USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის

კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის

2024-11-29 16:00:00

შავი პარასკევის კვირეულით წლის ყველაზე აქტიური,  ექსკლუზიური შეთავაზებებითა და დიდი ფასდაკლებებით დატვირთული ვაჭრობის პერიოდი იწყება.

სწორედ ამ დროს აქტიურდებიან კიბერთაღლითებიც. ისინი სხვადასხვა თაღლითური სქემებით ცდილობენ მომხმარებლებისგან ფინანსური თუ სხვა ინფორმაციის გამოძალვას.

როგორ ვისარგებლოთ სარფიანი შეთავაზებებით უსაფრთხოდ და არ გავებათ კიბერთაღლითობის მახეში?

ეს რჩევები დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი ფინანსები და ისიამოვნოთ ონლაინ ვაჭრობით:

1.       დაუკვირდით ყველა შეთავაზებას:  განსაკუთრებით ყურადღებით ვებ-გვერდზე ამომხტარ სარეკლამო შეთავაზებებთან დაკავშირებით იყავით, არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე. 

2.       გადაამოწმეთ საეჭვო შეთავაზება: თუ ელ-ფოსტაზე, ონლაინ ან სოცმედიაში მიღებული შეთავაზება დაუჯერებლად მიმზიდველია, ნივთის ან მომსახურების ფასი არარეალურად დაბალია, აღნიშნული შეთავაზების ნამდვილობა კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან უშუალოდ კომპანიასთან დაკავშირებით -  მაგალითად, ცხელ ხაზზე გადაამოწმეთ.

3.      შეცვალეთ პაროლი: თუ დიდი ხანია ელ-ფოსტაზე, სოცმედიის ანგარიშებსა თუ ონლაინ მაღაზიაში შესასვლელი პაროლი არ შეგიცვლიათ, ახლა საუკეთესო დროა 12-ნიშნა ძლიერი პაროლი დააყენოთ (გამოიყენეთ ფრაზები, მაღალი და დაბალი რეგისტრის ასოები და სხვადასხვა სიმბოლოები) და ანგარიში დამატებით ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის გააქტიურებით დაიცვათ.

4.     დააყენეთ განახლებები თქვენს მოწყობილობებზე: აქტიური ონლაინ ვაჭრობის პერიოდს მომზადებული დახვდით და ყველა თქვენს მოწყობილობაზე ბოლო განახლება დააყენეთ, რათა ისინი ვირუსებისგან და მავნე კოდისგან მაქსიმალურად დაიცვათ.

5.       ბარათზე შეზღუდული ოდენობის თანხა განათავსეთ: ონლაინ ვაჭრობისთვის საბანკო ბარათზე მხოლოდ შეზღუდული ოდენობის თანხა განათავსეთ, თქვენი დანაზოგი კი სხვა ანგარიშზე შეინახეთ და ბარათზე საჭიროებისამებრ გადაიტანეთ. თუ საბარათე მონაცემები გაუფრთხილებლობით ყალბ ვებ-გვერდზე შეიყვანეთ და ისინი კიბერთაღლითისთვის ხილული გახდა, თქვენი ზარალი მხოლოდ ის მცირე თანხა იქნება, რომელიც ბარათზე გედოთ.

6.      ონლაინ ვაჭრობისას ნაცნობი, უსაფრთხო ვებ-გვერდებით ისარგებლეთ: მაქსიმალურად ეცადეთ ვაჭრობისას თქვენთვის კარგად ნაცნობი და შემოწმებული ონლაინ მაღაზიები გამოიყენოთ. თუ თქვენთვის ონლაინ მაღაზია უცნობია, თავად მოძებნეთ ნებისმიერ საძიებო სისტემაში და ამ მაღაზიის ოფიციალური გვერდით ისარგებლეთ.

გაითვალისწინეთ ეს მარტივი რჩევები და უსაფრთხოდ ისარგებლეთ სადღესასწაულო შეთავაზებებით!

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები