USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივა - ინტერვიუ გიორგი ჯახუტაშვილთან

როგორია საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივა - ინტერვიუ გიორგი ჯახუტაშვილთან

2024-11-29 12:00:00

როგორია საქართველოსა და ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობები, რა პერსპექტივა აქვს ქართულ ბიზნესს ამ ბაზარზე და რა გამოწვევების წინაშე არიან კომპანიები, ამ და სხვა საკითხებზე ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ხელმძღვანელ გიორგი ჯახუტაშვილს Business Insider Georgia ესაუბრა.

საქსტატის მონაცემებით ყაზახეთი 2024 წლის 10 თვეში საქართველოს მეორე საექსპორტო, ხოლო მე- 7 სავაჭრო პარტნიორია. თქვენი შეფასებით რამ განაპირობა ყაზახეთის ამ მიმართულებით დაწინაურება?

ჩვენი გაერთიანება, ყაზახეთთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ დეტალურ ანალიზს ვაკეთებთ. ყაზახეთთან სავაჭრო ურთიერთობების დინამიკა ნამდვილად მზარდია. ის ციფრები, რასაც სტატისტიკა წარმოადგენს, საქართველოსთვის კარგია, თუმცა ორი მიზეზით არ არის გასახარი. კერძოდ, ამ სტატისტიკას ამახინჯებს ის, რომ ყირგიზეთსა და ყაზახეთში ამხელა ექსპორტი განპირობებულია ძირითადად მსუბუქი ავტომანქანების ექსპორტით. რომელიც ჩვენ შემოგვაქვს დასავლეთის ბაზრებიდან, ხდება საქართველოში ავტომანქანების გამართვა და შემდგომ ექსპორტი. რაც საქართველოს პარალელურ ექსპორტსა და იმპორტში ეთვლება.

ცხადია, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი თვითდასაქმებულია ამ დარგში და საკმაოდ დიდ ეკონომიკას ქმნის. მარტო ყაზახეთი და ყირგიზეთი კი არ არის, თუმცა ამ ქვეყნებში ექსპორტი 1,7 მილიარდი დოლარია. ამ ციფრებში დასაკვირვებელია ის, რომ ყირგიზეთი, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით ყაზახეთთან შედარებით მცირეა, ყაზახეთის ციფრი, რეალურია, რადგან იქ მოსახლეობა 20 მილიონია. ყაზახეთიდან ჩამოდიან ამ ქვეყნის მოქალაქეები, ყიდულობენ ავტომანქანებს და თავის ქვეყანაში ყიდიან მეორად ავტომანქანებს. ყირგიზეთი პატარა ქვეყანაა, საქართველოს საექსპორტო ბაზრებში პირველია და მითუმეტეს, საექსპორტო საქონელია ავტომანქანები და ზრდა გამოწვეულია 2022 წლის შემდეგ, რაც რუსეთს დაედო სანქციები და შეიზღუდა დასავლური იმპორტი.

კიდევ რა პროდუქცია გადის საქართველოდან ყაზახეთში და რა პერსპექტივა გვაქვს ამ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გასავითარებლად?

ყაზახეთში საქართველოდან ექსპორტის 80%-ს ავტომანქანები შეადგენს. ძირითადი ნიშა ეს არის, თუმცა მოკლევადიან პერიოდში ეს მაინც კარგია. ყაზახეთში ექსპორტის წილში, რუსეთის სტატისტიკა დაბალია, რადგან გარკვეული შემზღუდავი ფაქტორები დაემატა რეგულაციებს, რომ საქართველოდან ყაზახეთისთვის განკუთვნილი მანქანა არ დარჩეს რუსეთის ტერიტორიაზე. ყაზახეთში საქართველოდან მანქანების ექსპორტის წილი 2022-წლამდეც მაღალი იყო. შესაბამისად ეს ბაზარი არსებობს.

ცნობილია, რომ ყაზახეთში ცნობილმა ბრენდებმა მანქანების წარმოების გადმოტანა დაიწყეს. რამდენად შევძლებთ ამ ბაზრის შენარჩუნებას მომავალში, ხომ არ გაჩნდა ბაზრის დაკარგვის რისკი?

ყაზახეთის ავტოინდუსტრიაში მდგომარეობა შეცვლილია. ეს ქვეყანა საკმაოდ ჭკვიანურად ავითარებს თავის ავტოინდუსტრიას და ჩინეთის, სამხრეთ კორეის, იაპონური ბრენდების ლოკალიზებას უწყობს ხელს ყაზახეთის ტერიტორიაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილზე წარმოებული, მაგალითად „ჰიიუნდაის“, „კიას“, ამერიკული „შევროლესა“ და ჩინური ბრენდების ადგილობრივი წარმოებები აეწყო და ამ ბაზარზე საკმაოდ ხელმისაწვდომი ხდება ახალი მანქანები შეღავათიანი საკრედიტო პირობებით, რაც არის მეორადი დასავლური მანქანების პირდაპირი კონკურენტი. რომელსაც თანდათან ავტორიტეტი ელახება. ავტომობილების საქართველოში შეკეთება ხდება, თუმცა ზოგჯერ ეს არ არის შესაბამისი ხარისხის. ამიტომ იზრდება ადგილზე მანქანების შესყიდვის სურვილი და შესაბამისად ეს ინდუსტრია ბუნებრივად ჩანაცვლება. ეს არის ძალიან საგანგაშო და საყურადღებო. რადგან 700 მილიონისა და 1 მილიარდის ექსპორტი ყაზახეთში აუცილებლად ჩანაცვლდება ადგილობრივი წარმოებით.

ამ ნიშის გარდა, საქართველოს რა პერსპექტივა აქვს ექსპორტის კუთხით ყაზახეთის ბაზარზე გარდა მანქანების რეექსპორტისა, რომლის წილიც ძალიან მაღალია?

სტაბილური პროდუქტები რაც საქართველოდან გადის ესაა საკვები და სასმელები, რომელშიც გამოირჩევა მინერალური წყალი და ლიმონათები. ეს პროდუქცია გადის სტაბილურად ყაზახეთში და არის პერსპექტიული. რა უნდა შეიცვალოს ყაზახეთთან სავაჭრო ურთიერთობების სტრატეგიაში, რათა ეს ბაზარი შევინარჩუნოთ და სულ უფრო მეტი პროდუქცია გავყიდოთ ამ ქვეყანაში? ჩვენი ორგანიზაციის ყველა კვლევაში იკვეთება, რომ საქართველოს მეწარმეებმა, საკმაოდ მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბონ საექსპორტო სტრატეგია. რადგან ვინც კი გააზრებულად ახორციელებს ექსპორტს, ის კომპანიები ყაზახეთის ბაზარზე წარმატებას აღწევენ. მაგალითად, ბორჯომი და ნაბეღლავი. ეს არის მსხვილი კომპანიები, რომლებიც ძალიან მკაფიოდ ხედავენ საექსპორტო ბაზრებს და შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსით, შესაბამისი საექსპორტო მოდელით, მაგალითად, ყაზახეთში წარმომადგენლობები აქვთ გახსნილი, თავად კურირებენ თავის მარკეტინგს და შემდგომ დისტრიბუციებს. ეს მოდელი კარგად მუშაობს და ვითარდებიან სწრაფად, სტაბილურად. ბაზარი დიდია, ყაზახეთის მოსახლეობა შეადგენს 20 მილიონს, ამას ემატება უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, მონღოლეთი და ბაზრის მოცულობა 70 მილიონს აჭარბებს. ანუ, სწორი სტრატეგიით, საქართველოს ამ ბაზარზე ბევრი პროდუქტის გატანა შეუძლია.

რამდენად გვაქვს რესურსი, რომ ამ ბაზრებზე პროდუქციის უწყვეტი მიწოდება უზრუნველვყოთ? ევროკავშირის ბაზარზე ეს პრობლემა გამოიკვეთა …

საქართველოს ძალიან ცოტა აქვს ღირებულება ნამატი პროდუქტი. ჩამოსასხმელი სასმელების წარმოება ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ, რათა მთლიანი ბაზარი მოვამარაგოთ. დღეს ვერ ვიტყვით, რომ ბევრი პროდუქტი გვაქვს, რომლის ექსპორტზე გატანასაც შევძლებთ. ვერ ვიტყვით, თუ რამდენი მეწარმეა მზად, რომ თუნდაც 20 მილიონიანი ყაზახეთის ყველა სავაჭრო წერტილი მოამარაგოს ან გასაყიდი პროდუქცია წარმოადგინოს მაინც. არ იძებნება ისეთი მეწარმეები, ყველას აქვს ცოტ-ცოტა, რაც მცირე ბაზრებისთვისაა დამაკმაყოფილებელი. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ერთ რეგიონში აქვს ყაზახეთს. ამიტომ, ჩვენი მთავარი რეკომენდაციაა, რომ ყველამ დეტალურად გაიაზროს თავისი საექსპორტო სტრატეგია, შეხედონ წარმატებულ მაგალითებს, მინერალური წყლების წარმოებაში ბორჯომს, ნატახტარს, რომელიც თურქული ბრენდის მმართველობისა და საკუთრების ქვეშაა და EFES-თან ერთად მის დისტრიბუციასაც აკეთებენ. ცხადია, ამას ფინანსურად გაძლიერება და მარკეტინგული სტრატეგია სჭირდება, თუმცა საქართველოში დამზადებული პროდუქცია საკმაოდ პოპულარულია ყაზახეთში. ამ ბაზარზე იზრდება სტაბილურად იმ კომპანიების გაყიდვები, რომელთაც ჩამოყალიბებული აქვთ სტრატეგია და შესაბამისი რესურსები აქვთ მობილიზებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები