პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
კენჭისყრა დღეს გაიმართა. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვებს მხარი დაუჭირა 15-მა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგ 26-მა მისცა ხმა.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ჩაგდების შემდეგ კენჭისყრაზე კანონპროექტის პირვანდელ რედაქცია დადგა. მას მხარი 82-ხმით (9 წინააღმდეგი) დაუჭირეს.
მანამდე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნების განხილვა გაიმართა.
სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნები დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ გააცნო.
უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა მანამდე ვეტო დაადო, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება.
ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.
კანონპროექტი პარლამენტმა თებერვალში მიიღო და პარლამენტს თებერვალშივე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები წარედგინა, სადაც პრეზიდენტი აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში დამატებითი თანამდებობის შემოღების საჭიროებას ვერ ხედავს.
„პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, გარკვეული პერიოდით საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში ცხრა წევრიდან ხუთი აღმასრულებელი იქნება, ხოლო ოთხი - არააღმასრულებელი წევრი. ამგვარად გარკვეული პერიოდში საბჭოს აღმასრულებელი და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსი ირღვევა. ეს მიუღებელია და რისკის ქვეშ აყენებს ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს როლს. აღნიშნულ რისკზე მიუთითებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და შესაბამისი დარგის ექსპერტები“, - აცხადებს პრეზიდენტი, რომლის შეფასებითაც, კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების რეალური საჭიროება არ არსებობდა.
გასულ კვირას, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, „იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას“.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს ვადა 2 მარტს ამოეწურა და ამ დრომდე უცნობია, ვინ იქნება მისი შემცვლელი.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება