვილმა.
შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი ცაგარეიშვილი, სალომე ქურასბედიანი, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ თავმჯდომარე მარიამ ქიმერიძე და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა კანონპროექტთან დაკავშირებული საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები გამოთქვეს, რომელიც საბოლოო დოკუმენტში იქნება გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერდაფინანსებული პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ მიზნად ისახავს გარემოს ეროვნულისააგენტოს, ველური ბუნების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსტიტუციურიშესაძლებლობების განვითარებას, მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და საქართველოს ბუნებრივირესურსების მდგრადი დაცვის, აღდგენისა და მართვის ხელშეწყობას. პროექტის საერთო ბიუჯეტი 56 500 000 შვედურ კრონას შეადგენს. პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი