ყველანაირი რესურსი გვაქვს, რომ 2030 წლისთვის მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შევამციროთ, სიღარიბე სრულად აღმოვფხვრათ და მაღალშემოსავლიან ქვეყნად ვიქცეთ. ამისათვის კი მთავარი, ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ქვეყანაში მშვიდობისა და მშვიდი გარემოს შენარჩუნებაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საქართველოსა და მოწინავე ქვეყნებს შორის, ცხოვრების დონის თვალსაზრისით, სხვაობა თანდათანობით მცირდება.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველომ ეკონომიკური მაჩვენებლებით მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანას გადაასწრო და 110-ე ადგილიდან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა არა მხოლოდ აბსოლუტურ ჭრილში, არამედ სხვა ქვეყნებთან შეფარდებითაც იზრდება.
მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2028 წლისთვის საქართველოში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოსახლეობის ცხოვრების დონეებს შორის სხვაობა კიდევ უფრო შემცირდება.
„ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის არაერთი საზომი არსებობს, მაგრამ უმთავრესი საზომი მაინც მისი ეკონომიკაა. საკმარისია დახედოთ ქვეყნების სიას ერთ სულ მოსახლეზე ე.წ. PPP მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით და ზუსტად გაიგებთ, როგორ ცხოვრობს ხალხი ამა თუ იმ ქვეყანაში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, გერმანიასა და შვედეთში ხალხი დღეს საქართველოზე 3-ჯერ უკეთესად, ხოლო საფრანგეთში - დაახლოებით, 2.5-ჯერ უკეთესად ცხოვრობს. საქართველოზე 60%-ით უკეთესად ცხოვრობენ რუსეთში, ხოლო 50%-ით უკეთესად - ბულგარეთში. საქართველოს ჩამორჩება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები - ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა, აგრეთვე აზერბაიჯანი და სომხეთი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და მოწინავე ქვეყნებს შორის, ცხოვრების დონის თვალსაზრისით, სხვაობა თანდათანობით მცირდება. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2012 წელს გერმანიასა და შვედეთში ხალხი საქართველოზე არა 3-ჯერ, არამედ 4,5-ჯერ უკეთესად, საფრანგეთში არა 2,5-ჯერ, არამედ 4-ჯერ უკეთესად, ხოლო რუსეთსა და ბულგარეთში - არა 58 და 51 პროცენტით, არამედ 148 და 67 პროცენტით უკეთესად ცხოვრობდა.
გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველომ ეკონომიკური მაჩვენებლებით მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანას გადაასწრო და 110-ე ადგილიდან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა არა მხოლოდ აბსოლუტურ ჭრილში, არამედ სხვა ქვეყნებთან შეფარდებითაც იზრდება.
ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური განვითარება ევროკავშირში გაწევრიანებამ დააჩქარა. რეალურად, თუ გადავხედავთ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში 2003 წელს გაწევრიანდნენ, ვნახავთ, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, 2003-23 წლებში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ნომინალური ეკონომიკა 4-ჯერ, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის - 3-ჯერ, ხოლო სლოვენიისა და უნგრეთის - 2-ჯერ გაიზარდა. თუმცა, საინტერესოა, რომ ზუსტად იგივე წლებში, იმავე მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა არა 2-ჯერ, 3-ჯერ ან 4-ჯერ, არამედ 7,5-ჯერ გაიზარდა. ეს მონაცემები ადასტურებს, რომ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკაა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2028 წლისთვის კიდევ უფრო შემცირდება საქართველოში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოსახლეობის ცხოვრების დონეებს შორის სხვაობა. 2028 წელს საქართველოს PPP მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 32 ათას დოლარს გადააჭარბებს და ჩამორჩენა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობასთან (მათ შორის იტალიასთან, ესპანეთთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთთან) ორმაგზე ნაკლები გახდება. კერძოდ, იტალიასთან ჩვენი ჩამორჩენა 99%, ესპანეთთან - 86%, პორტუგალიასთან - 72%, ხოლო საბერძნეთთან - 48% იქნება.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკანასკნელ წლებში, საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს ყოველთვის გადაჭარბებით ასრულებდა. აქედან გამომდინარე, გვაქვს ყველანაირი რესურსი, 2030 წლისთვის მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შევამციროთ, სიღარიბე სრულად აღმოვფხვრათ და მაღალშემოსავლიან ქვეყნად ვიქცეთ. ამისათვის კი მთავარი, ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ქვეყანაში მშვიდობისა და მშვიდი გარემოს შენარჩუნებაა,“ - წერს ირაკლი კობახიძე.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება