USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საკალათბურთო ნაკრების წარმატებული თამაში ევრობასკეტის შესარჩევ ტურნირზე- ნაკრების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია

საკალათბურთო ნაკრების წარმატებული თამაში ევრობასკეტის შესარჩევ ტურნირზე- ნაკრების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია

2024-11-22 18:55:00

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ჯგუფში პირველი გამარჯვება იზეიმა - ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართულ მატჩში სერბი სპეციალისტის, ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ფინეთის ნაკრები  7-ქულიანი უპირატესობით 83-90  დაამარცხა!

პარკეტზე უდავოდ გამორჩეული იყო ჩვენი ნაკრების ლიდერი და კაპიტანი - თორნიკე შენგელია, რომელმაც 21-საათიან მონაკვეთში 2 შეხვედრაში სრული დატვირთვით მიიღო მონაწილეობა. ჯერ ბოლონიას მაისურით ევროლიგაზე თურქეთში ჩავიდა და 23 ქულა გააკეთა ფენერბახჩეს წინააღმდეგ, მერე კი 2.5 ათასი კილომეტრი იფრინა ფინეთამდე და 24 ქულით [პლუს 6 მოხსნა, 5 პასი]  საქართველოს ულიდერა.

გამოსარჩევია ჩვენი გუნდის ახალი ამერიკელი ლეგიონერი, კამარ ბოლდუინი, რომელმაც საქართველოს ნაკრების მაისურით სადებიუტო მატჩი ჩაატარა  და 23 ქულის [პლუს 4 მოხსნა, 5 პასი] მოპოვებაც შეძლო. კამარი თოკოს მერე ჩვენს რიგებში საუკეთესო იყო.

ჯიკიჩმა შენგელიასა და ბოლდუინის გარდა, ძირითად ხუთეულში ათამაშა დუდა სანაძე, გიორგი შერმადინი და ალექსანდრე ფევაძე - გამოსარჩევია შერმოს 10 ქულა, 5 მოხსნა და დუდა სანაძის 9 ქულა. ჯამში ჯიკიჩმა პარკეტზე მთელი შეხვედრა 8 კალათბურთელით ითამაშა. მოწინააღმდეგეთა შორის კი გამორჩეული იყო ოლივიე ნკამუა, რომელმაც 22 ქულასა და 10 მოხსნას მოუყარა თავი.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშის მიმდინარეობას, მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა და იყო რამდენიმე საკვანძო ეპიზოდი და ქულათა სხვაობებს შორის გაქცევა, როცა თითქოს ეს უპირატესობა რომელიმე მხარეს უნდა გადაძალულიყო. გადამწყვეტი აღმოჩნდა თოკომოტივის ამუშავება, როცა მესამე და მეოთხე მეოთხედების მიჯნაზე ზედიზედ 4 სამქულიანი ჩააგდო, გაქცეულ მეტოქეს დავეწიეთ, თამაში დაიქაჩა და ბოლო წამამდე ქულა-ქულაში მატჩად გადაიქცა. ბოლო წუთ-ნახევრამდე სანერვიულოდ გვქონდა საქმე, თუმცა მერე დებიუტანტმა კამარ ბოლდუინმაც დაგვანახა საკუთარი  შესაძლებლობები და ალბათ გადამწყვეტი, სამქულიანი ჩააგდო მეტოქის ხელიდან. ამ სამქულიანით მოპოვებული მცირე უპირატესობა თამაშის ბოლომდე მივიყვანეთ და უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაც მოვიპოვეთ.

G ჯუფში ეს მოგება საქართველოსთვის პირველი იყო, იქამდე ორი მარცხი გვქონდა და ბოლო ადგილზე ვიმყოფებოდით, თუმცა ამ გამარჯვებით ბრძოლაში ჩავებით და წინ თბილისური შეხვედრაა კვლავ ფინეთის წინააღმდეგ. რადგანაც ფინეთი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია, ჩვენს უშუალო კონკურენტად ჯგუფში დანიის ნაკრები ითვლება, რომელმაც პარალელურ შეხვედრაში ერთპიროვნულ ლიდერ სერბეთთან  უშანსო მარცხი იწვნია [52-72]. გამოდის, თითო-თითო მოგებით დანიას, ფინეთსა და საქართველოს ერთნაირი მაჩვენებელი აქვთ. კიდევ ერთი გამარჯვება სასიცოცხლოდ გვჭირდება და გარანტია, რომ ჯგუფში დანიას გავასწრებთ.

საქართველო VS ფინეთი - 24 ნოემბერი, 19:00 საათი, თბილისი არენაზე გაიმართება

ისღა დაგვრჩენია, ვუქომაგოთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს გადამწყვეტ შეხვედრაში, გავავსოთ არენა და შევქმნათ საუკეთესო საკალათბურთო ატმოსფერო.

აუცილებლად უნდა ვითამაშოთ ჩვენთვის ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტზე!

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები