როგორ ვითარდება ღვინის ბიზნესი საქართველოში, რა წარმატებებს მიაღწია და რა გამოწვევების წინაშეა ღვინის კომპანია „ასკანელი ძმები“ და რა სიახლეებს სთავაზობს მომხმარებელს ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე? ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia კომპანიის მფლობელს გოჩა ჩხაიძეს ესაუბრა:
რთველი აქტიურ ფაზაშია. რა ვითარებაა ამ კუთხით კომპანია „ასკანელის“ ვენახებში? როგორ მიმდინარეობს რთველი და რა გამოწვევების წინაშეა კომპანია?
რთველი მართლაც ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა და ჩვენი კომპანიაც გაუჩერებლად 24 საათიანი რეჟიმით მუშაობს. ასკანელი საკუთარ ვენახებს ფლობს, რომელიც 453 ჰექტარზეა გაშენებული, ძირითადად კახეთში და ქართლში და გურიაში. გარდა ამისა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გვყავს კონტრაქტორები რომლისგანაც ვიღებთ რთველს.
გარდა საკუთარი ვენახებისა ასკანელი აქტიურად იბარებს ყურძენს გლეხებისგან. ძირითადი გამოწვევაც ის არის რომ დრო შეზღუდულია და ამ მოკლე დროში უნდა მივიღოთ დიდ რაოდენობით ყურძენი.
ცნობილია, რომ კომპანია გეგმავდა 2024 წელს ახალი საწარმოს მშენებლობას ბაკურციხეში, რა ეტაპზეა ეს პროექტი?
დიახ, ვგეგმავდით და განვახორციელეთ ეს პროექტი. 2024 წლის რთველის დაწყებამდე გავხსენით ბაკურციხეში „ასკანელის“ საბრენდე ღვინის ქარხანა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. ეს საშუალებას გვაძლევს ძალიან სწრაფად დიდი რაოდენობით ყურძენი მივიღოთ და დავწუროთ. გახსნილი გვაქვს კომუნიკაციის თანამედროვე და ეფექტური საშუალებები, რაც გვეხმარება სწორად დაორგანიზებაში, გლეხს კი საშუალებას აძლევს სწრაფად და კომფორტულად ჩააბაროს ყურძენი.
რა მოცულობის მოსავალს ელოდებით და რამდენი სახეობის ღვინოსა და ჭაჭას აწარმოებთ?
ერთი ჰექტარი ვენახიდან საშუალოდ 7-8 ტონა ყურძენს ვკრეფთ. შესაბამისად ჩვენი ვენახებიდან ველოდებით საშუალოდ 3 ათასამდე ტონა ყურძენს. გარდა ამისა ღვინისთვის ვიბარებთ როგორც კონტრაქტორი ფერმერებისგან ისე გლეხებისგან საშუალოდ 8 ათას ტონა სხვადასხვა ჯიშის წითელ და თეთრ ყურძენს სანავარდოს ქარხანაში, ხოლო ბაკურციხის ქარხანაში წელს 9 ათასი ტონა ყურძნის მიღების სურვილი გვაქვს საბრენდე ღვინისთვის. ასკანელის პორტფელი ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანია: თეთრი, წითელი, ვარდისფერი ღვინო, მშრალი, ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი, ქვევრიც და კლასიკურიც, ასევე ღვინო დაგვიანებული მოსავალი. გვაქვს ცქრიალა ღვინის ძალიან მრავალფეროვანი პორტფელი რომელიც დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია ცნობილი. ასევე მრავალფეროვანია ჩვენი ბრენდის და დისტილატების ასორტიმენტი როგორც გემოვნური და სტილისტური მახასიათებლებით ასევე საფასო კატეგორიებით. ეს ნიშნავს რომ ნებისმიერი გემოვნების და ბიუჯეტის მქონე მომხმარებელს შეუძლია იპოვოს მისთვის სასურველი პროდუქტი.
რაც შეეხება ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებს, ადგილობრივ ბაზარზე რა მოცულობას ყიდით და რამდენ საექსპორტო ბაზარზეა წარმოდგენილი „ასკანელის“ ღვინოები?
საქართველო ჩვენთვის პრიორიტეტული ბაზარია, თუმცა პატარა ქვეყანა ვართ მცირე მოსახლეობით, თანაც ღვინის ქვეყანა ვართ, შესაბამისად რაც მეტია წარმოება მით ნაკლებია საქართველოში გაყიდვების წილი. გარდა ტრადიციული ბაზრებისა, რომელიც დღეს საქართველოდან ღვინის და ბრენდის ექსპორტის ყველაზე დიდი წილს იკავებს, ჩვენ ძალიან ვცდილობთ გავაფართოოთ გაყიდვების არეალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვახორციელებთ ინვესტიციებს, ვმონაწილეობთ გამოფენებში, კონკურსებში, ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებებს, შედეგად დღეს ბრენდი ასკანელი წარმოდგენილია მსოფლიოს 25-ზე მეტ ქვეყანაში და ვცდილობთ, ეს რიცხვი ყოველ წლიურად საგრძნობლად გავზარდოთ.
რომელია ყველაზე პრიორიტეტული ბაზარი გაყიდვების თვალსაზრისით და რომელია სამიზნე 2024-2025 წლებში?
როგორც უკვე გითხარით, ყველაზე პრიორიტეტულ ბაზრებად გაყიდვების თვალსაზრისით რა საკვირველია ისევ ტრადიციული ბაზრები რჩება, თუმცა ყოველ წლიურად ვზრდით გაყიდვების წილს მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე. წელს მკვეთრად გავაუმჯობესეთ და ვაგრძელებთ სტრატეგიას 2024-2025 წლებში გავზარდოთ გაყიდვები დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და დიდ ბრიტანეთში. ასევე სამომავლოდ ვგეგმავთ პოზიციების გაძლიერებას აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ცნობილია, რომ „ასკანელმა“ ქვევრის ღვინოების ასორტიმენტი გააფართოვა. რამდენი სახეობის ღვინო გაქვთ ამ მიმართულებით, რომელზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?
„ასკანელს“ ყოველთვის ჰქონდა ძალიან საინტერესო და მიმზიდველი არჩევანი ქვევრის ღვინოებში, თუმცა ბოლო წლებში ყვარელში ავაშენეთ ახალი ინოვაციური საქვევრე მარანი სადაც 87 ქვევრია და მთლიანობაში საშუალოდ 120 ტონა ღვინის დატევა შეუძლია. ქვევრების გარშემო მიწაში ჩამონტაჟებულია უახლესი ტექნოლოგია, რაც მიწისქვეშა ტემპერატურის სრულ კონტროლს გულისხმობს ინდივიდუალურად თითოეული ქვევრისთვის. ამგვარი მექანიზმი საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი რისკი. გათბობა-გაგრილების მექანიზმით შესაძლებელი ხდება ფერმენტაციის პროცესის ხანგრძლივობის გაზრდა, რაც საბოლოოდ უფრო მდიდარ არომატულ და ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიან უმაღლესი ხარისხის ღვინოებს გვპირდება, ისე, რომ ხელი არ შევუშალოთ ქვევრში ღვინის დაყენების ბუნებრიობას. ამრიგად, ჩვენს მომხმარებელს უახლოეს მომავალში ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ, რადგან „ასკანელი“ უშვებს ქვევრის ღვინოების ახალ ხაზს სახელად „დორა“. ჩვენს მარანსაც „დორა“ დავარქვით, რადგან უძველესი ქართული სიტყვაა და ღვინის საზომ ერთეულს ნიშნავს. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში დორა ქვევრის სინონიმადაც მოიხსენიება.
გაიზარდა თუ არა კომპანიის გაყიდვები 2024 წელს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდს რომ შევადაროთ რა პროცენტით?
რა თქმა უნდა, 15%-ით გავზარდეთ წელს. როგორც უკვე გითხარით, ჩვენი მიზანია გაყიდვები ყოველ წლიურად გავზარდოთ ბაზრების არეალის გაფართოების ხარჯზე. ასე ხდება მსოფლიო მასშტაბით ცნობილი არა მხოლოდ „ასკანელი“, როგორც საქართველოს მეღვინეობის პიონერი, არამედ ზოგადად საქართველო და ქართული ღვინოც.
რომ შეგვიფასოთ, რა არის დღეს მეღვინეობის დარგის მთავარი გამოწვევა?
მეღვინეობის დარგის მთავარი გამოწვევა ალბათ არის მსოფლიო კონკურენცია. საკმაოდ გაიზარდა წარმოება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც საბაზრო ფასებს მკვეთრად ამცირებს. საქართველო პატარა ქვეყანაა და ამგვარ საფასო კონკურენციაში წინსვლა საკმაოდ რთულია. ჩვენ ყველაფერს ვახორციელებთ ინვესტიციებს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე მყარი პოზიციები დავიკავოთ და არ წავიდეთ ხარისხის კომპრომისზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო, როგორც უნიკალური და იშვიათი პროდუქტი წარმოდგენილი იყოს მსოფლიო ბაზარზე სწორედ ამგვარად და არა როგორც მასიური და ძალიან ხელმისაწვდომი. ამისთვის არ ვიშურებთ ძალას და ფინანსურ რესურსებს, ვატარებთ დეგუსტაციებს, ღონისძიებებს და ასე ვაცნობთ მსოფლიოს ქართულ ღვინოს, როგორც უნიკალურ პროდუქტს.
გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ღვინის კომპანიები შედიან ტურიზმის ბიზნესში. ამ მიმართულებით „ასკანელის“ პოზიციები როგორია?
უკვე დიდი ხანია, ასკანელის რესტორნები საკმაოდ კარგი რეპუტაციით და პოპულარობით სარგებლობს, როგორც საქართველოში ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ვიტყოდი სხვადასხვა კონტინენტზეც, რადგან აშშ-ის ბაზარზეც ოპერირებს რესტორანი „ასკანელი“. გარდა რესტორნებისა, ჩვენს ქარხანაში ყვარელში გაზაფხულზე გაიხსნება ძალიან მაღალი კლასის ულამაზესი სასტუმრო და უკვე შევძლებთ სტუმრების მიღებას. ეს არის უნიკალური კონცეფცია, როდესაც დამსვენებელს შეუძლია დატკბეს მაღალი კლასის სასტუმროს მომსახურებით კახეთში, შუაგულ ვენახებში და თან თვალი ადევნოს მევენახეობისა და მეღვინეობის პროცესებს.
გარდა იმ სიახლეებისა რაზეც ვისაუბრეთ, უახლოეს მომავალში ასკანელი გამოუშვებს ბრენდის ორ ახალ შესანიშნავ პროდუქტს, რომელიც მომხმარებელს გააოცებთ როგორც მისი ვიზუალით ისე გემოთი. ასე რომ ჩვენს მომხმარებელს „ასკანელისგან“ სასიამოვნო სიურპრიზები არ მოაკლდება.
„ასკანელი“ 1998 წელს დაარსდა და მას შემდეგ არ გაჩერებულა. დღემდე ბევრმა რთველმა ჩაიარა. განვახორციელე დიდძალი ინვესტიციები და შესაბამისად „ასკანელს“ ერთი დღეც არ შეუწყვეტია ზრდა და განვითარება. დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ასკანელში მუშაობენ ძალიან მაღალი დონის კადრები. მუდმივ თანამშრომლად დასაქმებულია საშუალოდ 400 ადამიანი, ხოლო სეზონურ სამუშაოებზე დღეში საშუალოდ 200 ადამიანს მაინც ვასაქმებთ.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება