USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კიბერუსაფრთხოების წესები წინასაახალწლო საყიდლებისას

კიბერუსაფრთხოების წესები წინასაახალწლო საყიდლებისას

2023-12-25 17:00:00

წინასაახალწლო საჩუქრების შეძენის სეზონი ყველაზე აქტიურ ფაზაშია და ათასობით მომხმარებელი წლის მიწურულს ეძებს მისთვის საუკეთესო შეთავაზებებს ინტერნეტში.  სწორედ აქტიური შეთავაზებების ეს პერიოდი არის კიბერთაღლითებისთვის ყველაზე ხელსაყრელი, რათა  ბოროტად ისარგებლონ მყიდველების გაზრდილი ინტერესითა და მოდუნებული ყურადღებით. 

თაღლითების მიზანი უცვლელი და მარტივია:  ყალბი ვებ-გვერდების, მავნე ბმულებისა და სხვა მსგავსი ხერხების მეშვეობით მოიპოვონ თქვენი პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია, გამოგძალონ თანხა და მოგაყენონ ფინანსური ზიანი. 

ამდენად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების საბაზისო წესების დაცვა ინტერნეტ სივრცეში ნავიგაციისას, განსაკუთრებით კი დეკემბრის ბოლო კვირასა და სადღესასწაულო დღეებში.    

საქართველოს საბანკო ასოციაცია შესყიდვებისთვის აქტიურ კვირაში გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რათა არ გახდეთ კიბერდანაშაულის მსხვერპლი. 

სადღესასწაულო საყიდლების უსაფრთხოდ წარმოების რამდენიმე წესი:

წესი #1: არ წამოეგოთ ანკესს „უნიკალური შეთავაზება, მხოლოდ 1 დღე!“, „გახდი იღბლიანი და მიიღე საჩუქრად 3 iphone-ერთის ფასად“, „უფასო მოგზაურობის“ შეთავაზებებს. მსგავსი შეთავაზებების 99.999% ყალბია;

წესი #2:  არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე, რომლებსაც მიიღებთ sms-ით ან ელ-ფოსტით, თუნდაც ეს ინფორმაცია ერთი შეხედვით ნაცნობი გამომგზავნისგან მიიღოთ. თუ მაინც ცნობისმოყვარეობამ გძლიათ, ვებ-გვერდის მისამართი თქვენ თვითონ აკრიფეთ ბროუზერში და დარწმუნდით, რომ ის ლეგიტიმური, ნამდვილი და დაცულია. გახსოვდეთ, წარმატებული კიბერშეტევა სწორედ sms და ელ-ფოსტაზე ფიშინგ შეტყობინებით იწყება;

წესი #3: არასდროს გააზიაროთ ის ინფორმაცია, რაც მხოლოდ თქვენ უნდა იცოდეთ: პაროლი, პინ-კოდი, საიდუმლო გასაღები, საიდუმლო/კოდური სიტყვა/ერთჯერადი პაროლი, ა.შ.

წესი #4: არასდროს გააზიაროთ საბარათე მონაცემები ტელეფონით, chat-ით, უცნობ ვებ-გვერდებზე. გადახდისას გამოიყენეთ ელექტრონული საფულეები, როგორიცაა Google Pay/Apple Pay საფულე;

წესი #5: ონლაინ შესყიდვები განახორციელეთ მხოლოდ ნაცნობ, ლეგიტიმურ და დაცულ ვებ-გვერდებზე. უმჯობესია დაძებნოთ ონლაინ მაღაზიის ოფიციალური ვებ-გვერდი და იქ განახორციელოთ შესყიდვა.

წესი #6: ყველა თქვენ მოწყობილობაზე სისტემატურად დააყენეთ განახლებები (სასურველია ავტომატური) და გაააქტიურეთ ანტი-ვირუსული პროგრამები სანდო მწარმოებლისგან;

წესი #7: გამოიყენეთ რთული პაროლები (მინიმუმ 12 სიმბოლო), სასურველია გქონდეთ განსხვავებული პაროლი სხვადასხვა ანგარიშებზე და სისტემებზე. პერიოდულად განაახლეთ პაროლები და არასდროს გააზიაროთ ისინი;

წესი #8: თქვენი ყველა მნიშვნელოვანი ფოტო, ვიდეო და სხვა ფაილების ასლები შეინახეთ განცალკევებულ გარე მატარებელზე ან ღრუბლოვან სანახზე;

წესი #9: ონლაინ შესყიდვისთვის გამოსაყენებლ საბანკო ბარათზე განათავსეთ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის თანხა, რომელიც გესაჭიროებათ საყიდლების შესაძენად, დანარჩენი თანხა კი განათავსეთ ისეთ ანგარიშზე, რომელზეც არ არის მიბმული ბარათი (მაგ. მოთხოვნამდე ანაბარზე) და საჭიროებისამებრ გადაიტანეთ თანხა თქვენს საბარათე ანგარიშზე;

ზემოაღნიშნული წესების დაცვის შემდეგ თუ მაინც გადაწყვიტეთ თქვენთვის აქამდე უცნობ ვებ-გვერდზე ფინანსური/პერსონალური/საბარათე მონაცემების შეყვანას ან უცნობ ბმულზე გადასვლას -  შეჩერდით, კიდევ ერთხელ დაფიქრდით და შემდეგ გადადით ამ ბმულზე;   

გისურვებთ, უსაფრთხო და ნაყოფიერ შესყიდვებს 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები