USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩინეთი შუა დერეფნით ინტერესდება, რომელსაც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ეკონომიკური ინტერესები - ლევან დავითაშვილი

ჩინეთი შუა დერეფნით ინტერესდება, რომელსაც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ეკონომიკური ინტერესები - ლევან დავითაშვილი

2023-12-18 12:13:00

ერთი გზა ერთი სარტყლის ინიციატივის არსებობის პირობებში, პირველი შემთხვევაა, რაც ჩინეთმა მნიშვნელობა მიანიჭა ე.წ. შუა დერეფანს, იმ მარშრუტს, რომელიც საქართველოსთვისაც საინტერესოა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. 

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას არასდროს არ უხსენებია, რომ შუა დერეფანი, მისთვის საინტერესოა ეკონომიკური და სატრანსპორტო კუთხით. ეს არის მარშრუტი, რომელზეც ისინი აქცენტს ახლა გააკეთებენ, თუმცა ეს არ ყოფილა არასდროს ფორუმამდე. მათ შორის ამ თემით დაინტერესება არ მომხდარა ჩვენი აქტიური დიალოგით ჩინეთთან, ასევე პირდაპირი დიალოგით ამ  ქვეყნის პირველ პირთან სი ძინ პინთან . პრეზიდენტის 8 ახალი პრიორიტეტიდან, რომელიც მან გააჟღერა, პირველი პრიორიტეტი იყო კავშირების გაძლიერება და კონკრეტულად შუა დერეფნის განვითარება. 

შუა დერეფანი ეს არის საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც ჩრდილოეთის დერეფნის ალტერნატივა, რომელიც გადის რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებზე და საქართველოს ეკონომიკური ინტერესები პირდაპირ უკავშირდება ამ პროექტს და ამ დერეფნის განვითარებას“, - განაცხადა დავითაშვილმა. 

მისი თქმით ცნობილია, რომ ძირითადი ტვირთნაკადი ამ დერეფანში წარმოიქმნება ჩინეთიდან. ამ ქვეყანას თითქმის ტრილიონამდე ბრუნვა გააჩნია ევროკავშირთან და რამდენიმე ასეული მილიარდის ბრუნვა აქვს აშშ-თან. „ევროკავშირთან ძირითადი სავაჭრო ნაკადები ტრანსპორტირდებოდა ჩრდილოეთის დერეფნით. ეს იყო 600 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი, ეს არის 30-ჯერ მეტი, ვიდრე ჩვენს დერეფანში ვახდენთ ტვირთის გენერირებას და დღეს ჩნდება პერსპექტივა, რომ საქართველომ მოიზიდოს დამატებითი ტვირთი დერეფანში, რაც უკავშირდება მთლიანად ლოგისტიკური სექტორის განვითარებას და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ხდება ის რეალისტური პროექტები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ წლების განმავლობაში. ამ შემთხვევაში რეალისტური ხდება რკინიგზის მოდერნიზაცია, გზების მშენებლობა მით უფრო გამართლებულია ეკონომიკური კუთხით და დამატებითი შემოსავლები ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ეკონომიკაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი ("შუა დერეფანი") გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომ ევროპის ქვეყნების გავლით. სადაც ხორციელდება საკონტეინერო გადაზიდვები სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები