USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ის გადაწყვეტილებით, სესხზე ყოველთვიური შენატანი 177 169 მსესხებელს არ გაეზარდა

სებ-ის გადაწყვეტილებით, სესხზე ყოველთვიური შენატანი 177 169 მსესხებელს არ გაეზარდა

2024-10-23 14:54:00

177 169 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ გაუძვირდა. ამის მიზეზი კი სებ-ის მიერ  მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე დატოვებაა. ამ დროისათვის ცვლად განაკვეთზე სწორედ 177 169 სესხია მიბმული.

აღსანიშნავია რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და დღეისათვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.

„საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება. 2023 წლის დასაწყისიდან, ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტზე ნაკლებია. მიმდინარე წლის სექტემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 0.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 0.8 პროცენტი შეადგინა. ფასების სტაბილურობა, უმეტესწილად, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ უზრუნველყო, როგორც დროული გამკაცრების, ისე ეტაპობრივი ნორმალიზების მიმართულებით, რაც გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაში აისახა. კერძოდ, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, მიზნობრივ 3 პროცენტთან შედარებით დაბალია. ამასთან, ეკონომიკაში გაზრდილი კონკურენციის შედეგად ფირმების შემცირებული მარჟებიც დაბალი ინფლაციის ხელშემწყობია. ამ ფაქტორების ერთობლიობა ძლიერი მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას გარკვეულწილად ანეიტრალებს. მიმდინარე წელს მოსალოდნელზე ძლიერი ეკონომიკური აქტივობის გამო, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8.5%-მდე გაიზარდა. თუმცა, ძლიერი მოთხოვნის პარალელურად, სებ-ის შეფასებით, გაზრდილია ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალიც, რასაც წვლილი შეაქვს ფასებზე წნეხის შემცირებასა და დაბალინფლაციური გარემოს ჩამოყალიბებაში. ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ იქნება და საშუალოდ 1.2 პროცენტს გაუტოლდება. საშუალოვადიან პერიოდში კი 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება.
პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, როგორც ადგილობრივად, ისე გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობა რისკებს შეიცავს. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და ასევე ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, შესაძლოა, მათ შორის, რეგიონალური რისკის პრემია გაიზარდოს და სხვადასხვა არხებით ფასებზე ზეწოლა წარმოიქმნას. გარდა ამისა, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის ფასების მერყეობა გაზრდილია, ხოლო წითელი ზღვის აკვატორიაში მიმდინარე მოვლენები ტრანსპორტირების ხარჯების ზრდის საფრთხეებს წარმოშობს, რაც, იმპორტული საქონლის არხით, მთლიანი ინფლაციის ზრდის რისკებს ქმნის. საგარეო ფაქტორებს მიღმა, შიდა ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე ძლიერია, რამაც მომავალში ასევე შესაძლოა ფასებზე ზეწოლა მოახდინოს. ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე ვითარების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტზე შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის მიმართ ასეთი ფრთხილი მიდგომა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდეს. იმ შემთხვევაში, თუკი ინფლაციური რისკები არ რეალიზდება და ინფლაციური რისკების სიმწვავე შემსუბუქდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას განაგრძობს. იმ შემთხვევაში კი, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო“, - აღნიშნულია სებ-ის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. 
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 18 დეკემბერს ჩატარდება.


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები