USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სპორტის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

სპორტის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

2024-11-13 11:43:00

სპორტის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ამჟამინდელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის. 

„სპორტის სასახლე უკვე ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ობიექტია. იგი ისტორიულად იყო სპორტული, კულტურული და სოციალური ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი არენა. სპორტის სასახლის შენობა წარმოადგენს მუნიციპალური საწარმოს საკუთრებას, რომელიც 2007 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, მართვის უფლებით გადაცემულია კომპანია „ლოჯიკ გრუპისთვის“. სპორტის სასახლის ახლანდელი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, მას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ხარვეზები. შესაბამისად, საჭიროებს განახლება-რეაბილიტაციას. აღნიშნული ხელშეკრულების პირობები ვეღარ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. ჩვენ ვიმუშავეთ შესაბამის კომპანიასთან და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. შევთანხმდით, რომ სპორტის სასახლე საჭიროებს რეაბილიტაციას და აღნიშნული სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

რაც შეეხება სამუშაოებს, თბილისის მერის თქმით, მოწესრიგდება ყველა ძირითადი სივრცე, რაც გულისხმობს იატაკის საფარის, სავარძლების, კედლების, ვიზიტორების საცირკულაციო სივრცეების, გასახდელების, VIP-შემოსასვლელის, ავეჯისა და სხვა სივრცეების მოწესრიგებას.

„იქიდან გამომდინარე, რომ სპორტის სასახლე წარმოადგენს ისტორიულ შენობას, მაქსიმალურად შენარჩუნდება ისტორიული მასალები, განსაკუთრებით ბუნებრივი ქვის მოპირკეთება. სპორტის სასახლე აღიჭურვება მისი მრავალფუნქციური დანიშნულებისთვის საჭირო მოწყობილობებითა და სისტემებით, რაც მოიცავს განათების, ხმის, ვიდეო, ეკრანის, სცენის, იატაკის საფარის, რიგირების, ტრანსლაციის, გამყოფ, სპეციალური ეფექტებისა და სხვა ტიპის სისტემებსა და მოწყობილობებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, ასევე, იგეგმება სპორტის სასახლის გარშემო სარეკრეაციო და ღია სივრცეების ისტორიული ფუნქციის აღდგენა.

„დღეს რაც ხდება სპორტის სასახლის ირგვლივ არსებულ ტერიტორიაზე, კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან მძიმე ვითარებაა,  შესაბამისად, ეს ყველაფერი საჭიროებს განახლებას. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა უნიკალური სარეკრეაციო სივრცე; კეთილმოეწყობა მეტროში ჩასასვლელი კიბეები და მიმდებარე სივრცეები; ამავე ტერიტორიაზე მმართველი კომპანია გეგმავს პადელის ღია კორტების მოწყობას; მოწესრიგდება საპარკინგე ზონა და დარეგულირდება სატრანსპორტო გეგმა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სპორტის სასახლის სტუმრებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, განხორციელებული სამუშაოები შესაძლებლობას მისცემს ობიექტს, უმასპინძლოს, როგორც სპორტულ, ისე სხვა კულტურულ თუ სოციალურ ღონისძიებებს და ჰქონდეს მრავალფუნქციური დატვირთვა.

„ეს პროექტი სპორტის სასახლეს შესძენს ახალ სიცოცხლეს და მოსახლეობისთვის ქალაქის ცენტრალურ, მჭიდროდ დასახლებულ უბანში ხელმისაწვდომი გახდება უნიკალური სარეკრეაციო და სპორტული სივრცე“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები