USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე: მიღწევები და ნაკრების შემადგენლობა

საქართველო პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე: მიღწევები და ნაკრების შემადგენლობა

2024-08-24 19:29:00

გიზიარებთ ბლოგს: 28 აგვისტოს პარიზის პარალიმპიური თამაშები დაიწყება, სადაც გულშემატკივარი სპორტის 22 სახეობას იხილავს და მასში მონაწილეობას დაახლოებით 4400 პარასპორტსმენი მიიღებს.

მართალია, ზაფხულის პარალიმპიადა პირველად 1960 წელს ჩატარდა, მაგრამ მას წინ საინტერესო ისტორია უძღვის.

1944 წელს ინგლისში ხერხემლის ტრავმების ცენტრი დაარსდა, რომელიც, ძირითადად, მეორე მსოფლიო ომში დაზიანებულ ადამიანებს მკურნალობდა. ცენტრის ხელმძღვანელი ექიმი ლუდვიგ გუტმანი იყო. მან მკურნალობის პროცესში ახალი მიდგომა დანერგა – რეაბილიტაცია სპორტის ჩართულობით.

მალევე, სპორტით რეაბილიტაცია შეჯიბრებებში გადაიზარდა – ერთმანეთს სხვადასხვა სახეობაში სხვადასხვა პალატის წარმომადგენლები პირველობისთვის ხვდებოდნენ.

1952 წელს, ინგლისში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ინგლისელების გარდა, ნიდერლანდების წარმომადგენლებმაც მიიღეს. შეჯიბრებები ჩატარდა მშვილდოსნობაში, დარტსში, მაგიდის ჩოგბურთსა და სნუკერში. უახლოეს წლებში პარასპორტის სახეობები უფრო მეტად პოპულარული გახდა და 1960 წელს მსოფლიომ პირველი პარალიმპიური თამაშებიც იხილა, სადაც 23 ქვეყნის 400 პარასპორტსმენი მონაწილეობდა.

1960 წლიდან, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დასრულებიდან რამდენიმე დღეში, პარალიმპიური თამაშები იწყება.

საქართველომ პარალიმპიადაში მონაწილეობა პირველად 2008 წელს, პეკინში მიიღო. მაშინ ჩვენი დელეგაცია ჩინეთში მხოლოდ ერთი სპორტსმენით წარსდგა. იაგო გორგოძემ პარაწოლჭიმში იასპარეზა და მე-8 ადგილი დაიკავა.

ამის შემდეგ, საქართველოს პარალიმპიური თამაშები არ გამოუტოვებია. 2012 წელს ლონდონში ორი სპორტსმენით წარვდექით, 2016 წელს რიოში ხუთმა ქართველმა პარასპორტსმენმა იასპარეზა, 2020 წელს კი ტოკიოში 13 მონაწილე გვყავდა.

ქართველი პარასპორტსმენების მიღწევები პარალიმპიადაზე

საქართველომ პარალიმპიურ თამაშებზე მედალი პირველად 2016 წელს მოიპოვა. რიოში ზვიად გოგოჭურმა, პარაჯუდოში, -90კგ წონით კატეგორიაში ყველას აჯობა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ჯერ-ჯერობით ეს შედეგი ისტორიულია, რადგანაც გოგოჭური ერთადერთი პარასპორტსმენია საქართველოდან, ვინც პარალიმპიადა მოიგო.

ასევე, საქართველოს პარალიმპიურ თამაშებში სამი პრიზიორი, სამივე ვერცხლის მედლის მფლობელი ჰყავს – ნინო თიბილაშვილი (ეტლით ფარიკაობა), ინა ქალდანი (პარაჯუდო), რევაზ ჩიკოიძე (პარაჯუდო). სამივე მათგანმა ამ წარმატებას ტოკიოს პარალიმპიადაზე მიაღწია.

საქართველო 2024 წლის პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე

2024 წლის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობას 14 ქართველი პარასპორტსმენი პარასპორტის 6 სახეობაში მიიღებს.

ბლოგის ამ ნაწილში გაგაცნობთ იმ პარასპორტსმენებს, რომლებიც პარიზში საქართველოს წარადგენენ.

ნინო თიბილაშვილი

ეტლით ფარიკაობა

ნინო თიბილაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული პარასპორტსმენია საქართველოს ისტორიაში. ნინოსთვის პარიზში გასამართი პარალიმპიადა რიგით მეორეა, მან ტოკიოშიც იასპარეზა, სადაც ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

2019 წლიდან დღემდე, ნინო საერთაშორისო ტურნირებში იღებს მონაწილეობას. ის მსოფლიო თასისა და ევროპის ჩემპიონატის რამდენიმეგზის პრიზიორია.

ირმა ხეცურიანი

ეტლით ფარიკაობა

ირმა ხეცურიანი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეტლით მოფარიკავეა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული რიოსა და ტოკიოს პარალიმპიადებზე.

ირმა მსოფლიო თასის რამდენიმეგზის გამარჯვებული და პრიზიორია. ასევე, მას ბრინჯაოს მედალი მოპოვებული აქვს ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე.

ინა ქალდანი

პარაჯუდო, -70კგ

ინა ქალდანი პირველი ქართველი პარასპორტსმენია ისტორიაში, რომელმაც პარალიმპიადაზე, პარაჯუდოში მედალი მოიპოვა. ინამ 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებში შესანიშნავად იასპარეზა და სამშობლოში ვერცხლის მედლით დაბრუნდა.

ქალდანმა 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, 2023 წლის ტოკიოს გრან პრი კი მესამე ადგილით დაასრულა.

ზურაბ ზურაბიანი

პარაჯუდო, -60კგ

ზურაბ ზურაბიანი პარალიმპიადაზე პირველად იასპარეზებს და ქართველი გულშემატკივრების გახარებას შეეცდება.

ზურაბმა 2023 წელს, ევროპის პარაჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2024 წელს ჯერ ანტალიის, შემდეგ კი თბილისის გრან პრიზე მოიპოვა ბრინჯაოს მედლები.

გიორგი ქალდანი

პარაჯუდო, -70კგ

გიორგი ქალდანი პარაჯუდოში 2019 წლიდან ასპარეზობს. გიორგიმ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზა, დიდი გამოცდილება დააგროვა და წელს პარიზში წარმატების მისაღწევად იბრძოლებს.

გიორგი ქალდანი 2023 წლის ევროპის პარაჩემპიონატის გამარჯვებულია. მან 2023 წელს ტოკიოს გრან პრიზე მესამე ადგილი დაიკავა, 2024 წელს თბილისის გრან პრი მოიგო.

ლაშა ყიზილაშვილი

პარაჯუდო, -90კგ

ლაშა ყიზილაშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ქართველი პარაჯუდოკებს შორის. ლაშამ 2023 წელს ევროპის პარაჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. იმავე წელს, ინგლისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. წელს ლაშამ ანტალიის გრან პრიზე იასპარეზა, საიდანაც სამშობლოში ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

ყიზილაშვილი პარალიმპიურ თამაშებზე პირველად იასპარეზებს და ეცდება წარმატებული გამოსვლით ქართველი ქომაგები გაახაროს.

რევაზ ჩიკოიძე

პარაჯუდო, +90კგ

რევაზ ჩიკოიძე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და წარმატებული პარასპორტსმენია ქვეყნის ისტორიაში. პარაჯუდოში მისი წარმატებები 2019 წელს იწყება. მას მოგებული აქვს მსოფლიო თასი და ევროპის ჩემპიონატი 2019 წელს, 2023 წელს კი ევროპის პარაჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა. რევაზი თბილისის, ტოკიოსა და ინდიანას გრან პრების გამარჯვებულია.

ჩიკოიძემ 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, წელს კი პარიზშიც ეცდება მედლის მოპოვებას.

გიგა ოჩხიკიძე

პარამძლეოსნობა, ბირთვის კვრა

გიგა ოჩხიკიძე, რომელიც პარალიმპიადაზე პირველად იასპარეზებს, პარიზის პარალიმპიური თამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. 2022 წლამდე, გიგა მკლავჭიდით იყო დაკავებული, მხოლოდ ბოლო ორი წელია, რაც პარამძლეოსნობაში გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ ოჩხიკიძე ბირთვის კვრაში მსოფლიო ჩემპიონია, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ის პარიზში მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

დავით ქავთარაძე

პარამძლეოსნობა, შუბის სტყორცნა

დავით ქავთარაძე ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი პარასპორტსმენია. დავითი პარალიმპიურ თამაშებზე კარიერაში მეორედ იასპარეზებს.

საინტერესოა, რომ წელს ქავთარაძეს შუბის ტყორცნაში ვიხილავთ, თუმცა 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიადაზე ის სიგრძეზე ხტომაში გამოდიოდა.

ანა ჯაფარიძე

პარატაეკვანდო

ანა ჯაფარიძე პარალიმპიური თამაშების დებიუტანტია. მან 2023 წელს ევროპის პარაჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. ანასთვის 2024 წელი წარმატებულია – ჯერ სოფიაში გამართული სალიცენზიო ტურნირი მოიგო, შემდეგ კი ოქროს მედალს სამხრეთ კორეაში გამართულ მსოფლიოს ღია პირველობაზე დაეუფლა.

იმედი გვაქვს, ანა წარმატებულ სერიას პარიზშიც გააგრძელებს და ისტორიაში მორიგ ფურცელს გადაშლის.

ლია ჩაჩიბაია

პარატაეკვანდო

ლია ჩაჩიბაია ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ქალი პარასპორტსმენია. ლია გამორჩეულია არა მხოლოდ შედეგებით, არამედ იმითაც, რომ ის პარალიმპიურ თამაშებზე მეორედ იასპარეზებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩაჩიბაიამ 2016 წელს რიოში ცურვის შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა, წელს კი მას პარატაეკვანდოში ვიხილავთ.

ლია ევროპის პარაჩემპიონატის, ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიოს ღია შეჯიბრის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

გიორგი ნიკოლაძე

პარატაეკვანდო

პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს პარატაეკვანდოს ნაკრების მესამე წარმომადგენელი გიორგი ნიკოლაძე იქნება, რომელიც 70კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

გიორგიმ, 2023 წელს, ევროპის პარაჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. მან 2024 წელს მოიგო საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირი სოფიაში, სერბეთში კი ევროპის ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ვიმედოვნებთ, რომ გიორგისთვის სადებიუტო პარალიმპიური თამაშები წარმატებული იქნება.

ვლადიმერ ჭინჭარაული

პარასროლა

ვლადიმერ ჭინჭარაული გამოცდილი პარალიმპიელია. მან 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიადაზე იასპარეზა, ამის შემდეგ რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი გახდა.

წელს, პარიზში, ჭინჭარაული შეეცდება, რომ ქართველი გულშემატკივრები გაახაროს და შინ წარმატებული დაბრუნდეს.

აკაკი ჯინჭარაძე

პარაწოლჭიმი

აკაკი ჯინჭარაძე პარიზში ერთ-ერთ ფავორიტის სახელით ჩადის. აკაკიმ 2023 და 2024 წლებში მსოფლიო თასი მოიგო და ქართული პარასპორტის ისტორია დაწერა.

ჯინჭარაძეს აქამდე პარალიმპიურ თამაშებზე ორჯერ უასპარეზია. 2016 წელს, რიოში მან მე-9 ადგილი დაიკავა, 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიადა კი მეოთხე პოზიციით დაასრულა.

გვჯერა, რომ აკაკი, რომელიც წელს საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მედროშეა, დასახულ მიზანს მიაღწევს და მისი მესამე ცდა პარალიმპიადაზე მედლით დასრულდება.

სპორტის სახეობები | ქართველები პარიზის პარალიმპიადაზე

ეტლით ფარიკაობა – ნინო თიბილაშვილი, ირმა ხეცურიანი

პარაჯუდო – ინა ქალდანი, ზურაბ ზურაბიანი, გიორგი ქალდანი, ლაშა ყიზილაშვილი, რევაზ ჩიკოიძე

პარამძლეოსნობა – გიგა ოჩხიკიძე, დავით ქავთარაძე

პარატაეკვანდო – ანა ჯაფარიძე, ლია ჩაჩიბაია, გიორგი ნიკოლაძე

პარასროლა – ლადო ჭინჭარაული

პარაწოლჭიმი – აკაკი ჯინჭარაძე

იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ქართველების წარმატებები და სხვა მნიშვნელოვანი ამბები პარიზის პარალიმპიადიდან, თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკს სოციალურ ქსელებში.

წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ პარასპორტსმენებს პარიზში!

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები