USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფინანსების დაცვა | თაღლითობა საბანკო ბარათის, ბანკომატისა და პოსტერმინალის გამოყენებით

ფინანსების დაცვა | თაღლითობა საბანკო ბარათის, ბანკომატისა და პოსტერმინალის გამოყენებით

2022-11-14 04:04:01

საბანკო ბარათის უსაფრთხოება

 

თუ ყურადღებასა და სიფრთხილეს არ გამოიჩენთ, თაღლითებმა შესაძლოა თქვენი საბანკო ბარათი ან ბარათის მონაცემები მაშინ მოიპარონ, როდესაც თქვენ ბანკომატით ან პოსტერმინალით სარგებლობთ.

 

ხშირად მომხმარებლები თავიანთ საბანკო ბარათს უყურადღებოდ ტოვებენ, რაც ხელსაყრელია თაღლითებისთვის. არ დატოვოთ ბარათი და ფინანსური დოკუმენტები მაგიდაზე სამსახურში ან სკოლაში, მანქანაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც მასზე ხელი ბევრ ადამიანს მიუწვდება. ამასთან, არ გაგზავნოთ ბარათის სრული მონაცემები - ნომერი, ვადა, უსაფრთხოების კოდი - ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით და არ გაუზიაროთ ეს მონაცემები თქვენს მეგობრებსაც კი. 

ბანკომატით სარგებლობისას მნიშვნელოვანია სიფრთხილე გამოიჩინოთ: არ დაუშვათ, რომ სხვა ადამიანი თქვენთან ზედმეტად ახლოს იდგეს და ხედავდეს, თუ რა კოდს კრეფთ, დაფარეთ ბანკომატის კლავიატურა, როდესაც მას იყენებთ და დარწმუნდით, რომ ბანკომატის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის დაყენებული ისეთი კამერა, რომელიც ბანკს არ ეკუთვნის და რომელმაც შესაძლოა თქვენი ბარათის მონაცემები დააფიქსიროს და ჩაიწეროს. დაბოლოს, მიაქციეთ ყურადღება, რომ ბარათი ან  ფული სიჩქარეში  შემთხვევით ბანკომატში არ დაგრჩეთ.

სკიმინგი

აქვე, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ „სკიმინგზე“, რომელიც ფინანსური თაღლითობის ერთ-ერთი საყურადღებო ფორმაა. სკიმინგის დროს ბანკომატზე ან პოსტერმინალზე მონტაჟდება სპეციალური მოწყობილობა - სკიმერი, რომელიც ბარათის მონაცემებს (პინკოდი, ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა, უსაფრთხოების კოდი) იპარავს, რასაც თაღლითი შემდგომში თანხის მისათვისებელად იყენებს. 

 

„სკიმინგისგან“ თავის დაცვის მიზნით, ბანკომატის გამოყენებისას დარწმუნდით, რომ ბანკომატი განათებულ ადგილასაა განთავსებული, არ ემჩნევა დაზიანებები და რომ უშუალოდ ბანკომატზე არ არის დამონტაჟებული საეჭვო მოწყობილობები. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ბანკომატის გამოყენება უსაფრთხოა, მაშინ აჯობებს თავი შეიკავოთ მისი გამოყენებისგან, პრობლემის არსებობის შესახებ კი დაუყოვნებლივ აცნობოთ ბანკს. 

უსაფრთხოება პოსტერმინალით სარგებლობისას

პოსტერმინალით სარგებლობის დროსაც უნდა დაიცვათ უსაფრთხოების ზომები: დარწმუნდით, რომ მას არ ემჩნევა დაზიანებები. ამასთან, მოითხოვეთ, რომ ტრანზაქცია ჩატარდეს თქვენი თანდასწრებით და არასდროს გაატანოთ ბარათი მომსახურე პერსონალს (მათ შორის ბენზინგასამართ სადგურებზე, რესტორნებში და სხვა), რამდენადაც ამ დროს ჩნდება რისკი, რომ თქვენი ბარათის მონაცემები მოიპარონ (რაც, არამხოლოდ სპეციალური მოწყობილობებით, არამედ ძალიან მარტივად, ფოტოს გადაღებით ან მონაცემების გადაწერითაც კი შეიძლება მოხდეს). 

 

ტრანზაქციების კონტროლი

ზოგადად, ფინანსური თაღლითობისგან თავის დაცვის მიზნით, კარგი იდეაა ბანკის SMS მომსახურებით სარგებლობა, რაც საშუალებას მოგცემთ მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ოპერატიულად მიიღოთ ინფორმაცია თქვენი ბარათით განხორციელებული ოპერაციების შესახებ. ამასთან, ბარათით განხორციელებული ოპერაციების გაკონტროლების კარგი საშუალებაა საბანკო ამონაწერის რეგულარული შემოწმება. ამ გზით, მარტივად შეამჩნევთ იმ საეჭვო ტრანზაქციებს, რომლებიც  შესაძლოა თქვენ არ განგიხორციელებიათ.  

 

საგადახდო ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, თქვენი ბარათის დაბლოკვის მოთხოვნით დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ საფინანსო ორგანიზაციას, რომელმაც გადმოგცათ ბარათი - ამის გაკეთება ტელეფონითაც შეგიძლიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თაღლითებმა, რომლებმაც მოიპარეს ან იპოვეს თქვენი ბარათი, შესაძლოა ძალიან სწრაფად განახორციელონ თაღლითური ოპერაციები. 

 

წყარო: https://www.finedu.gov.ge

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები