USD 2.8746

EUR 3.0252

TRY 0.0827

GBP 3.6438

RUB 0.027011

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წელს აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ადრე დაიწყება - თინათინ ზოიძე

წელს აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ადრე დაიწყება - თინათინ ზოიძე

2023-04-04 15:45:52

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებას წელს შედარებით ადრე ვარაუდობენ. როგორც  Business Insider Georgia-ს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ განუცხადა, სასტუმროებში უკვე მაღალი დატვირთულობა შეინიშნება.

იმავდროულად ბათუმისა და ზღვის სანაპიროს გარდა აქტიური სამზადისი მიმდინარეობს აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში. 

მახუნცეთის ჩანჩქერს უკვე „კონკურენტებიც“ გამოუჩნდნენ. როგორც თინა ზოიძე აცხადებს, აჭარაში სულ 25 მარკირებული მარშრუტია და ამ მარშრუტებზე 20%-ითაა გაზრდილი სასტუმრო სახლებისა და სერვისების რაოდენობა. 

იმავდროულად მიმდინარეობს მირვეთში ბილიკის განახლება. ასევე მახუნცეთის ჩანჩქერის გარდა ვიზიტორებს შესაძლებლობა მიეცემათ დანდალოს და გოდერძის ჩანჩქერები მოინახულონ. ამ დროისათვის ამ ჩანჩქერებთან მისასვლელი ბილიკები წესრიგდება. 

„წელს საზღვაო ტურისტული სეზონი ადრე დაიწყება, რადგანაც რეალურად სასტუმროებში განთავსების  მაჩვენებელი ახლაც მაღალია. შესაბამისად რეგიონის ყველა უწყება, მათ შორის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად ემზადება საზღვაო სეზონისთვის. 

უნდა ითქვას, რომ წელს გვაქვს 5 მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რაზეც კერძო სექტორთან ერთად წლის დასაწყისიდან აქტიურად ვმუშაობთ. 

პირველი ეს არის, რეგიონის პოპულარიზაცია და ბაზრების დივერსიფიკაცია, საერთაშორისო ბაზრებზე. სამიზნე ქვეყნებს ვგულისხმობ. ყველა პლატფორმაზე, სადაც მნიშვნელოვანია, რომ კონკურენტუნარიან გარემოში იყოს ჩვენი მიმართულება საქართველო, აჭარა, ბათუმი. ყველა მნიშვნელოვან პლატფორმაზე ბათუმი და საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება უნდა იყოს დატანილი. ამაში ძალიან აქტიურადაა კერძო სექტორიც ჩართული. 15 საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ და დაფარვაც გვქონდა ძალიან დიდი. საერთაშორისო კამპანიები და რეგიონის იმიჯზე მუშაობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია.

მეორე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელზედაც ჩვენ ვმუშაობთ ეს არის ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია. იმისთვის, რომ ვიზიტორი ჩვენთან ჩამოვიდეს და დიდხანს გაჩერდეს მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები.

ასევე უნდა აღუნიშნოს, რომ ტურისტული პროდუქტის განვითარება ავტომატურად უკავშირდება ინფრასტრუქტურას, რომელიც ჯერჯერობით გამოწვევად რჩება და სახელმწიფო აქტიურად მუშაობს კერძო სექტორთან ერთად. ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე მუშაობა, რომელიც მთლიანად შეცვლის სურათს თითოეულ მუნიციპალიტეტში ვიზიტორების მოზიდვის თვალსაზრისით. 

მესამე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და გამოწვევა, არის სერვისის დონე რეგიონში. საქართველოში სერვისების დონე ამ ეტაპზე გამოწვევას წარმოადგენს და ასევეა კადრებთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნულზე სექტორთან და პროფესიულ სასწავლებლებთან აქტიურად ვმუშაობთ. მაგალითად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა უკვე დაიწყო საზღვაო ტურისტული სეზონისთვის საჭირო მიმართულებებზე აქტიური დატრენინგება: როგორც გიდების, ასევე სააგენტოებისა და დასუფთავების ბლოკთან დაკავშირებით. იგეგმება სექტორში დასაქმებული 1000-ზე მეტი პირის დატრენინგება და გადამზადება. 

მეოთხე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, არის ის რომ 2023 წელს ბათუმში განსაკუთრებული ტურისტული სეზონი იქნება, ბევრ საერთაშორისო ღონისძიებას ვმასპინძლობთ. პირველი - მაისში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა, ივნისში უკვე იწყება მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 21 წლამდე ასაკში და ფინალსაც ბათუმი უმასპინძლებს. ასევე ბათუმში ჩატარდება მსოფლიო ტურისტული დაჯილდოება ე.წ „მსოფლიო ტურიზმის ოსკარი“. ასევე არის ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს და სხვა. მთელი ზაფხულის სეზონის კალენდარი დატვირთულია მასშტაბური ღონისძიებებით. საერთაშორისო მასშტაბით ჩემპიონატები კი არის მასშტაბური, მძლავრი საშუალება იმისთვის, რომ რეგიონის პოპულარიზაცია მოვახდინოთ. ეს არის ბუნებრივი, მარკეტინგული არხი, რაც საშუალებას გაძლევს, რომ ძალიან დიდ მასშტაბზე გავიდეთ .

მეხუთე, პანდემიამ გვაჩვენა, რომ შიდა ტურიზმის განვითარება ეკონომიკური თვალსაზრისითაც და ძალიან ბევრი მიმართულებითაც მდგრადია. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის რეგიონი ისედაც პოპულარულია შიდა ვიზიტორებისთვის, 2 მლნ მოგზაურის ვიზიტი გვიფიქსირდება. რა თქმა უნდა ის ტურისტული ობიექტები, რომელიც აჭარაში გვაქვს ვფიქრობთ, რომ უკვე მოვარგოთ შიდა ტურიზმს და შიდა მომხმარებლებს. ამისათვის სპეციალური თარგეთირებული პროექტი გვექნება, რომელიც საქართველოს რეგიონებს ჩვენს კუთხეს განსხვავებულად დაანახებს. ვქმნით სპეციალურ აპლიკაციას, რათა ყველამ თავიდან აღმოაჩინოს აჭარა“, - აცხადებს თინათინ ზოიძე. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები