ახალგაზრდა თაობაში ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლებას მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ.
შეთანხმება მიზნად ისახავს ეროვნულ ბანკსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებას. ასევე, საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მოწყობას, კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერას. მემორანდუმის მიხედვით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს ეროვნულ ბანკში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნებათ.
„საქართველოში არაერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. თუმცა, მათ შორის, თავისი ისტორიით გამორჩეულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სიმბოლურია, რომ სწორედ სოხუმის დაცემის წინა დღეს ვაფორმებთ მათთან თანამშრომლობის მემორანდუმს. ფინანსური განათლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით, სხვადასხვა აქტივობას ვახორციელებთ. სწორედ განათლებაა ის მყარი საფუძველი, რომელიც ჩვენი ახალგაზრდა თაობის წარმატებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია ისიც, რომ აფხაზეთის თემატიკას სებ-ი, თავისი მანდატის ფარგლებში ყოველთვის ეხმაურებოდა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ამის საუკეთესო ილუსტრაციად გამოდგება, 200 - ლარიანი ბანკნოტის უკანა მხარეს გამოსახული ქალაქ სოხუმის ხედი. ბანკნოტის ვიზუალური ელემენტები სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის იდეას გამოხატავს.
გარდა ამისა, 2009 წელს ეროვნულმა ბანკმა ილორის წმინდა გიორგის ეკლესიისადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტაც გამოუშვა. სულ მალე სებ-ში აფხაზეთის ოთახი მოეწყობა, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ განაცხადა, დაგეგმილი მასშტაბური პროექტების განხორციელების შედეგად, სულ მალე უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო განათლების ჰაბი გახდება. „დარწმუნებული ვარ, ამ სასიკეთო და საქვეყნო ინიციატივებში ერთად იქნებიან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული ბანკი. ჩვენთვის დიდი პატივია და საამაყოა, რომ ისეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციაში, როგორიც საქართველოს ეროვნული ბანკია, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია აფხაზეთის ოთახის გახსნა, რაც მიმანიშნებელია ჩვენი ერთიანობისა და იმ ტკივილის, რომლის ოკუპაციიდან ხვალ 31 წელი სრულდება“, - აღნიშნა ზურაბ ხონელიძემ.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება