2022 წელს საქართველოს რეზიდენტების გასვლითი ვიზიტების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა 2021 წელთან შედარებით, 1.7 მილიონ ვიზიტს მიაღწია და პანდემიამდელი მაჩვენებლის 71% შეადგინა. ამის შესახებ PMC-ის კვლევითი ცენტრის თვის მიმოხილვაშია ნათქვამი.
2022 წელს გასული ვიზიტორების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დანიშნულების ადგილად თურქეთი (54%) აირჩია, რომელსაც მოსდევდა რუსეთი (14%). აღსანიშნავია, რომ რუსეთში გასვლითი ვიზიტების რაოდენობამ პანდემიამდელ რიცხვს 49%-ით გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 2022 წლის III კვარტალში აღმოჩნდა, როდესაც ვიზიტების რაოდენობამ 143%-ით გადააჭარბა 2019 წლის III კვარტლის მაჩვენებელს.
2022 წელს ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა 6.1 ღამეს უდრიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 2.17 ღამით მეტია.
2022 წელს ვიზიტების მთავარი მიზანი იყო საყიდლები, რამაც მიაღწია ვიზიტების საერთო რაოდენობის 41%-ს, მაშინ, როცა 2019 წელს ეს რიცხვი 29%-ს უდრიდა. საყიდლების წილი ასევე გაიზარდა გამსვლელი ვიზიტორების მთლიან ხარჯებში და მიაღწია 759 მილიონ ლარს, რაც 16%-ით მეტია 2019 წლის დანახარჯებთან შედარებით.
2023 წლის თებერვალში საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი (სფი) 2023 წლის იანვართან შედარებით 1.6%-ით შემცირდა, ხოლო 2022 წლის თებერვალთან შედარებით - 9.2%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ წლიური ფასების ზრდა განსაკუთრებით მაღალი საოჯახო სასტუმროებისთვის აღმოჩნდა (18.3%). აღსანიშნავია, რომ თებერვალში ყოველთვიური (6.4%) და წლიური (20%) სასტუმროს ფასების ინდექსი ყველაზე მაღალი იყო სამცხე-ჯავახეთში, რაც შეიძლება ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატით აიხსნას.
2022 წელს საქართველოს რეზიდენტების მიერ გასვლითი ვიზიტების რაოდენობა 2021 წელთან შედარებით სამჯერ გაიზარდა და 1.7 მილიონ ვიზიტს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან გასვლითი ტურიზმის აღდგენა ეტაპობრივად მოხდა, ხოლო 2022 წლის II კვარტალში სწრაფი ზრდა აჩვენა. საერთო ჯამში, 2022 წელს ვიზიტების რაოდენობამ 2019 წლის 71.3%-ს მიაღწია.
საქართველოდან გამსვლელი ვიზიტორების მთავარი დანიშნულების ქვეყნების სტრუქტურა პანდემიამდელის მსგავსი აღმოჩნდა, აზერბაიჯანის გამოკლებით. აზერბაიჯანში ვიზიტებმა გასვლითი ვიზიტების მხოლოდ 1% შეადგინა, რაც გაცილებით დაბალია 2019 წლის მაჩვენებელზე (23%). ეს სრულად აიხსნება აზერბაიჯანის მიერ სახმელეთო საზღვარზე შენარჩუნებული მკაცრი რეგულაციებით. 2022 წელს გამსვლელი ვიზიტორების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დანიშნულების ადგილად თურქეთი (54%) აირჩია, რასაც მოსდევდა რუსეთი (14%), ევროკავშირი (11%) და სომხეთი (7%). თურქეთში გასვლითმა ვიზიტებმა შეადგინა 2019 წლის საერთო რაოდენობის 89%, ხოლო რუსეთისთვის მნიშვნელოვნად გადააჭარბა პანდემიამდელ რიცხვს (49%).
2022 წელს ვიზიტის ძირითადი მიზნების მიხედვით გასვლითი ვიზიტების განაწილებამ 2019 წელთან შედარებით გარკვეული განსხვავებები აჩვენა. 2022 წელს მეგობრებისა და ნათესავების მონახულების წილი მთლიან ვიზიტებში შემცირდა 14 პროცენტული პუნქტით, რაც ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვით. ამავდროულად, საყიდლების წილი გაიზარდა 12 პროცენტული პუნქტით და 2022 წელს ვიზიტების განხორციელების ყველაზე ხშირი ძირითადი მიზანი გახდა. გამსვლელი ვიზიტორების ხარჯებმა 2022 წელს 1.8 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2019 წელთან შედარებით მხოლოდ 12%-ითაა ნაკლები.
აღსანიშნავია, რომ ხარჯების აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობდა და 2022 წლის IV კვარტალში 5%-ით გადააჭარბა პანდემიამდელ მაჩვენებელს. 2022 წელს ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა 6.1 ღამეს უდრიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 2.2 ღამით მეტია.
2022 წელს ვიზიტორთა ხარჯების განაწილება 2019 წლის მსგავსია, საყიდლების წილის მნიშვნელოვანი ზრდისა (მთლიანი დანახარჯების 42%) და რეკრეაციისა და განთავსების წილის შემცირების გამოკლებით.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი