USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ მუშაობს მონაცემთა ანალიტიკის გუნდი საქართველოს ბანკში - ინტერვიუ მიხეილ ნადარეიშვილთან

როგორ მუშაობს მონაცემთა ანალიტიკის გუნდი საქართველოს ბანკში - ინტერვიუ მიხეილ ნადარეიშვილთან

2024-11-12 15:11:00

საბანკო ინდუსტრიის მომავალი უდავოდ ციფრულია - ამას არაერთი მოსაზრება თუ მიმდინარე ტენდენციები მოწმობს - ტრანზაქციები, კომუნიკაცია თუ მომსახურება ვირტუალურ სივრცეებში ინაცვლებს, თუმცა რაც უფრო სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს ციფრული ტრანსფორმაცია, მით მნიშვნელოვანი ხდება ის, რომ ტექნოლოგიებმა და მონაცემების გამოყენებამ სამომხმარებლო გამოცდილება დახვეწოს და ადამიანებს გაუმჯობესებაში დაეხმაროს.

სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს მონაცემთა ანალიტიკის გუნდი საქართველოს ბანკში. ისინი მონაცემებსა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებს მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული, პერსონალიზებული სერვისების შესაქმნელად და შიდა პროცესების ოპტიმიზაციისთვის იყენებენ.

ამ ინტერვიუში მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი  საუბრობს, თუ როგორ მუშაობს მონაცემთა ანალიტიკის გუნდი სხვადასხვა დონეზე საქართველოს ბანკში უფრო სწრაფი, მოქნილი და ავტომატიზებული გადაწყვეტილებების მისაღებად.

  • რა პასუხისმგებლობები და მიზნები აქვს მონაცემთა ანალიტიკის გუნდის და როგორ ეხმარება ორგანიზაციას სტრატეგიული ამოცანებისა და მიზნების მიღწევაში?

ჩვენი გუნდის მთავარი საქმიანობაა, ბიზნესს დავეხმაროთ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში. ამისთვის ორი ძირითადი მიმართულება გვაქვს: ერთი მხრივ, მივაწოდოთ ბიზნესს ისეთი ანალიტიკა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, მიიღონ გადაწყვეტილებები ინფორმაციაზე დაყრდნობით და მეორე მხრივ, შევქმნათ ხელოვნური ინტელექტის მოდელები, რომლებიც ადამიანის ჩარევის გარეშე, ავტონომიურად იღებენ გადაწყვეტილებებს.

ჩვენი გუნდის მიერ შემუშავებული ანალიტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბანკის ყველა მიმართულებით, იქნება ეს საკრედიტო, გაყიდვების, საოპერაციო თუ სხვა. მოხარული ვარ ვთქვა, რომ ჯამურად, ჩვენი მუშაობის შედეგად, ბანკს შეუძლია მომხმარებელს შესთავაზოს ბევრად უფრო პერსონალიზებული და სწრაფი მომსახურება, ვიდრე ადრე იყო შესაძლებელი.

  • თქვენ ხშირად საუბრობთ მომავლის ტექნოლოგიებზე, ხელოვნურ ინტელექტზე. შეგიძლიათ უფრო ვრცლად მოგვიყვეთ, რა როლს ასრულებენ ხელოვნური ინტელექტის მოდელები ბანკის საქმიანობაში?

როგორც აღვნიშნე, ხელოვნური ინტელექტის მოდელები საშუალებას იძლევა, კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღება ავტომატიზებული გავხადოთ. ეს კი საშუალებას გვაძლევს, ჩვენს მომხმარებლებს ბევრად უფრო სწრაფად და პერსონალიზებულად მოვემსახუროთ.

მაგალითისთვის, ჩვენი სამომხმარებლო სესხის ციფრული არხიდან გაცემისას, ხელოვნური ინტელექტის მოდელი გემსახურებათ, რაც საშუალებას იძლევა, რომ სესხის გაცემაზე გადაწყვეტილება დღეების მაგივრად რამდენიმე წუთში იქნეს მიღებული. გარდა ამისა, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია 24/7-ზე მოგემსახუროთ.

  • თქვენი აზრით, რა არის ის მთავარი ღირებულება, რომელიც თქვენი გუნდის მიერ განხორციელებული თითოეული პროექტის უკან დგას?

ჩვენთვის მთავარი უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაა, ამ ღირებულებით ვაკეთებთ ყველა პროექტსა თუ პროდუქტს.

  • რა აერთიანებს თქვენს გუნდს?

ჩვენ გვაქვს ამბიცია, ვიყოთ მონაცემთა ანალიტიკის საუკეთესო გუნდი საქართველოში. გვაერთიანებს გუნდურობა, საინტერესო საქმე, განვითარებაზე ორიენტირება და ინოვაციური პროდუქტების შექმნის სურვილი.

  • შეგვიძლია თუ არა ვისაუბროთ პროექტებზე, რომლებითაც განსაკუთრებით ამაყობთ და რომლებმაც გააუმჯობესეს ერთი მხრივ, შიდა პროცესები და მეორე მხრივ, მომხმარებლების გამოცდილება?

ზოგადად, ჩვენი ყველა პროექტი ამ ორიდან ერთ-ერთ მიზანს მაინც ემსახურება. ამ მხრივ, შემიძლია გავიხსენო ჩვენი სატელეფონო ცენტრისა და ჩატების დატვირთულობის პროგნოზირების პროექტი. პროექტის ფარგლებში, ჩვენ შევქმენით ხელოვნური ინტელექტის მოდელები, რომლებიც წუთების სიზუსტით პროგნოზირებენ, თუ რამდენი მომხმარებელი დაგვირეკავს ან მოგვწერს მომავალი კვირების განმავლობაში. ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ საჭირო თანამშრომლების რესურსი სწორად გავთვალოთ და ერთი მხრივ, არ მოვაცდინოთ ჩვენი თანამშრომლები მაშინ, როცა ბევრ მომხმარებელს არ სჭირდება ჩვენთან დაკავშირება, ხოლო მეორე მხრივ, არ გვქონდეს დაყოვნება კომუნიკაციაში მაშინ, როცა ბევრი მომხმარებელი გვიკავშირდება.

  • რა არის ის მთავარი ძალა, რომელიც როგორც პერსონალურად თქვენ, ისე, გუნდსაც გაძლევთ მოტივაციას, რომ არ გაჩერდეთ?

ჩვენი სფერო ძალიან სწრაფად იცვლება, ბევრი სიახლე ჩნდება და ჩემთვის ეს ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს ერთ-ერთი ძირითადი მოტივაცია სწორედ ესაა - განვითარება და მუდმივად ახლის სწავლის შესაძლებლობა.

  • როგორია მონაცემთა ანალიტიკის გუნდის შორეული გეგმები, როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება გუნდი, მისი კომპეტენციები და პროექტები მომდევნო წლებში?

ჩვენი, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს განვითარების შემდეგი მიმართულება GenAI ტექნოლოგიებია. შემდეგ წლებში, ჩეტბოტებისა თუ სხვა ტიპის ასისტენტების საშუალებით, ჩვენ შევძლებთ ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო ბევრად პერსონალიზებული მომსახურება შევთავაზოთ. გარდა ამისა, GenAI ტექნოლოგიები იძლევა შიდა პროცესების მეტად ავტომატიზების შესაძლებლობას, რაც გაზრდის მომსახურების ხარისხს და შეამცირებს მის დროსა და ფასს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები