გიზიარებთ ბლოგს: ცნობილი ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი კარიერული მიღწევების დამსახურებით უკვე ფინანსურად ისედაც უზრუნველყოფილი არიან, მაინც ირჩევენ ინვესტირების სტრატეგიას, რათა ქონების შეფასება გაზარდონ და დაგროვილი დოვლათი თაობებს შემოუნახონ. როგორც წესი, ცნობილი სახეები საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი კომპანიების აქციებს ყიდულობენ, თუმცა ზოგიერთი მათგანი საკუთარ კომპანიას აფუძნებს ან არსებული სტარტაპის მაჟორიტარული წილის მფლობელი ხდება.
ამჯერად იმ ცნობილი სახეების შესახებ მოგიყვებით, რომლებმაც ქონების უდიდესი ნაწილი არა კარიერული მიღწევებით, არამედ სწორედ საინვესტიციო საქმიანობით დააგროვეს.
კალათბურთის ლეგენდა არა მხოლოდ სპორტში, არამედ ინვესტირებაშიც წარმატებულია. მაიკლ ჯორდანის პორტფელი არაერთ საინტერესო აქტივს მოიცავს, მათ შორისაა NBA-ს კლუბის, Charlotte Hornets-ის წილი, რომელიც მან 2010 წელს შეისყიდა. გასულ წელს, კლუბის ღირებულებამ $1.5 მილიარდს მიაღწია, რამაც ჯორდანს მილიარდერის სტატუსი მოუტანა.
ჯორდანის პორტფელში აგრეთვე შეხვდებით Nike-ის აქციებს, რაც გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს, რადგან Nike-ის ფეხსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხაზი სწორედ ჯორდანის სახელს უკავშირდება, რის სანაცვლოდ, მან კომპანიისგან მილიონობით დოლარის კომპენსაცია და აქციები მიიღო. გარდა ამისა, კალათბურთელს დიდი მოცულობის ინვესტიცია აქვს ჩადებული DraftKings-სა და Sportradar-ში.
თვალისმომჭრელი კარიერისა და წარმატებული ინვესტიციების წყალობით, მაიკლ ჯორდანმა $3.2 მილიარდის ქონების დაგროვება შეძლო, რაც მას ისტორიაში ყველაზე მდიდარ ათლეტად აქცევს.
შონ კარტერი, რომელიც მსოფლიოსათვის სასცენო სახელით, ჯეი-ზითაა ცნობილი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეპერია, რომელსაც მუსიკალურ შემოქმედებაზე არანაკლებ საამაყო საინვესტიციო პორტფელი აქვს. მის მფლობელობაშია შამპანურის მწარმოებელი Armand de Brignac Ace of Spades, რომელიც პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი.
გარდა ამისა, ჯეი-ზი ფრანგული მოდის კონგლომერატის, LVMH-ის მსხვილი აქციონერია, რომლის დამფუძნებელი ბერნარ არნო ამჟამად მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეა.
ასევე, ბრუკლინელი არტისტი მუსიკალური პლატფორმის, Tidal-ის დამფუძნებელია, რომელიც კონკურენციას Spotify-სა და Apple Music-ს უწევს.
ამჟამინდელი მდგომარეობით, ჯეი-ზის ქონების შეფასება 2.5 მილიარდ დოლარს აღწევს, მისი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი კი კომპანიების აქციებთანაა დაკავშირებული.
საინვესტიციო სფეროში თავს მხოლოდ სპორტსმენები და მუსიკოსები როდი იჩენენ, გამორჩეული პორტფელის მფლობელებს შორის ვხედავთ მსახიობსა და კომიკოსს, რაიან რეინოლდსს, რომელიც არაერთი კომპანიის მეწილეა.
რეინოლდსის პირველი დიდი გარიგება Aviation American Gin-ს უკავშირდება, რომელიც მან 2020 წელს 610 მილიონ დოლარად გაყიდა.
AAG-ის გასხვისების შემდეგ, ალკოჰოლური სასმელების ბიზნესიდან რეინოლდსმა სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში გადაინაცვლა და Mint Mobile-ის ინვესტორი გახდა, თავად ეს კომპანია კი მოგვიანებით T-Mobile-მა $1.35 მილიარდად შეიძინა.
ამ ორი მსხვილი გარიგების გარდა, ცნობილ მსახიობს სხვა მნიშვნელოვანი საინვესტიციო გადაწყვეტილებებიც აქვს მიღებული. ის საფონდო ბირჟაზე საკმაოდ აქტიურია და 100-მდე კომპანიის აქციებს ფლობს.
საერთო ჯამში, 47 წლის რეინოლდსი 350 მილიონი დოლარის ქონებას ფლობს, თუმცა მისი საინვესტიციო მოღვაწეობა სულ ახლახან დაიწყო, ამიტომ მომავალში მისგან უფრო მეტს უნდა მოველოდეთ.
სელებრითი ინვესტორების სიაში აგრეთვე ვხედავთ კიმ კარდაშიანს, რომელიც კოსმეტიკური ბრენდის, KKW Beauty-ის და ტანსაცმლის მწარმოებელი Skims-ის აქციონერი და თანადამფუძნებელია.
გარდა ამისა, რეალითი შოუს ვარსკვლავი აქტიურად ინვესტირებს აშშ-ის უძრავ ქონებაში, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და გართობა-დასვენების ინდუსტრიებში.
საინვესტიციო-სამეწარმეო საქმიანობის წყალობით, 2024 წელს კიმ კარდაშიანის ქონების შეფასებამ 1.7 მილიარდ დოლარს მიაღწია.
საერთო ჯამში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცნობილი სახეები ისევე აქტიურები არიან საინვესტიციო საქმიანობაში, როგორც პროფესიონალი ანტრეპრენიორები. განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, ეს ადამიანები გვიჩვენებენ, თუ როგორ შეიძლება ინვესტირება შემოსავლის მიღების და ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევის გზად იქცეს.
რაც მთავარია, დღეს ინვესტირების დასაწყებად არ გჭირდება, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ვარსკვლავებივით მდიდარი იყო. საქართველოს ბანკის მობილბანკის მეშვეობით შესაძლებლობა გაქვთ, ნებისმიერი თანხით დაიწყოთ ინვესტირება და 6 000-მდე ცნობილი კომპანიის აქციები შეიძინოთ.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება