კომუნიკაციების კომისიის, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით, საქართველოში რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებელთა დაცვა“ იმართება. ღონისძიების პირველი დღის გახსნით სესიაში, რომელიც კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის თვალსაზრისით, დარგობრივ მიღწევებს, შედეგებს და გამოწვევებს ეხებოდა, კოლეგა მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელებთან ერთად, ComCom-ის წევრი, ვახტანგ აბაშიძე მონაწილეობდა. პანელის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის წევრმა ყურადღება იმ პროექტებზე გაამახვილა, რომლებიც ComCom-მა მომხმარებელთა დაცვის, კონკურენციის ხელშეწყობის, მედიაწიგნიერების განვითარებისა და მედია სტანდარტის ამაღლების მიმართულებით განახორციელა.
სიტყვით გამოსვლისას, ვახტანგ აბაშიძემ ხაზი გაუსვა ტელეკომ სექტორის კომპლექსურ კვლევას, რომელზეც ComCom-მა ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, ორი წლის განმავლობაში იმუშავა. მისივე თქმით, პროექტი ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი თუ მრავალფეროვანი მომსახურების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურებოდა. კომისიის წევრის განცხადებით, კვლევით დადგინდა, რომ ქართული ტელეკომ ბაზარი საჭიროებდა მარეგულირებლის ჩარევას, რის შემდეგაც გამოვლინდა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორი. ბაზარზე კონკურენციის პრობლემების აღმოფხვრის მიზნით კი, ComCom-მა ოპერატორს სპეციფიკური ვალდებულებები განუსაზღვრა.
კონფერენციის ფარგლებში, ვახტანგ აბაშიძემ ასევე ისაუბრა ე.წ. „ბენჩმარკინგის კვლევაზე“, რომელზეც ComCom-მა ასევე ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, კომპლექსური კვლევის პარალელურად იმუშავა. კომისიის წევრის თქმით, კვლევა მიზნად საქართველოში არსებული ტელეკომ მომსახურებების ფასების ევროპის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებას ისახავდა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში დაბალი და საშუალო მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებების ფასი, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, ევროპის ქვეყნების საშუალო ფასის ანალოგიური ან ზოგ შემთხვევაში უფრო დაბალია, ხოლო მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებები - ძვირი. „ფასების შედარებით ანალიზში გამოკვეთილი შედეგების გაუმჯობესება კომპლექსური კვლევის შედეგად კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით მოხდება, რაც როგორც ფიქსირებული, ისე მობილური მომსახურებების ბაზარზე შესვლის ბარიერების მოხსნით და ალტერნატიული შეთავაზებების გაჩენით, კონკურენციის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მარეგულირებელი მექანიზმები კი უზრუნველყოფს იმას, რომ ქართველმა მომხმარებლებმა, ევროპელი მომხმარებლების მსგავსად, მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებებით სარგებლობა ხელმისაწვდომ ფასად შეძლონ.“ - განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.
კომისიის წევრმა ყურადღება ასევე გაამახვილა მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის, იგივე 5G-ის დანერგვის მიზნით, ComCom-ის მიერ ჩატარებულ აუქციონებზეც, რომელთა ფარგლებშიც, გასულ წელს „სელფი მობაილმა“, ხოლო 2024 წელს „მაგთიკომმა“ გაიმარჯვეს და 5G-ის დასანერგად შესაბამისი ლიცენზიები მოიპოვეს, რათა მომხმარებლებს მეტად სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება მიაწოდონ.
პანელის ფარგლებში, ვახტანგ აბაშიძემ მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით, ComCom-ის მნიშვნელოვან მიღწევებზეც ისაუბრა და „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის შედეგებს ხაზი გაუსვა: „წელს იმ საჯარო სკოლების რიცხვი, რომელთაც მედიაწიგნიერების, როგორც ცალკე არჩევითი საგნის სწავლება დაიწყეს, უპრეცედენტოდ გაიზარდა და 227 შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ 227 სკოლიდან 91%-ს საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლები წარმოადგენენ. ეს შედეგები 2022 წელს კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ძალისხმევით დაწყებული „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის დამსახურებაა, რომლის ფარგლებშიც, მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში 2023 წელს ინტეგრირდა.“ - აღნიშნა ComCom-ის წევრმა და განმარტა, რომ არჩევითი საგნის ფარგლებში, X, XI, და XII კლასის მოსწავლეები 1 სემესტრის განმავლობაში მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ სწავლობენ. ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა ისიც, რომ პროექტის ფარგლებში, საწყის ეტაპზე, ჩატარდა მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა, რომლის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდა საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო. შემუშავებული რესურსების გამოყენებით კი, მედიაწიგნიერების სწავლებაში ამ ეტაპზე 2000-ზე მეტი მასწავლებელია გადამზადებული.
შეგახსენებთ, რომ 20-23 ნოემბერს, საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ სამდღიანი ღონისძიება იმართება, რომლის ფარგლებშიც, კონკურენციის სამართალი, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები განიხილება.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა