ჩირის მწარმოებელი კომპანია ჩიკორი • Chikori , რომელიც წარმოებას ყოველწლიურად ზრდის კიდევ უფრო გაფართოებას და ახალი საექსპორტო ბაზრების დამატებას აპირებს.
თუმცა, როგორც Business Insider Georgia-სთან „ჩიკორის“ გენერალურმა დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა განაცხადა, საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების ზრდის პარალელურად, კომპანიის გეგმებში ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის გაყიდვების სტიმულირებაცაა.
„წელს შარშანდელთან შედარებით წარმოების მოცულობა დაახლოებით 20%-ით გავზარდეთ. წელს ხილიც მეტი რაოდენობით მივიღეთ ვიდრე შარშან. წარმოების ზრდასთან მიმართებაში ვგეგმავთ გაყიდვების ზრდასაც, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. ადგილობრივ ბაზარზე ვიყიდებით ყველა ადგილობრივ დიდ ქსელურ მარკეტში, სადაც ჩვენი პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტის სახითაა წარმოდგენილი. გაქვს, როგორც ჩირის მიმართულება, ასევე შოკოლადიანი ჩირების მიმართულება. ბოლო პერიოდში კი დავამატეთ ჯანსაღი ხემსის მიმართულება: ხილის და ჩირის მიქსები, სადაც დათვლილია კალორიების რაოდენობა და ინგრედიენტების შემცველობა.
ადგილობრივ ქსელებში ჩირებს მაინც სეზონური გაყიდვები აქვს და საკმაოდ დატვირთულია ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი. შესაბამისად ამ პერიოდზე ვგეგმავთ საკმაოდ კარგ აქციებს და აქტივობებს სხვადასხვა ქსელში და ველოდებით, რომ მომხმარებლებს საკმაოდ მისაღებ ფასად შევთავაზოთ ჩვენი პროდუქტები და კარგი ფასდაკლებები გავუკეთოთ“, - აცხადებს ანანო ბეჟანიშვილი.
„ჩიკორის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, დღეისათვის პროდუქციას საექსპორტო ბაზრებზე ევროპის მასშტაბით ყიდიან, თუმცა გეგმებია აშშ-ს ბაზარზე შესასვლელადაც.
„დღეისათვის „ჩიკორი“ საექსპორტო ბაზრებზე პროდუქციას ძირითადად ევროპის ბაზარზე ყიდის. წარმოდგენილი ვართ საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის და გერმანიის ბაზრებზე. ვფიქრობთ, რომ ევროპაში დავრჩეთ და კიდევ უფრო გავაფართოოთ ევროპაში ჩვენი საექსპორტო ბაზრების მოცულობა. გარდა ამისა ძალიან გვინდა, რომ ავითვისოთ ამერიკის მიმართულება. აქ გარკვეული პრობლემებია მოცულობების მიმართულებით, თუმცა ამაზე ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ ერთ წლიან პერიოდში უკვე მზად ვიქნებით, რომ ამერიკის ბაზარზეც გავიდეთ. გარდა ამისა ავიღეთ სპეციალური სერტიფიკატი, რომელიც ამერიკის ბაზარზე რეალიზაციის შესაძლებლობას გვაძლევს“, - აცხადებს „ჩიკორის“ ხელმძღვანელი.
ირკვევა, რომ საექსპორტო ბაზრებზე „ჩიკორის“ პროდუქტებიდან ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი ქლიავის ჩირია.
„პირველ ადგილზეა ქლიავის ჩირი, რაც საკმაოდ დიდი მოცულობებით იყიდება, როგორც წონით ისე შეფუთულ, ბრენდირებულ მდგომარეობაში. მეორე ადგილზეა ხურმის ჩირი, ხოლო მესამე ადგილზე უკვე საზამთროს ჩირია. საზამთროს ჩირი საკმაოდ საინტერესო პროდუქტია, ზოგადად მცირეა მსოფლიო ბაზარზე და ამიტომ ევროპაში დიდ ინტერესს იწვევს“, - აცხადებს ანანო ბეჟანიშვილი.
რაც შეეხება ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას, ამ მიმართულებით „ჩიკორი“ ინტენსიურად მუშაობს და ბაზარზე მალე ჩორის ბარებს შესთავაზებს.
„სიახლე რაც გვინდა რომ დავნერგოთ ეს არის ჩირის ბარების მიმართულება. ეს არის ენერგეტიკული ბარები ევროპის ბაზარზე საკმაოდაა და საქართველოს ბაზარზეც ნელ-ნელა გამოჩნდა. საუბარი მაქვს ხილის და ჩირის ნარევზე, რომელსაც შემდგომ ფორმა აქვს მიცემული. ჯერჯერობით, ჩირის ბარების წარმოების მიმართულებით ექსპერიმენტების დონეზე ვართ, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს პროდუქტი უკვე მომავალ წელს გვექნება“, - აცხადებს ანანო ბეჟანიშვილი.
ირკვევა, რომ ამ დროისათვის „ჩიკორის“ საწარმოოს სიმძლავრეები სრულად დატვირთულია და საჭიროა მისი ზრდა, რისთვისაც კომპანიას დამატებითი ინვესტიციები ესაჭიროება. უკვე გეგმაშია, რომ მომავალი სეზონისთვის „ჩიკორი“ ახალი საშრობ ხაზს დაამატებს.
„ჩიკორს“ საკუთარი ბაღებიც გააჩნია, სადაც ქლიავი და ვაშლი მოჰყავს, თუმცა არსებული მოსავალი მისი სიმძლავრეებისთვის საკმარისი არ არის და კომპანია ნედლეულის ძირითად ნაწილს ფერმერებისგან იბარებს.
შეგახსენებთ, რომ „ჩიკორი“ ჩირის მწარმოებელი კომპანიაა 10 წლიანი გამოცდილებით, რომლის პროდუქციაც მზადდება ქართული, ჯანსაღი და მზიანი ხილისგან.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა