საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე თბილისში ორდღიანი ვიზიტით მყოფ ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია WIZZ AIR-ის მენეჯმენტს შეხვდა.
ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ოპერირების ტექნიკურ დეტალებს და ქვეყანაში Wizz Air-ის შემდგომ გაფართოებას.
„Wizz Air ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ქუთაისის აეროპორტში მთავარი კონტრიბუტორია. 2022 წლის მონაცემებით, ის 14,5%-იანი წილით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია და ამ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ყველაზე მეტი პირდაპირი მიმართულებით დაფრინავს.
ჩვენ მუდმივად ვესაუბრებით ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ჩვენთვის პრიორიტეტულ, არსებულ და ახალ მიმართულებებზე. ყოველთვის მივესალმებით ჩვენს აეროპორტში Wizz Air-ის გაფართოებას გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
2022 წელს Wizz Air 630 000 გადაყვანილი მგზავრით საქართველოს ბაზარზე ლიდერობს.
1-ლი ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს.
ასევე, არსებულ მიმართულებებზე სიხშირეებს დაამატებს. საქართველოში ვიზიტით მყოფი ავიაკომპანიის მენეჯმენტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების შემდეგ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილთან გამართავს.
უახლესი
6 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა