USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხარჯები | ფიქსირებული და ცვალებადი ხარჯები

ხარჯები | ფიქსირებული და ცვალებადი ხარჯები

2022-11-30 04:04:21

ფიქსირებული და ცვალებადი ხარჯები

 

იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება მათი მოცულობა, შეიძლება, ხარჯების ორი ჯგუფი გამოვყოთ: ფიქსირებული და ცვალებადი (ცვლადი). ფიქსირებულს ისეთ ხარჯებს უწოდებენ, რომლის მოცულობაც, როგორც წესი, თვიდან თვემდე არ იცვლება. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, ინტერნეტმომსახურების ფიქსირებული გადასახადი, სადარბაზოს დასუფთავების ღირებულება, დაზღვევის ხარჯი, სესხის შენატანი და სხვა.

რაც შეეხება ცვალებად ხარჯებს, მათი მოცულობა პერიოდულად იცვლება და ყოველ თვე სხვადასხვა თანხაა გადასახდელი. ცვალებად ხარჯებს მიეკუთვნება, მაგალითად, კომუნალური მომსახურების, სურსათის, მოგზაურობის, დასვენება-გართობის და სხვა ხარჯები, რომელთა მოცულობაც თქვენი ქმედებების თუ გადაწყვეტილებების მიხედვით იცვლება.

მიუხედავად იმისა, ხარჯი ფიქსირებულია თუ ცვლადი, ყოველთვის შეიძლება იმაზე დაფიქრება, რამდენად არსებობს მათი შემცირების შესაძლებლობა. ცვლადი ხარჯების შემცირება თქვენს სამომავლო გეგმებსა და ქცევებზე იქნება დამოკიდებული - მაგალითად, მოგზაურობას თუ ქვეყნის შიგნით დაგეგმავთ, დანახარჯი შესაძლოა უფრო მცირე იყოს, ვიდრე უცხოეთში წასვლისას. შესაბამისად, თქვენ თავად წყვეტთ, რა თანხა დახარჯოთ. ფიქსირებული ხარჯების შემცირება კი რიგ შემთხვევაში შესაძლოა მომსახურების სხვა ალტერნატივის ჩანაცვლებაზე იყოს დამოკიდებული. თუმცა აქ უკვე უნდა დაფიქრდეთ, ესა თუ ის ხარჯი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული თუ აუცილებლობას წარმოადგენს.

 

ხარჯების გაწევას საჭიროება განსაზღვრავს თუ სურვილი?

 

ხშირ შემთხვევაში, ფული ნივთებისა და მომსახურებების შეძენაში იხარჯება. ხარჯვის კუთხით გამოიკვეთება ადამიანების ორი პირობითი კატეგორია: ერთი, რომელსაც შემოსავალი ყველა ხარჯის დასაფარად ჰყოფნის და მეორე, რომელსაც შემოსავალი თვიდან თვემდე არ მიჰყვება. ამ ქცევის ასახსნელად ადამიანის საჭიროებებისა და სურვილების განხილვა დაგეხმარებათ. თითოეულ თქვენგანს  გააჩნია საჭიროებები და სურვილები. საჭიროებებს ვუწოდებთ ყველაფერს იმას, რაც არსებობისთვის აუცილებელია.

მაგალითად, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, სრულფასოვანი კვება და სხვა, ხოლო სურვილები არის ყველაფერი ის, რაც აუცილებელი არაა, მაგრამ გაბედნიერებთ, ცხოვრებას გიხალისებთ და გსურთ, რომ გქონდეთ. მაგალითად, ახალი ავტომობილი, გემრიელი ტორტი, აგარაკი კონკრეტულ კურორტზე და სხვა. თუ დააჯგუფებთ იმას, რაც თქვენთვის აუცილებელია, ისინი შეგვიძლია ოთხ ძირითად კატეგორიაში გავაერთიანოთ: უსაფრთხო საცხოვრებელი; ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელი საკვები და წყალი; ჰიგიენის დაცვისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი ნივთები; სიტუაციისა და საჭიროების შესაბამისი ტანისამოსი. სხვა დანარჩენი, მაგალითად, თანამედროვე დიზაინით მოწყობილი სახლი, ბრენდირებული სამოსი და მსგავსი ნივთები და მომსახურებები, საჭიროებებს მიღმაა და სურვილებში ერთიანდება.

შესაძლებელია გაჩნდეს კითხვა: თანხის რაციონალური ხარჯვა ხომ არ ნიშნავს სურვილებზე სრულად უარის თქმას და მხოლოდ საჭიროებების დაკმაყოფილებას?

პასუხია: რა თქმა უნდა, არა. თქვენ შრომობთ იმისთვის, რომ სურვილებიც აისრულოთ. შემოსავლის გონივრულად განაწილება გულისხმობს იმას, რომ სურვილები მხოლოდ მას შემდეგ აისრულოთ, რაც საჭიროებებს დაიკმაყოფილებთ.

გააზრებულად დახარჯვა კი იმასაც გულისხმობს, რომ სურვილებიც და საჭიროებებიც შეძლებისდაგვარად თქვენი სახსრებით და საჭიროების შემთხვევაში გონივრული სესხებით დააფინანსოთ.

წყარო: https://www.finedu.gov.ge

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები