2022-23 წლებში რეკორდულად მაღალი მოთხოვნის შემდეგ, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 2024 წელს გაყიდვების ტემპი შენელდა, - ამის შესახებ Galt&Taggart– ის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.
ეს შენელება განპირობებული იყო სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობით, მათ შორის მიგრანტების ეტაპობრივი გადინებით, ფასების ზრდით, მაღალი საპროცენტო განაკვეთებითა და ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით.
ამის მიუხედავად, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი შესადარის ქალაქებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავლიანობით ხასიათდება. ფასები კვლავ იზრდება, თუმცა ზრდის ტემპი შენელებულია და 2025 წლისთვის ჩვენ ველოდებით ფასების არსებულ დონეზე დასტაბილურებას. ამასთან, ფასის ზრდის პოტენციალს ვხედავთ უცხოელი მყიდველების მხრიდან მოთხოვნის შემდგომი ზრდის შემთხვევაში.
„საცხოვრებელი უძრავი ქონება აჭარაში 2024 წლის აპრილში ჩვენ ჩავატარეთ 6 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რომელთაც მიმდინარე სამშენებლო პროექტები ბათუმში აქვთ. შედეგებზე დაყრდნობით, პირველად ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა 2024 წლის 9 თვეში წლიურად 22.9%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ ეს შემცირება ადგილობრივებზე და რუსეთის მოქალაქეებზე გაყიდვების კლებას უკავშირდება.
ამის საპირისპიროდ, ისრაელის მოქალაქეებზე გაყიდვები წლიურად თითქმის 55%-ით გაიზარდა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვები შედარებით ნაკლებად შემცირდა.
მომავალში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან მაღალ მოთხოვნას შემოსავლიანობის მაღალ დონეზე შენარჩუნება განსაზღვრავს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
სურათი მსგავსია მეორად ბაზარზეც. ჯამურად 2024 წლის 9 თვეში მეორად ბაზარზე 4,752 ბინა გაიყიდა, რაც 10.0%-იანი წლიური კლებაა და მიგრანტების გადინებითაა განპირობებული.
უძრავი ქონების საშუალო შეწონილი ფასები ბათუმში, აშშ დოლარი/მ2
ბათუმში პირველად ბაზარზე საშუალო ფასმა განაგრძო ზრდა და წინა კვარტალთან შედარებით 3.0%-ით გაიზარდა, თუმცა ფასის ზრდის ტემპი შენელებულია.
2022-23 წლების განმავლობაში, ფასების ზრდის ყოველთვიური ტემპი 2-3%-ს შეადგენდა, თუმცა 2024 წელს 1%-ზე დაბალია. 2024 წლის 9 თვეში, ბათუმში გაყიდული ბინების ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ 675.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდს 10.0%-ით ჩემორჩება და ბინების გაყიდვების შემცირების შედეგია.
ბათუმში 2024 წლის სექტემბერში იჯარის ფასი ამავე წლის ივნისთან შედარებით შემცირდა, რაც სეზონურობით იყო გამოწვეული. ქირის ამონაგები ამჟამად 9.0%-ს შეადგენს, რაც შესადარის ქალაქებს მნიშნველოვნად აღემატება.
ბათუმში მიწის მწირი რესურსების ფონზე, უძრავი ქონების დეველოპმენტის არეალი თავდაპირველად ქალაქის მიმდებარე რაიონებში, გონიო-კვარიათსა და მახინჯაურში (15 და 19 მიმდინარე პროექტი, შესაბამისად) გაფართოვდა.
ამჟამად ახალი მშენებლობების არეალი კიდევ უფრო გაზრდილია აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ და მოიცავს ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა ჩაქვი, ციხისძირი, ქობულეთი და შეკვეთილი (ჯამში 20 მიმდინარე პროექტი).
2024 წლის მე-3 კვარტალში ქობულეთის პირველად ბაზარზე საშუალო შეწონილი ფასი $1,233/მ2 -ს გაუტოლდა (+5.0% წ/წ). ჯამში, 2024 წლის 9 თვეში ქობულეთში 495 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 33.5%-იანი წლიური კლებაა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება