საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა, კონტრციკლური კაპიტალის ბუფერის და სხვა მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის, დავით უტიაშვილის განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი მაღალი ეკონომიკური ზრდა და ფინანსური სექტორის მდგრადი განვითარებაა.
„ვხედავთ, რომ ფინანსური სექტორი მდგრადად ვითარდება, ბანკებს აქვთ კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერები, ჯანსაღია მომგებიანობის მაჩენებელი, აქტივების ხარისხი ისტორიულად მაღალ ნიშნულზეა. ასევე, საკრედიტო პორტფელის ზრდა, რომელმაც 18,6 % შეადგინა ძირითადად განპირობებულია მაღალი ეკონომიკური ზრდით, ამიტომ ვფიქრობთ რომ ეს მდგრადი დონეა“, - აღნიშნა უტიაშვილმა.
სტრუქტურული რისკების შემცირების ერთ-ერთ მთავარ კონტრიბუტორად უტიაშვილი ბიზნეს სესხებს ასახელებს, გამოწვევების ნაწილში კი დოლარიზაციის მაღალ დონესა და გეოპოლიტიკურ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას.
„კვლავ გამოწვევად რჩება მაღალი დოლარიზაცია, თუმცა ამის საპასუხოდ წელს ჩვენ რამდენიმე დამატებითი ინსტრუმენტი ავამოქმედეთ, ამიტომ ვფიქრობთ, რომ დოლარიზაციიდან მომდინარე რისკები გააგრძელებს შემცირებას. ასევე ნარჩუნდება რეგიონში გეოპოლიტიკური საფრთხეები და ის სტრესსცენარები, რასაც ჩვენ განვიხილავთ, აჩვენებს, რომ საბანკო სექტორი სრულიად მზადაა გაუმკლავდეს პოტენციურ შოკებს“, - განაცხადა უტიაშვილმა.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2024 წლის 27 ნოემბერს გაიმართება.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება