ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ისაუბრა ტურიზმის მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკისთვის და აღნიშნა, რომ ტურიზმის კიდევ უფრო გაძლიერება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. მისი თქმით, 2023 წლის ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს 4.1 მილიარდ აშშ. დოლარს მიაღწია. მინისტრობის კანდიდატმა ასევე ხაზი გაუსვა სამომავლო მოლოდინებს და აღნიშნა, რომ 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.4 მილიარდი დოლარი იქნება.
როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ქვეყნის კურორტების განვითარების მიზნით, შესწავლილია 200-ზე მეტი კურორტისა და საკურორტო ადგილის განვითარების პოტენციალი. შეირჩა ბუნებრივი რესურსებით გამორჩეული 60-ზე მეტი ტურისტულად მიმზიდველი ადგილი, რომლებზეც ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევების მიხედვით სამომავლოდ კურორტები განვითარდება.
‘’აღსანიშნავია რომ 2024 წელს, საქართველომ მსოფლიო ტურიზმის ღონისძიებას, თემატიკით ,,ტურიზმი და მშვიდობა“ პირველად უმასპინძლა. ასევე, საქართველომ უმაღლეს დონეზე უმასპინძლა არაერთ საერთაშორისო დონის მასშტაბურ ღონისძიებას, მათ შორისაა: მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში ფრისტაილში სნოუბორდსა და ფრისკიში, კურორტ თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური გუდაურში, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში და სხვა. არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების მიზნით’’, - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სამომავლოდ საქართველოს მთის კურორტების განვითარების მიზნით, გაგრძელდება ზამთრის სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაცია მეტი შიდა და უცხოელი ტურისტის მოზიდვისთვის. მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ განხორციელდება ახალი საბაგიროების მშენებლობა/მონტაჟი, მოეწყობა ახალი სასრიალო ტრასები და თვისობრივად განვითარდება სამთო სათხილამურო ინფრასტრუქტურა.
ლევან დავითაშვილმა ასევე ისაუბრა სასტუმროების სექტორის ხელშეწყობასა და დაგეგმილ კამპანიებზე, რომელთა მთავარ მიზანს ტურიზმის სექტორის გაძლიერება წარმოადგენს.
’’საქართველოს სასტუმროების ბაზარს 300-ზე მეტი განთავსების ობიექტი შეემატება, 34 700-ზე მეტი საწოლი ადგილით; კერძო ინვესტიციების ოდენობა სასტუმროების სექტორში დაახლოებით მილიარდ ლარს გაუტოლდება.’’ - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა და დასძინა, რომ დაგეგმილია მიზნობრივი კამპანიების წარმოება და სხვადასხვა აქტივობები წამყვან საერთაშორისო მედია საშუალებებთან, რომლებიც სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად მოიცავს ახალ სამიზნე ბაზრებს, როგორიცაა: ინდოეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები.
‘’მთავრობის მიერ განსახორციელებელი აქტივობების შედეგად, 2028 წლისთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6,4 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 11 მილიონამდე გაიზრდება.’’ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა