ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line, რომელიც ფოთიდან რუმინეთის და ბულგარეთის მიმართულებით ასრულებს რეისებს, ბათუმის ნავსადგურიდან ოპერირებასაც განიხილავს. როგორც Business Insider Georgia-თან E60 Shipping Line-ის ხელმძღვანელმა შალვა წაქაძემ ქვეყნის სატრანსპორტო როლის გაძლიერებაზე საუბრისას განაცხადა, შუა დერეფნის კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ შავ ზღვაზე მიმოსვლის განვითარების პარალელურად კასპიის ზღვაზეც მოხდეს საბორნე მიმოსვლის გაძლიერება.
„შუა დერეფნის განვითარება მნიშვნელოვანია, თუმცა აქ მარტო საქართველოზე არაა საუბარი. საუბარია კიდევ რამდენიმე ქვეყანაზე და ორ ზღვაზე. კასპიის ზღვაზე კიდევ უფრო აქტიურად უნდა განვითარდეს მიმოსვლა, მხედველობაში მაქვს აზერბაიჯანი-ყაზახეთი. ეს მიმართულება კიდევ უფრო მაღლაა ასაწევი, ვგულისხმობ საკონტეინერო და საბორნე მიმოსვლას.
პროცესი უნდა გააქტიურდეს შავ ზღვაზეც. შავ ზღვაზე ჩვენ დავიწყეთ ოპერირება და სახელმწიფო ძალიან მხარში გვიდგას. რისი გაკეთებაც ხელისუფლების მხრიდან შეიძლება აკეთებს. გვეხმარება ნამდვილად. დანარჩენი ჩვენზე, კერძო სექტორზეა დამოკიდებული. 1.5 წელიც არაა, რაც ბაზარზე ვართ და უკვე ორი მიმართულება ავითვისეთ, საუბარი მაქვს ფოთი-კონსტანცაზე და ფოთი-ვარნაზე. ვაპირებთ ასევე გარკვეული ნაკადებით ბათუმის ნავსადგურშიც გადავიდეთ. ვნახოთ“, - განმარტავს E60 Shipping Line-ის ხელმძღვანელი.
წაქაძე მიიჩნევს, რომ კერძო სექტორის მხრიდან მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს და ამ მიმართულებით E60 Shipping Line აქტიურად მუშაობს. E60 Shipping Line-ს მფლობელობაში დღეს 2 ბორანია, ხოლო მესამე ბორანი კომპანიას იჯარით აქვს აღებული. უკვე კომპანიის კუთვნილებაში მყოფი, მეორე ხომალდი „დიოსკურია“ ჯერჯერობით საქართველოს ტერიტორიულ წლებში არ შემოსულა.
„ამ დროისათვის კომპანია ორი ხომალდით ოპერირებს, საიდანაც ერთი საკუთრება, ხოლო მეორე იჯარითაა აღებული. რაც შეეხება მეორე საკუთარ გემს, პროექტისთვის კი მესამეს, ამჟამად პოლონეთში დგას და დღე-დღეზე ვაპირებთ მის წამოყვანას. ისიც მალე შემოვა შავ ზღვაში და ფოთსა და კონსტანცას შორის იმუშავებს“, - აღნიშნა E60 Shipping Line-ის ხელმძღვანელმა.
რაც შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, სადაც სამომავლოდ E60 Shipping Line-ი მუშაობას განიხილავს, შალვა წაქაძის თქმით, პორტი გაცილებით დიდი ზომის ხომალდებს მიიღებს და ქვეყნის გამტარუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი მხოლოდ ნავსადგური არ არის. იცით, რომ იქ მთელი ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას. მაგალითად საავტომობილო გზა და სხვა. ეს იქნება თანამედროვე ტიპის გზა, რასაც ჩვენ ავტობანს ვეძახით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინფრასტრუქტურის მიყვანას ნავსადგურამდე. როცა ინფრასტრუქტურა გამართულია ნავსადგურიც გამართულად მუშაობს. ნავსადგურის შიგნით თემებიც მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ ფოთიც და ბათუმის ძველი ტიპის ნავსადგურებია და შესაძლებლობები შეზღუდული აქვთ. გემთმშენებლობა განვითარდა, გემები განვითარდა და არსებულ ნავსადგურის ესე მარტივად ვერ განვითარდება. ამიტომ ახალი ნავსადგურის მშენებლობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით იქნება, უფრო დიდი ზომის გეებს მიიღებს და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს შალვა წაქაძე.
ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line, რომელიც ბაზარზე 2023 წლიდან გამოჩნდა მალევე გაიზარდა და პარკს საკუთარი ლაინერი ოპერირების დაწყებიდან რამდენიმე თვეში შემატა. დღეს „აია“ E60 Shipping Line-ს საკუთრება. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ბორანი AIA 1995 წელს აშენდა, რომელიც E60 Shipping Line-მა შეისყიდა და გარემონტა 2024 წელს. ბორნის ეკიპაჟი მთლიანად საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება და თავად ბორანი ცურავს საქართველოს დროშის ქვეშ.
რაც შეეხება სატვირთო ბორანი „LIDER EXPRESS“ (IMO 8818312, MMSI 613606400) - აშენებულია 1991 წელს და მოძრაობს კამერუნის დროშით. იგი დაფრახტულია კომპანია E60 Shipping Line-ის მიერ 2024 წელს. ბორანზე არის კომფორტული კაბინები, რესტორანი და ბარი/ლაუნჯის სივრცე.
აღსანიშნავია, რომ 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამაში წერია, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენებაა. ამ მიმართულებით, მთავრობა მიზნად ისახავს სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და მდგრადი, ეფექტიანი
სატრანსპორტო კავშირების შექმნას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკური და რეგიონული ინტეგრაციის გაძლიერებაში.
გააქტიურდება ძალისხმევა საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების, მათ შორის, შუა დერეფნის მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვაზე. ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ეფექტიანი რეალიზების მიზნით, საკვანძო ინფრასტრუქტურის შექმნის პარალელურად, გაგრძელდება შესაბამისი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარება.
დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომლის მთავარი მიზანია უსაფრთხოების ზრდა, მსვლელობის დროისა და ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირება.
პროექტის დასრულების შემდეგ, რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 27 მილიონიდან 48 მილიონ ტონამდე, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ავტომატური ბლოკირების სისტემის დამონტაჟებით – 100 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამასთან, დასკვნით ეტაპზეა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც შუა დერეფნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ახალი ტვირთნაკადების მოზიდვას, ასევე ნავსადგურის მიმდებარედ წარმოებისა და ლოგისტიკური სერვისების განვითარებას. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ოპერირებას 2029 წელს დაიწყებს. პირველი ფაზის დასრულების
შემდეგ, პორტის გამტარობა იქნება 600 000 კონტეინერი (TEU) წელიწადში, ხოლო განხორციელებული ინვესტიცია გაუტოლდება 600 მლნ აშშ დოლარს.
დაგეგმილია თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ვაზიანის ყოფილ სამხედრო აეროდრომზე, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, მოემსახუროს ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდს და საქართველოს შესძენს „რეგიონული ჰაბის“ ფუნქციას. ახალი საერთაშორისო აეროპორტი შესაძლებლობას მოგვცემს, თბილისის არსებული აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრიდან ეტაპობრივად გავზარდოთ 20 მლნ მგზავრამდე.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა