თაფლის ექსპორტი გასული წლის დაბალი მოსავლის გამო 60%-ით შეგვიმცირდა, წელს ბაზრების დივერსიფიცირებაზე ვმუშაობთ, გვაქვს მოლოდინი, რომ ექსპორტზე მეტ თაფლს გავიტანთ- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თაფლის მწარმოებელი კომპანიის „რუხი დედოფლის“ დამფუძნებელმა თამარ კვარაცხელიამ განუცხადა.
„სამწუხაროდ თაფლის წარმოება ცვალებადი ამინდის გამო ბოლო წლებში არამომგებიანია. ჩვენ ვაპირებთ კოსმეტიკის ხაზის კიდევ უფრო განვითარებასა და ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლას. რაც შეეხება თაფლის მოსავალს, წელს წარმადობამ 2,5 ტონა შეადგინა და პრაქტიკულად თაფლი დანაკარგების გარეშე მივიღეთ. კიდევ 2-ჯერ უნდა ავიღოთ მოსავალი და გასული წლის წარუმატებლობის გამო, ჩვენი მთავარი პრობლემა ახალი პარტნიორების მოძიება და ბაზრების დივერსიფიცირებაა“, - ამბობს „რუხი დედოფლის“ დამფუძნებელი.
რაც შეეხება კოსმეტიკის ხაზს, როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, ამ მიმართულებით 15-მდე პროდუქტი აქვთ სერტიფიცირებული.
„ამ პროდუქციამ 2,5 წლის განმავლობაში გაიარა კვლევები და ექსპორტისთვის არის მზად. ახლა ვმუშაობთ ახალ პროდუქციაზე, თავის მოვლის საშუალებები უნდა დავამატოთ. ვგეგმავთ გასვლას ევროპის ბაზარზეც. ვგეგმავთ შემოდგომაზე ლონდონში გამოფენაში მონაწილეობას“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
„რუხი დედოფალი“ აწარმოებს ტუჩის გლოსებს, სკრაბს, ეთერზეთებს პროპოლისის ექსტრაქტზე და სახის საცხებს. ეს ნაწარმი მხოლოდ ექსპორტზე გადის, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ მალე ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება.
„რუხი დედოფლის” თაფლის საწარმო წალენჯიხაში მდებარეობს. კომპანიის წარმადობა წლიურად 8 ტონა თაფლია. 2023 წელს კი 2 ტონა თაფლი აწარმოეს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება